თეა წულუკიანი: ”თუ გამაგრდებიან, მაშინ...” - კვირის პალიტრა

თეა წულუკიანი: ”თუ გამაგრდებიან, მაშინ...”

ვინც ხელს შეუშლის, ან უარს იტყვის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებაზე, დაისჯება სისხლის სამართლის წესით! ეს არის აბსოლუტურად დემოკრატიული მიდგომა. ეს არ არის კუნთების ვარჯიში...

”რუსთავი 2”-თან დაკავშირებული პროცესები კინაღამ გადაფარა საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელისა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებებმა. ”აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია ”რუსთავი 2”-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუაღამეს განვითარებული მოვლენებით”, - აღნიშნული იყო ელჩის განცხადებაში.

ეს შენიშვნა გაუგებარი აღმოჩნდა თეა წულუკიანისთვის:

”საჯარო რეესტრმა გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიღო 5 ნოემბერს, 16 საათზე. 7-ის წუთებზე გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იმის გამო, რომ სამუშაო საათები დასრულებული იყო, სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 6 ნოემბერს, დილით აღასრულა. გადაწყვეტილების შუალედური, დროებითი ხასიათიდან გამომდინარე, კერძო კომპანიის დროებით მმართველებად დარეგისტრირდნენ დვალი და საყევარიშვილი. ამ დროებითი გადაწყვეტილების აღსრულება საჯარო რეესტრს ევალებოდა. მეგობრულად ვთხოვ აშშ-ის საელჩოს საქართველოში, განმიმარტოს, რას ნიშნავს ”შუაღამისას განვითარებული პროცესები” და ხელი დამიდოს იმ დოკუმენტზე, იმ პროცესზე, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა ღამით. მე პასუხს ველოდები. ის განცხადება, რომელიც აშშ-ის საელჩომ გააკეთა, არაპირდაპირ აკნინებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს, როგორც ინსტიტუტს”.

იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებას აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი გამოეხმაურა: ”ნუ მოვახდენთ ფოკუსირებას ელჩის განცხადების დეტალებზე, არამედ ვიფიქროთ იმაზე, რომ საქართველოში ახლოვდება არჩევნები და ამ პროცესის წინ მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებული პროცესები კი მშვიდობიანად და დიალოგის რეჟიმში უნდა განვითარდეს”.

მინისტრი გამოეხმაურა ნიკა გვარამიასა და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების ბრალდებასაც, თითქოს სასამართლოს დადგენილებები, კერძოდ, ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებული საქმეები, იუსტიციის მინისტრის კაბინეტში იწერება.

თეა წულუკიანი:

”დასანანია, როდესაც ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელს აქვს ამბიცია, თავი გაასაღოს საზოგადოებაში, თითქოს დამოუკიდებელია, მაშინ, როდესაც თავად იყო ”ნაციონალური მოძრაობის” განათლების მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, პროკურორი, გენპროკურორი. მას ჰგონია, წარსული გრძელდება, როდესაც მართლაც მის კაბინეტში და ადეიშვილის კაბინეტში სასამართლო გადაწყვეტილებები იწერებოდა. ეს ეპოქა 3 წლის წინ დამთავრდა, როდესაც მე ჩემი საპროკურორო უფლებამოსილებები დავუბრუნე პროკურატურას და მთავარ პროკურორს, როდესაც მოსამართლეები გავათავისუფლეთ იუსტიციის სამინისტროსგან. მართლაც რომ წერდეს, როგორც წარსულში (ღმერთმა დაგვიფაროს), იუსტიციის მინისტრი ან რომელიმე მინისტრი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ალბათ, ჩემი სტრასბურგული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა ვქნა, მაქვს ამის ამბიცია, კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებებს დავწერდი, მაგრამ მე არა ვარ მოსამართლე, არ ვაპირებ, ვიყო მოსამართლის შემცვლელი და ეს უპასუხისმგებლო განცხადებები, პირველ რიგში, აზიანებს იმ მართლმსაჯულებას, რომელიც, როგორც იქნა, გათავისუფლდა”.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა განმარტა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

”თუ დადგა აღსრულების პროცესი და მავანმა - ”ნაციონალების” ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა თქვა, - მე გავმაგრდი და აბა, მოდით, თუ ბიჭები ხართო, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ისე მოვიქცევით, როგორც ეს მშვიდ, სტაბილურ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროშია გაწერილი, ამ პროცედურას არ დავარღვევთ - გავუგზავნით წერილს გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ. ის აღასრულებს, ან იტყვის, რომ არ აღასრულებს. გავუგზავნით მეორედ... შემდეგ დაიწყება იძულებითი აღსრულების პროცესი, რომელსაც თუ არ დაემორჩილება... ოღონდ იძულებითი აღსრულების პროცესი მოვედი-წაგიყვანე არ არის, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ ის არღვევს კანონს და ვიწყებ იძულებითი აღსრულების პროცესს. თუ ისევ უარყოფითად უპასუხებ, სისხლის სამართლის დამნაშავე ხდები, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ყველას მოვალეობაა! ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი, ვიდრე მას საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს, ძალაშია და ითვალისწინებს - ვინც ხელს შეუშლის, ან უარს იტყვის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებაზე, დაისჯება სისხლის სამართლის წესით! ეს არის აბსოლუტურად დემოკრატიული მიდგომა. ეს არ არის კუნთების ვარჯიში”.