"ვერ ვხვდები, პოლიტიკოსების გარეშე რატომ უნდა გავაკეთო ტოქშოუ..." - კვირის პალიტრა

"ვერ ვხვდები, პოლიტიკოსების გარეშე რატომ უნდა გავაკეთო ტოქშოუ..."

"მითხრეს, რომ ჩემი გადაცემა პოლიტიკური ნიშნით არავის დაუხურავს"

"მე პოლიტიკის სფეროში მოღვაწე ჟურნალისტი ვარ და პროფესიული ღირსების შელახვადაც კი მივიჩნიე ასეთი შემოთავაზება"

გაისად, იანვრიდან, ეკა მიშველაძის ახალი ანალიტიკური ტოქშოუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავა. შეგახსენებთ, რომ ეკა მიშველაძე "პირველი სტუდიის" წამყვანი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიხურა, რასაც ჟურნალისტი პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. რა შეიცვალა ამ მოკლე ხანში და ჟურნალისტი კვლავინდებურად თვლის თუ არა, რომ მისი გადაცემა პოლიტიკური მიზეზით დაიხურა?!

ეკა მიშველაძე: - უშუალოდ ჩემი გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით "თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა" არასოდეს მიხსენებია. უბრალოდ, ამ ყველაფერს (დაიხურა ინგა გრიგოლიას გადაცემა, ასევე, ჩემი "პირველი სტუდია" საზოგადოებრივ მაუწყებელზე, "რუსთავი 2"-ის საწინააღმდეგო პროცესები დაიწყო) მედიაზე ერთიანი შეტევის ელფერი ჰქონდა. გვქონდა ინფორმაცია, რომ ყოფილ პრემიერს აღარ სურდა ძველი სახეების ნახვა ეთერში, არც დაუმალავს, რომ მედიასთან დაკავშირებით ცოტა "სხვა შეხედულებები" აქვს. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობდით, რომ გადაცემები დაიხურებოდა. ამას დაემთხვა ისიც, რომ ოფიციალურად ვერავითარი არგუმენტი ვერ მოვისმინე, თუ რატომ დაიხურა ჩემი გადაცემა, მხოლოდ "საზმაუს" გენერალური დირექტორის მრჩეველმა განაცხადა, უხერხულია, პოლიტიკური პარტიის ლიდერის ცოლი ტოქშოუს წამყვანი იყოსო. ცხადია, ეს ძალიან ბრიყვული არგუმენტი იყო.

ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია, ერთადერთი არაფორმალური შეხვედრა მქონდა. მითხრეს, აქედან არ გიშვებთ, რაღაც სხვას მოვიფიქრებთო. ამასობაში სამი თვე გავიდა და ბოლოს, გენერალურ დირექტორს და მის ორ მოადგილეს (ერთ-ერთი ახალდანიშნული გიორგი გვიმრაძეა) შევხვდი. მითხრეს, რომ ჩემი გადაცემა პოლიტიკური ნიშნით არავის დაუხურავს, უბრალოდ, სხვა გეგმები ჰქონდათ - თურმე გასართობი გადაცემა უნდა წამეყვანა. მე პოლიტიკის სფეროში მოღვაწე ჟურნალისტი ვარ და პროფესიული ღირსების შელახვადაც კი მივიჩნიე ასეთი შემოთავაზება. რა იცით, რომ გასართობ გადაცემას კარგად წავიყვან-მეთქი, - ვიკითხე. ისე, ჩემთვის არც ის უთქვამს ვინმეს, რომ პოლიტიკური ტოქშოუ ცუდად მიმყავდა. მე და გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ და - სავარაუდოდ, იანვრიდან ახალ პროექტს დავიწყებთ. ეს იქნება განსხვავებული ფორმატის გადაცემა - ანალიტიკური ტოქშოუ, შეეხება კვირის მთავარ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს და კვირაში ერთხელ გავა. ამ შემოთავაზებაში ერთ-ერთი პირობა ის არის, რომ მე არ უნდა მოვიწვიო პოლიტიკოსები.

ეს მთლად კარგად არ მესმის, მაგრამ დავთანხმდი, რადგან პოლიტიკოსების გარეშეც შესაძლებელია საინტერესო გადაცემის გაკეთება. მთავარია, ეთერში გავიდეს.

- ფიქრობთ, რომ თქვენი გადაცემის ეთერში გასვლას ხელი მაინც შეეშლება?

- დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, რომ ეს გადაცემა ეთერში გავა. თუმცა, ხავსივით ვეჭიდები იმ აზრს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მის გენერალურ დირექტორს და მენეჯმენტს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ... თუმცა, როგორც გითხარით, მაინც ვერ ვხვდები, პოლიტიკოსების გარეშე რატომ უნდა გავაკეთო ტოქშოუ... მაგრამ ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა, მე ისედაც მინდოდა გადაცემის ფორმატის შეცვლა და შესაძლოა, ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდეს.

- "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ მოვლენებზე რას ფიქრობთ?

- ძალიან ხელოვნური პროცესი მიმდინარეობს და თანაც ყველაფერი მაქსიმალურად დაჩქარებულია. ეს კი ბევრ კითხვას და ეჭვს აჩენს. არ შეიძლება ქვეყანაში ყველა ერთ ენაზე ლაპარაკობდეს და მედია კონტროლირებადი იყოს. კრიტიკული მედიის და განსხვავებული აზრის არსებობა აუცილებელია. ეს დემოკრატიული ფასეულობების განვითარებისა და ქვეყნის მომავლისთვის არის საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოებრიობა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

- 2007 წლის 7 ნოემბრიდან 2015 წლის 7 ნოემბრამდე თავისუფალი სიტყვის დაცვის თვალსაზრისით პროგრესი იგრძნობა?

- ეს ხელისუფლება მოვიდა სწორედ ამ დაპირებით, რომ სიტყვის თავისუფლებას დაიცავდა და ასეც იყო. მაგრამ მერე უცბად მედიაზე დაიწყო შეტევა, რაც ძალიან ცუდია. გადაცემების დახურვამდე და "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ასეთი ხელოვნური პროცესების დაწყებამდე საგრძნობი იყო მედიაგარემოს გაუმჯობესება. დღეს განვითარებული მოვლენები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მოხარული ვიქნები, თუ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და ეჭვი გაიფანტება. საერთოდ, მედიაში ცვლილებები ნორმალური პროცესია. ცვლილებები არგუმენტირებულად და დასაბუთებულად თუ მოხდება, მაშინ მძაფრი რეაქცია აღარავის ექნება.

ინგა გრიგოლია ახალ გადაცემას წაიყვანს?

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მალე საზოგადოება იხილავს გადაცემას, რომელსაც ერთ-ერთ არხზე ჟურნალისტი ინგა გრიგოლია წაიყვანს. ამ ინფორმაციის დასადასტურებლად ინგა გრიგოლიას დავუკავშირდით:

- ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა მოლაპარაკება... დეტალების გახმაურების უფლება ჯერჯერობით არ მაქვს. ორშაბათიდან თქვენთვის ბევრი რამ გახდება ცნობილი.