ქინძი, გირჩი და ციყვები - სად ეჩქარებოდათ? (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

ქინძი, გირჩი და ციყვები - სად ეჩქარებოდათ? (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახარებული ვიყავი, რომ ვეღარ მოხდებოდა დაუყოვნებლივი აღსრულება, რაც იმას ნიშნავდა, რომ არეულობას და რევოლუციურ სცენარებს გადავრჩით, რაზეც, როგორც გაირკვა, ოცნებობდა სააკაშვილი, მაგრამ ვინ გაცალა?

ვინ დაელოდა სააპელაციოს და მერე - უზენაეს სასამართლოს? ხალვაშის ადვოკატებმა კომპანიაში მენეჯმენტის შეცვლა მოითხოვეს და მოსამართლემაც ძალიან სადავო არგუმენტების მოხმობით დაუკმაყოფილა მოთხოვნა. რა თქმა უნდა, თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ხელისუფლება არაფერ შუაშია, რომ ხალვაშის ადვოკატებმა ჭკუით აჯობეს "რუსთავი 2"-ის ადვოკატებს და საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების მიუხედავად, გამოსავალი მაინც იპოვეს, რომ სამართლიანია დვალის დაბრუნება კომპანიაში, რადგან აქიმიძესა და კიწმარიშვილთან ერთად სწორედ მან დააფუძნა ეს ტელევიზია, რომ ეს სამართლიანობის აღდგენაა და ა. შ.

რა თქმა უნდა, ტელევიზიის მისი დამფუძნებლებისთვის დაბრუნება სამართლიანი იქნება, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს იმ მეთოდებით, რომლებიც ძველ ხელისუფლებას გახსენებს და უამრავ კითხვას ბადებს. ეს ვნებს ქვეყანას, ზიანს აყენებს მის საერთაშორისო იმიჯს! თუ ეს მართლაც კერძო დავაა და პროცესი პოლიტიკასა და არჩევნებს არ უკავშირდება, დალოდებოდნენ სამივე ინსტანციას, სად ეჩქარებოდათ? ძლივს პროცესი ჩაწყნარდა, სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა და ისევ უკან დაგვაბრუნეს! რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში ეს არის ბრძოლა "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის - ვინ გააკონტროლებს წინასაარჩევნოდ "რუსთავი 2"-ს. აი, ეს არის მთავარი, რადგან "ნაციონალებს" ჰგონიათ, რომ თუ ტელევიზია მათი იქნება, ხელისუფლებაში დაბრუნებას მოახერხებენ, "ოცნებას" კი ეშინია, რომ თუ ტელევიზიას დაუტოვებს, ისინი რევოლუციას ან რამე ამდაგვარს მოაწყობენ. ამ პროცესში არავის აინტერესებს არც თავისუფალი სიტყვა და არც მესაკუთრის უფლებები. ეს მხოლოდ საბაბია და ამ ბოლო გადაწყვეტილებამ ამაში დამარწმუნა. როგორც კი ნიკა გვარამიამ თქვა, მოვახერხებთ და არჩევნებამდე გავჭიმავთ სასამართლო პროცესსო, ურთმელიძემ მაშინვე ეს გადაწყვეტილება გამოიტანა. ორივე მხარეს მხოლოდ არჩევნები აინტერესებს და ცდილობენ, მანამდე შეინარჩუნონ ან ხელში ჩაიგდონ ტელევიზია, თორემ არჩევნების მერე ან ვირი მოკვდება, ან - ვირის პატრონიო. რეალურად ეს არის ორივე მხარის პოზიცია!

ხალხო, არ შეიძლება შურისძიების გრძნობას და ბოღმას ქვეყანა გადავაყოლოთ! ამიტომ იმის მიხედვით ნუ სჯით, ვის მოგწონთ "რუსთავი 2"" და ვის - არა. იმის მიხედვით იმსჯელეთ, ქვეყანას ეს პროცესი რა შედეგს მოუტანს. პრინციპში - უკვე მოუტანა კიდეც. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ყველა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა შეშფოთება გამოხატა. რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ ეს კერძო დავაა, საერთაშორისო ასპარეზზე უკვე დიდი დარტყმა მიადგა "ქართული ოცნების", როგორც დემოკრატიული ხელისუფლების, იმიჯს. ამის სანაცვლოდ რას მიიღებს "ოცნება", თუნდაც მოახერხოს და არჩევნებამდე წაართვას ტელევიზია "ნაციონალურ" მოძრაობას? ის, ვინც ამ არხზე რეიტინგულ გადაცემას ამზადებს - იქნება ეს გასართობი თუ პოლიტიკური, წავა და სხვა ტელევიზიას დააფუძნებს, ან მაგალითად, "ტაბულაში" გადავა და იქ გადაიტანს თავის გადაცემას. კეზერაშვილის წყალობით ფული მათ არ მოაკლდებათ, ხოლო მაყურებელი იმ გადაცემებს ახალ არხზეც ნახავს, მოისმენს იმას, რასაც აქამდე ისმენდა. თუ მათი პროპაგანდის ჩახშობა უნდა ხელისუფლებას, ეს მაინც არ გამოუვა! შერჩება მხოლოდ იმიჯი ხელისუფლებისა, რომელიც მედიას ებრძვის.

ქინძი, გირჩი და ციყვები

სააკაშვილმა ახალი მეტსახელი გაიჩალიჩა - "ქინძი" და ეს სახელი მას, ალბათ, ყველაზე მეტად უხდება. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, შეუძლია კიდევ ერთხელ მოუსმინოს იმ ფარულ ჩანაწერებს, რომლებიც უხვად გამოგვიქვეყნეს. "სისხლის ღვრა იქნება სტოპრო, ქინძი ვიყო", - ამბობს სააკაშვილი იმ ფარულ ჩანაწერში, სადაც, სავარაუდოდ, სოფო ნიჟარაძეს ესაუბრება. ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი სისხლის ღვრას ყველა ჩანაწერში ახსენებს. ყველას ამაზე ესაუბრება: ნიჟარაძესაც, გვარამიასაც და ბოკერიასაც. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რაღაც ვნება აქვს ამ სიტყვის მიმართ. დღეს რაც უნდა ამტკიცონ მისმა მომხრეებმა, სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ თავდაცვისთვის ემზადებოდნენო, თუ ბრმა, უფრო სწორად - ყრუ არა ხარ, მიხვდები, რომ კი არ ემზადებოდნენ, ოცნებობდნენ ამაზე. თუ მთელი პარტია არა, მათი ლიდერი და რამდენიმე ამფსონი მაინც. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით "ქართული ოცნების" გეგმები ჩაშალა თუ "ნაციონალური მოძრაობის", კიდევ საკითხავი მგონია! დღეს კი რა გვაქვს? კიდევ ერთხელ გამასხარავებული სააკაშვილი, შერცხვენილი სოფო ნიჟარაძე, რომელიც ამაზრზენად საუბრობს ერთ-ერთ ჟურნალისტზე და კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერაფერს ვერც სწავლობს, ვერც ცვლის და ვერავისაც ვერ ემიჯნება: დათა ახალაია და ჭაკუაც კი საქმეში ჰყოლიათ. ერთადერთი კარგი, რაც გავიგეთ, ესაა: ეტყობა, სააკაშვილსაც აღარ სჯერა, რომ მეორედ მოვა, თორემ ხომ იტყოდა, ნიახური ვიყოო.

კვირის ბოლოს არც ყოფილი "ნაციონალები" ჩამორჩნენ თავიანთ ლიდერს ფლორისა და ფაუნის სიყვარულში და თავიანთ ახალ პარტიას "გირჩი" დაარქვეს. ახლა გასაგებია, რატომ წამოვიდნენ "ნაციონალებიდან": კი გაგიტყდება ქინძობა, როცა გირჩობა გინდა. თუმცა, ერთი კითხვა მაინც მაქვს: ვისაც "ნაციონალური მოძრაობა" უყვარს, იმათ "ნაცებს" ვეძახით, ვისაც - "ოცნება", იმათ - "ქოცებს" და ვისაც "გირჩი" ეყვარება, იმას ციყვები უნდა დავუძახოთ?