"თუ "ქართულ ოცნებას" სჭირდება ჩვენგან წასული მოღალატეები, ღმერთმა შეარგოს!" - კვირის პალიტრა

"თუ "ქართულ ოცნებას" სჭირდება ჩვენგან წასული მოღალატეები, ღმერთმა შეარგოს!"

"ეს ის თვალაბეიშვილი და ბელთაძეა, რომლებიც თავის დროზე მამალი "ნაციონალები" იყვნენ და სულიკო ასათიანის გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახს ატერორებდნენ. "ქართულ ოცნებაში" ისინი არავის სჭირდება!"

"თავისუფალი დემოკრატების" რაიონულ ორგანიზაციებს ხელმძღვანელები დღითი დღე ტოვებენ. ახლახან პარტია დატოვეს ვანის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რომან თვალაბეიშვილმა და ჯაბა ბელთაძემ. მათ "ქართული ოცნების" ოფისში ბრიფინგი მოაწყვეს და განაცხადეს, რომ ვანში "თავისუფალი დემოკრატების" პარტია აღარ არსებობს! მანამდე პარტიიდან სხვებიც წავიდნენ (მათ შორის იყო თბილისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე გიორგი ტაბიძე). რა ხდება კულუარებში და რატომ უწოდა გიორგი ცაგარეიშვილმა ამ პროცესს "დიდი ლეკიანობა"? "კვირის პალიტრას" ამ საკითხებზე "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ცაგარეიშვილი ესაუბრა.

- საქართველოს მასშტაბით რაიონული ორგანიზაციების არც ერთი თავმჯდომარე, ჯერჯერობით, დანიშნული ან არჩეული არ გვყავს. გვინდა, თითოეულ რაიონში 11-კაციანი გამგეობა გვყავდეს, რომელიც თავმჯდომარეს თავად აირჩევს. ეს პროცესი უკვე დაიწყო. ამ ვითარებაში ვიღაცები პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას იღებენ. ეს მათი ნებაა!

ხშირ შემთხვევაში, გამგებლები, გუბერნატორები ან მათი მოადგილეები ზეწოლას ახდენენ ჩვენი პარტიის წევრებზე. ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ გვყავდა 22 წლის ახალგაზრდა (გვარ-სახელი არ მახსოვს). მამამისი "ქართული ოცნების" წევრი და ამ რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეა. მან მიაღებინა შვილს ჩვენი ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება. ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემაც დატოვა თანამდებობა. ის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, კახაბერ რუსიას უახლოესი ნათესავია. მასზე დიდი ხანია მიდიოდა ზეწოლა. კიდევ ერთი ადამიანი, კალანდარიშვილი, წავიდა სენაკის ორგანიზაციიდან. გვქონდა ინფორმაცია, რომ ის ბატონ რუსიასთან თანამშრომლობდა. ახლახან ვანის რაიონის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, საკრებულოს წევრმა რომან თვალაბეიშვილმა და ჯაბა ბელთაძემ დატოვეს პარტია. ეს ის რომან თვალაბეიშვილია, რომელმაც 4-5 თვის წინ ვანის საკრებულოში ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარის პოსტი ისე დატოვა, ჩვენ არაფერს დაგვეკითხა. როცა ვკითხეთ, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, გვიპასუხა, ეს გამგებელთან საუბრის შედეგი იყოო. ამ უკანასკნელს შეუთავაზებია, თანამდებობას თუ დატოვებ, უკეთეს თანამდებობაზე დაგნიშნავთო. ჩვენ მაშინ ის არ გავრიყეთ, ჩანს, იმსახურებდა. ახლა პარტიაც დატოვა და განაცხადა, რომ "თავისუფალ დემოკრატებს" ვანში პარტიული ორგანიზაცია აღარ აქვთ. როგორც ამბობს, საკრებულოს დამოუკიდებელ წევრად რჩება. შე დალოცვილო, თუ დამოუკიდებელი წევრი ხარ, ბრიფინგებს "ქართული ოცნების" ოფისში რატომ აწყობ?! თავის დროზე, ის სიაში ბატონმა გიორგი ტაბიძემ ჩაგვასმევინა. ამ რამდენიმე ხნის წინ თავად ტაბიძემაც დატოვა თბილისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის მოადგილის პოსტი. მოგეხსენებათ, ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი თავად ვარ. ბოლო თვეებში გიორგი ოფისში არ მინახავს. მერე მოულოდნელად გავიგე, რომ ტელეარხ ჯი-დი-ესზე მიმდინარე სერიალში ("მზარეულები") როლზე დაუმტკიცებიათ(!). აი, ასე, პოლიტიკიდან პირდაპირ სერიალში წავიდა.

- ეს ის ტაბიძეა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი რომ იყო თბილისის საკრებულოში?

- დიახ. 2011 თუ 2012 წელს მოვიდა ჩვენთან და მივიღეთ.

- ახლა თქვენი პარტიიდან წამოსულები თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებენ, რომ თქვენ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების სასარგებლოდ მუშაობთ.

- ეგენი მაგიდის ქვეშ ისხდნენ და შიშით კანკალებდნენ, როცა მე და ჩემი თანამოაზრეები "ნაციონალურ მოძრაობას" ვებრძოდით ქუჩაში. ასე რომ, ჯერ პირში წყალი გამოივლონ და მერე ილაპარაკონ! რაც ჩვენს პარტიულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით ხდება, ამას "დიდი ლეკიანობა" დავარქვი. სუს-ის მეშვეობით "ქართული ოცნება" პირდაპირ დარბაზებიდან იტაცებს ჩვენს წარმომადგენლებს, მიაბრძანებენ მათ გამგებლების ან სხვა თანამდებობის პირების ოთახებში და ამუშავებენ.

- ამის დამადასტურებელი ფაქტი თუ გაქვთ?

- საიდან მექნება?! ჩამწერებით არ დავდივარ და არც აგენტები მყავს სუს-ში ან გამგეობაში. ვაცხადებ: თუ "ქართულ ოცნებას" სჭირდება ჩვენგან წასული მოღალატეები, მათი თავი ღმერთმა შეარგოს!

"კვირის პალიტრა" "თავისუფალი დემოკრატების" ვანის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს, რომან თვალაბეიშვილსაც დაუკავშირდა:

- ვემიჯნებით "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკურ გზას. მიგვაჩნია, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურება. ვადასტურებ იმ ფაქტსაც, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ვანის რაიონული ორგანიზაცია აღარ არსებობს. ჩვენ დამოუკიდებელ წევრებად ვრჩებით.

- რატომ მიიჩნევთ, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურებიან?

- ამაზე მეტის თქმას არ ვაპირებ.

- ადრე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყავით?

- ამ შეკითხვებს არ ვპასუხობ.

P.S. თვალაბეიშვილთან დაკავშირება განმეორებით ვცადეთ. "სხვაგან ვარ!" - გვიპასუხა და ტელეფონი ისევ გათიშა. მოგვიანებით "ქართული ოცნების" წარმომადგენლისა და პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთი წევრისგან მესიჯი მივიღეთ (საუბრის პრივატულობის გამო გვარს არ ვასახელებთ): "ეს ის თვალაბეიშვილი და ბელთაძეა, რომლებიც თავის დროზე მამალი "ნაციონალები" იყვნენ და სულიკო ასათიანის (26 მაისის დაღუპული. - ავტ.) გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახს ატერორებდნენ. ასე რომ, "ქართულ ოცნებაში" ისინი არავის სჭირდება!"