თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებს

ვანო მერაბიშვილი: ”პირველად რომ დაბეთქავენ ვიღაცას, მერე ისეთ აზარტში შევლენ, ვერ გააჩერებთ. ეს ბევრჯერ გამოვცადეთ...”

7 ნოემბრის მოვლენების გამო დღეს ქართულ ინტერნეტსივრცეში აქტუალურია მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ვასილ მაღლაფერიძის 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებული ჩანაწერი, რომელშიც, როგორც თვითონ ამბობს, 4 ნოემბერს მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართულ თათბირს აღწერს.

რაც ვნახე და მოვისმინე შს სამინისტროში

”2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა. გადავწყვიტე, ქაღალდზე გადავიტანო ის, რის შემსწრეც გავხდი გუშინ და რაზეც უკვე თითქმის ოცდაოთხი საათია, განუწყვეტლივ ვფიქრობ... მოვყვები მხოლოდ იმას, რაც ვნახე და მოვისმინე.

მხოლოდ ფაქტი გუშინ, 4 ნოემბერს, კვირას, დაახლოებით დილის 11 საათზე მობილურ ტელეფონზე დამირეკეს სამთავრობო ოთხნიშნა ნომრიდან. ქალბატონმა მითხრა, ელაპარაკეთ შს მინისტრის თანაშემწესო. ახალგაზრდა კაცი წარმომიდგა, გვარ-სახელი არ მახსოვს, პირველად გავიგე და არც მნიშვნელობა მიმინიჭებია. ძალიან ზრდილობიანად მაცნობა, დღეს, საღამოს 9 საათზე, მინისტრმა გთხოვათ გუბერნატორებს მოსვლა და ხომ შეძლებთო? დავეთანხმე.

დავურეკე ჩემს მძღოლს, ვუთხარი, მოსულიყო 20:15 წუთზე, ვიფიქრე, მიტინგის გამო გზებზე საცობებს არ შეეშალა ხელი, თუმცა, უპრობლემოდ მივედით და დაახლოებით ნახევარი საათი შსს-ს შენობის პირდაპირ, გზის გადაღმა მანქანაში ვიჯექი. დრო რომ მოვიდა, შევედი შენობაში. ლიფტთან შემხვდნენ მეორე შესასვლელიდან შემოსული დავით კირკიტაძე და ზაზა გოროზია. მეხუთე სართულზე ავედით და პირდაპირ შევედით ვანო მერაბიშვილის კაბინეტში. იქ დაგვხვდნენ ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა, კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი, ამირან მესხელი(?) (ტანმორჩილი ახალგაზრდა, რომელსაც ამირანს ეძახდა ვანო და ვიფიქრე, მესხელი თუ არის-მეთქი), რომლის თანამდებობაც არ ვიცი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი გოგა ხაჩიძე, იმერეთის გუბერნატორი კაკო ბობოხიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი, რომელიც მეორედ ვნახე და გვარი არ მახსოვს, ქვემო ქართლის გუბერნატორი ზურაბ მელიქიშვილი.

ვანო ჩქარობდა, დავიწყოთო ვიღაცამ თქვა, საცაა, მიხოც მოვაო და, მართლაც, ორ წუთში გურიის გუბერნატორი მიხო სიმონიშვილიც მოვიდა. აი, ოქრუაშვილის კიდევ ერთი კადრიც მოვიდა, - იხუმრა ვიღაცამ. ეგ აუცილებლად გენერალური პროკურორის გვერდით დასვითო (გარკვეული პერიოდის წინ, ივლის-აგვისტოში, მიხოზე საუბრები მიდიოდა და, არცთუ უსაფუძვლოდ, რომ შეიძლება ოქრუაშვილთან სიახლოვის გამო პრობლემები შეექმნასო. პროკურატურამაც დაუწყო ერთ პერიოდში ჩიჩქნა). მიხომ უხერხულად გაიცინა და მართლაც ადეიშვილის გვერდზე დაჯდა.

მელიქიშვილმა თქვა, გია ნაცვლიშვილმა (კახეთის გუბერნატორი) დამირეკა, სართიჭალას გამოვცდიო. კირკიტაძე ეხუმრა, შენ რას გირეკავს, ვიზას ხომ არ გთხოვს შენს ტერიტორიაზე გამოვლისთვისო. კაკომ საიდანღაც იაპონური ხმალი აიღო, აქეთ-იქით იქნევდა და, როგორც ყოველთვის, ხმაურობდა. ვიღაცამ უთხრა, დადე, ეგ ხმალი ხომ არ გგონია, ხარაკირის ხანჯალიაო. მაშინ სიცილით ჩემკენ გამოაცურა მაგიდაზე, მაშინ ეს ვასიკოსთვის დამითმიაო, ჩემმა ყოფილმა მოადგილემ ორი-სამი კვირის წინ მწვავე განცხადებები გააკეთა პრეზიდენტის ოჯახის წინააღმდეგ და ოპოზიციას შეუერთდა და ამაზე მეხუმრებოდა... ვანომ გაიცინა, მართალი არ გეგონოს, არ შეშინდეო. არც მეშინია, ჩემგან ერთი გადავიდა და რაც მთავრობიდან და უმრავლესობიდან ხალხი გადავიდა ოპოზიციაში, ჩემამდე იმდენს აქვს ხარაკირი გასაკეთებელი, ჩემამდე ვერც მოაღწევს ეს ხანჯალი-მეთქი, ვეხუმრე მეც. ასეთი ორაზროვანი სიამტკბილობით ვიწყებდით თათბირს.

ვანომ, გვეჩქარება, ვეღარავის დაველოდებით, დავიწყოთო. თან უგულავას უთხრა შეთამაშებული ხუმრობით, ზედმეტებმა დაგვტოვონ, ხელს ნუ გვიშლი, ოტიაშვილთან (თუ უტიაშვილთან - კარგად ვერ გავიგე) გადიო. გიგი ოთახში წინ და უკან დადიოდა და ღლაბუცობდა, ნუ არღვევ ადამიანის უფლებებსო და სვიტრს ვეძებო თუ რაღაც ესეთი. ეს ერთი სვიტრიც რომ შენ დაგიტოვო, შეირჩენ და მე რაღა ვქნაო. მერე მართლაც იპოვა სავარძელზე მიგდებული სვიტრი და გავიდა. გუშინ არ მიფიქრია, დღეს შთაბეჭდილება მრჩება, წინასწარ შეთანხმებული იყვნენ, რომ იგი ამ ლაპარაკს არ უნდა დასწრებოდა. ვანომ კიდევ იხუმრასავით (საერთოდ, მთელი თათბირი სულ სიცილ-ხითხითით მიმდინარეობდა. ოღონდ მეორე ნაწილში, რომელიც ახლა იწყება, ბევრ გუბერნატორს აღარ გვეღიმებოდა), კიდევ ვინმე ხომ არ არის ზედმეტიო, მერე გოკას შეხედა და - აი, კიდევ ერთი ზედმეტი, მაგრამ რადგან დარჩი, იყავიო. ახლა, ამ ეპიზოდს რომ ვიხსენებ, მგონია, გოკა ვერ მიხვდა, რომ უნდა გასულიყო და მას არ მართებდა იქ დარჩენა, რათა უგულავასავით ფორმალურად თეთრი ხელთათმანებით დარჩენილიყო.

ცხადია, მათ ვიწრო წრეში მოლაპარაკებული და დალაგებული ჰქონდათ, რაც შემდგომ გვითხრეს, მაგრამ ამდენ ხალხში, ასეთ საჩოთირო თემასთან დაკავშირებით ზედმეტ მოწმედ ყოფნა არაფერში სჭირდებოდა. თუმცა, ეს ფიქრი შემდგომ გამიჩნდა, მაშინ კი სხვა რამ მაინტერესებდა. ჩემი გუბერნატორობის ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში არ მომხდარა, ყველა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი ერთად შეგვხვედროდა გუბერნატორებს, მეტიც, ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც ვერ მოვახერხე ტელეფონით დავკავშირებოდი გენერალურ პროკურორს, რომელთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა, სანამ ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ძალოვანთა მხრიდან ამგვარი ყურადღება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანთან რომ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა, მაგრამ ოდნავ მაბნევდა კულტურის მინისტრის იქ ყოფნა. ძალოვანების და კულტურის მინისტრის ამგვარი სიმბიოზი უცნაური ჩანდა. ზოგადად, ვვარაუდობდი, რომ საუბარი იქნებოდა რუსთაველზე მიმდინარე აქციის რაიმე პიარკამპანიით გადაფარვაზე...

დაიწყო ვანომ, ორ საკითხთან დაკავშირებით მინდა თქვენთან საუბარიო. პირველი, უნდა იყოთ ძალიან მხნედ, ყველამ უნდა დაგინახოთ, რომ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, რაც ქუჩაში ხდებაო. ეს მხიარული (ზუსტად ეს სიტყვა გამოიყენა!) ნაწილია იმისა, რაც უნდა გითხრათ, ახლა კი სერიოზულ ნაწილზე გადავიდეთო...

- ეს ნაძირალები ძალიან გაბლატავდნენ, ორ დღეში მოინდომეს იმის წაღება, რისთვისაც ჩვენ 4 წელი ვიბრძოდით. მართალია, დიდი არაფერი ძალა არა აქვთ, მაგრამ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება. კაცმა რომ თქვას, რაიონებიდან მართლაც არ ჩამოსულა ბევრი ხალხი, მაგრამ ვინც ჩამოვიდა ან აწი ჩამოვა, ყველას უნდა მიხედვა. უკვე დავალებული აქვს კონსტიტუციურს, მაგრამ თქვენც აქტიურად უნდა ჩაერთოთ ამ პროცესში, შეადგინეთ სიები ყველა მიტინგზე ჩამომსვლელის, შეუშვით თქვენი ხალხი მიტინგზე,

არც ერთი ადამიანი არ უნდა ჩავიდეს უკან გაულახავი. არა სახალხოდ, სათითაოდ. მაგალითად, გურიიდან ან ზუგდიდიდან ჩამოსულ ადამიანს უკან გზაზე გააჩერებენ, მაგალითად, ქუთაისთან და დაუნგრევენ თირკმელებს.

გენერალური პროკურორი აგერ არის და გვაძლევს ნებართვას (სიცილით!).

- მე არაფერი გამიგია, ჩუმად ვარ და რომ მორჩება ყველაფერი, მერე გეტყვით, რას ვფიქრობ, - ეს იყო ერთადერთი და ღიმილით წარმოთქმული რეპლიკა, რომელიც ადეიშვილმა ჩემს იქ ყოფნაში თქვა (თუ მხედველობაში არ მივიღებთ შიგადაშიგ ორიოდე წამოძახილს: ”დავიჭიროთ! დედა მოვუ..ნათ!”).

-"მოკლედ, ისე უნდა გაილახოს, რომ დიდხანს ვერ დადგეს ფეხზე. სახეზე ერიდეთ, არ არის აუცილებელი, ძირითადად, თირკმელებში, მუცელში. ვინც არ იცის, როგორ, გაიარეთ კონსულტაციები ახალაიასთან."

ჩემგან მარჯვნიდან, კეზერაშვილისგან ან ახალაიასგან ისმის სიცილნარევი რეპლიკა: ”განსაკუთრებულ შემთხვევაში სახეშიც შეიძლება!”

ვანომ განაგრძო: -"განსაკუთრებულში აუცილებელიც კია, ოღონდ - განსაკუთრებულში, ასეთებიც ბევრი ვიცით (იცინის!). ვინც ცოტა მოშავოა"ან ეგეთი ტიპი, ჯიბეში ნარკოტიკი და - ბაჩოსთან! გარეთ ერთი ახალაია მოუვლით, შიგნით მეორე ახალაია დახვდებათ, - საკუთარ ხუმრობაზე საკმაოდ იცინა.

ცემა აუცილებელია, იმიტომ, რომ რაიონებში ჩადიან მიტინგებზე ნამყოფი ადამიანები და იწყებენ იქ ბლატაობას და ხალხის შემოკრებას,

გალახული კაცი არის ჩმორი საქართველოში და კარგავს ეგრევე გავლენას."

- ეს თვითონაც კარგად იციან და იმიტომ უნდოდათ ჩხოროწყუს გამგებლის გალახვა და არ დავანებეთ, - წამოიძახა გოროზიამ.

- არ დაანებე კი არა, ისა! თუ რამის თავი გქონდა, ზუგდიდში გექნა. ახალაია რომ არა, მოდიოდნენ ბედნიერად იქიდან.

გოროზიამ ჩაიბურდღუნა რაღაც და გაჩუმდა. გოგა ხაჩიძემ ითხოვა, რაღაცის თქმა მინდაო. ვანომ, გისმენთო.

- ბევრი ვიფიქრე შექმნილ ვითარებაზე და მგონი, არ იქნება ცუდი, თუ გავუშვებთ კლიპებს, სადაც მითითებული იქნება, ოპოზიციის კონკრეტული გამონათქვამები კანონის რომელ მუხლს არღვევს."

კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვანომ გააწყვეტინა:

-"არ არის ახლა ამ სისულელეების დრო, ახლა თეორიების და ჰაერში ფრენის დრო არ არის, ლაპარაკია ამ ბოზების ბოლომდე ჩატ...აზე. შექმნით ჯგუფებს. პირველად რომ დაბეთქავენ ვიღაცას, მერე ისეთ აზარტში შევლენ, ვერ გააჩერებთ. ეს ბევრჯერ გამოვცადეთ. ორი საქმე კეთდება: ბოზები იტ......ან და ჩვენი რიგები მტკიცდება. არ შეიძლება, ახლა ჩვენ ერთმანეთზე ვეჭვიანობდეთ, ასე გადავჭამთ ერთმანეთს. ამიტომ ვინც ჩვენიანია, საქმით უნდა დაამტკიცოს. თუ ვინმე ბიზნესმენია შენიშნული ოპოზიციის დაფინანსებაში, აგერ, კეზერაშვილს უთხარით და მიხედავს.

ეპარქიებთან იმუშავეთ, იმ ბიზნესმენებთან, ვინც ეპარქიებს ეხმარებიან, რომ ხალხს სისულელეები არ ელაპარაკონ. მიტინგზე გადახედეთ - ყველას გვყავს ნაცნობი სპორტსმენი, მსახიობი, ეგეთი ტიპები, დაურეკეთ, გადმოიბირეთ, დაარწმუნეთ, შეაშინეთ, თუ გინდათ - მოისყიდეთ, ოღონდ ფული არ მომთხოვოთ (იცინის). ეს სასწრაფოდ გასატარებელი ღონისძიებებია, დანარჩენს მერე მოვ....ავთ დედებს. ერთი არ უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ.

მთავარია, მიტინგზე წასვლის შეეშინდეთ, ცემა არის ამის წამალი. გაიგეთ, ვინ არიან მათი ნათესავები, მამა, ბიძაშვილი... ზოგზე ასე ვიმოქმედებთ, ზოგზე - ისე, ზოგი გაილახება, ზოგთან ფინანსური შევა, ზოგს - ჯიბეში ნარკოტიკი. ყოფილი პოლიციელები გამოსულან მიტინგზე. დედებს მოვ.....ვთ, უკვე მოვნახეთ წესიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატიმრები, რომლებიც დაწერენ, როგორ აწამებდნენ ის პოლიციელები თავის დროზე. ამათ გავუნახევრებთ, იმათ შევყრით.

ახლა არის გადამწყვეტი მომენტი და მთავარია სიმტკიცე. დალაქიშვილს ყოფა აქვს სატირებელი "დვურუშნიკობისთვის. დაურეკეს და ბლოკების დალაგება უთხრეს. ვითომ დაალაგა. ჯერ ერთი, თუ დებ, ისეთი დადე, ხელით ვერ გაწიონ, თან ორმოცდაათ ადგილას დარეკა და ატეხა პანიკა. ეს არის ჩათლახობა."

მერე ისევ სიცილით გააგრძელა:

"- სულ წუხდა ბობოხიძე და დანარჩენებიც, გუბერნატორებს ფუნქცია და უფლებები არ გვაქვსო. აჰა, უფლებებიც გაქვთ და ფუნქციაც, გამოიყენეთ. რა დრო დაგვიდგა, კაკო, შენი დახმარება რომ გვჭირდება?"

"კაკო სიტყვის მასალად თქვა, ადრესატი ყველა გუბერნატორი იყო. "

- ხვალიდანვე შეუდექით საქმეს, დაუძახეთ კონსტიტუციურს, პოლიციის უფროსებს და გააკეთეთ შტაბები. თბილისს ჩვენ მივხედავთ.

შეხვედრის დასასრულს შემოვიდა უგულავაც. მაგიდასთან არ მოსულა, ვანოს მაგიდასთან იჯდა და იქიდან გვისმენდა. უკვე ვიშლებოდით, როცა მოვიდა გია ნაცვლიშვილი და იკითხა, რაზე საუბრობდითო. ახლა შენი გულისთვის თავიდან ვერ დავიწყებ, დარჩი და მიხვდებიო.

წამოვედით. დარჩნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა, კეზერაშვილი, ახალაია, გაბაშვილი, კირკიტაძე, ნაცვლიშვილი... შეიძლება სხვა ვინმეც.

ვასილ მაღლაფერიძე, 2007 წლის 5 ნოემბერი.

ეს ჩანაწერი ინტერნეტში პირველად შარშან ივლისში გამოქვეყნდა