პაატა ბურჭულაძისთვის პოლიტიკურმა საათმა უკვე ჩამოჰკრა?! - ფონდი, რომელიც, სავარაუდოდ, პარტიად იქცევა - კვირის პალიტრა

პაატა ბურჭულაძისთვის პოლიტიკურმა საათმა უკვე ჩამოჰკრა?! - ფონდი, რომელიც, სავარაუდოდ, პარტიად იქცევა

პაატა ბურჭულაძე: "ბიძინა ივანიშვილისგანაც იყო შემოთავაზება, მაგრამ არა პრეზიდენტის კანდიდატურაზე..."

"ფონდი ერთგვარი "საფიხვნო" იქნება, სადაც საზოგადოების მაქსიმალურად გააქტიურებას შევეცდებით. რაც შეეხება კონცეფციას, მის სისრულეში მოყვანის გზებს თავად ხალხი იპოვის".

"თუ ოდესმე პოლიტიკაში მოსვლას დავაპირებ, აუცილებლად მივალ უწმინდესთან და ვიდრე მის ლოცვა-კურთხევას არ მივიღებ, არაფერს გადავწყვეტ", - ეს განცხადება მსოფლიოში ცნობილმა მომღერალმა, ქველმოქმედმა პაატა ბურჭულაძემ ამ ცოტა ხნის წინ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა (იხილეთ ინტერვიუ: "ქვეყნის ყველა ლიდერი მთავაზობდა პოლიტიკაში მოსვლას"). როგორც ჩანს, ბატონმა პაატამ ლოცვა-კურთხევა უკვე მიიღო და უახლოეს მომავალში საქართველოში კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური პარტია გაჩნდება.

"ყოველთვის ვარიდებდი თავს პოლიტიკას და რამდენიც ავარიდე, არასოდეს არ წამიგია... კატეგორიული უარი სულ სხვა რამეა და ვიმეორებ, რომ ჩამოყალიბებული არ ვარ, რადგან ამაზე საკმარისად არ მიფიქრია. ჯონდი ბაღათურია გამოვიდა გუშინ, მან განაცხადა ამის შესახებ, თორემ ეს ამბავიც მერჩივნა არ გახმაურებულიყო. ისე, ეს არ მომხდარა მხოლოდ გუშინ და გუშინწინ... ჩემთან მოდის ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, არასამთავრობოები და არ შეიძლება არავის არ მოუსმინო და არ დაეთანხმო. ბიძინა ივანიშვილისგანაც იყო შემოთავაზება, მაგრამ არა პრეზიდენტის კანდიდატურაზე...". - ეს კიდევ ერთი ამონარიდია პაატა ბურჭულაძის "კვირის პალიტრისთვის" 2013 წელს მიცემული ინტერვიუდან (იხილეთ ინტერვიუ).

მოკლედ, რეგიონებში ჩატარებული ტურნეებისა და მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების სერიების შემდეგ პაატა ბურჭულაძემ ახალი ორგანიზაცია - "საქართველოს განვითარების ფონდი" დააფუძნა. მართალია, ახლადშექმნილი ფონდის მთავარ მიზნად ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია დასახელდა, თუმცა ფონდის გარშემო შემოკრებილი, პოლიტიკურად აქტიური საზოგადოება ნათლად მიგვანიშნებს, რომ საოპერო მომღერალმა პოლიტიკაში ფეხი სანახევროდ უკვე შედგა - მეტიც, ფონდის აღმასრულებელ მდივნად პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის ძმა ვანო მაჭავარიანი დაინიშნა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი ორგანიზაციების ბაზაზე ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტია საქართველოს დამოუკიდებელი ისტორიის მანძილზე არაერთხელ გვიხილავს და საოპერო მომღერალს ქველმოქმედების მრავალწლიანი გამოცდილებაც გააჩნია, დიდი ალბათობით, პაატა ბურჭულაძეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში აქტიურ მოთამაშედ ვიხილავთ. საჯარო რეესტრის მონაცემებით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი, 2015 წლის 30 ოქტომბერს დარეგისტრირდა. ამავე მონაცემებით, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარეა პაატა ბურჭულაძე. წევრები არიან: ივანე მაჭავარიანი, მერაბ ტყეშელაშვილი, ირაკლი გურჩიანი. საინტერესოა, რომ ირაკლი გურჩიანი "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დამფუძნებელია, ხოლო მერაბ ტყეშელაშვილიც ასევე ბიზნესმენია.

გავცელებული ინფორმაციით, პარტიაში იქნებიან გიორგი რუხაძე, რომელიც "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი იყო და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი, ასევე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

"კვირის პალიტრასთან" საუბრისას ოპერის მომღერალთან კონსულტაციებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძეც ადასტურებს:

- პირადად მე, ამ ეტაპზე, დამოუკიდებელ ექსპერტად ვრჩები. ვადასტურებ, რომ პაატა ბურჭულაძესაც სწორედ ამ სტატუსით რამდენჯერმე შევხვდი. მას საქართველოს განვითარების გზებზე ჩემი, როგორც პროფესიონალის ხედვები აინტერესებდა. ბუნებრივია, ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, ჩემთვისაც საინტერესოა იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც საზოგადოებაში არსებული რესურსის მაქსიმალურად გამოყენებასა და ახალი კონცეფციების ჩამოყალიბებაზე ფიქრობს.

- მსგავს კონცეფციებზე საუბარი როგორც წესი პოლიტიკურ ლოზუნგებად ტრანსფორმირდება. შეხვედრებზე ფონდის პოლიტიკურ მომავალზე არ საუბრობთ?

- ჩემი მიზანია, თუ ვინმეს მოსაზრებები აინტერესებს, მაქსიმალურად გავუზიარო. თუ მსგავსი პლატფორმა არსებობს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ?! რაც შეეხება პოლიტიკურ მიზნებს, ფონდის პოლიტიკურ აქტივობებზე არაფერი თქმულა.

- მაშინ რას ნიშნავს ფონდის კონსულტაციები პოლიტიკურად აქტიურ პირებთან, აღმასრულებელ თავმჯდომარედ კი პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ვანო მაჭავარიანის დანიშვნა?

- რამდენად ვიცი, ფონდი საზოგადოებაში არსებული ინტელექტუალური რესურსის კონსოლიდირებას ცდილობს. პირადად ჩემთვის, პოლიტიკაში ჩართვა არავის შემოუთავაზებია. ვიცი, რომ ვანო მაჭავარიანი ფონდის აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა, მასთან დავით ჯანდიერიც აქტიურად თანამშრომლობს, თუმცა ეს მხოლოდ ღია საზოგადოებრივი შეკრებაა.

- ვთქვათ, კონცეფცია ერთობლივად შეიმუშავეთ, ფონდმა მისი აღსრულება როგორ უნდა უზრუნველყოს?

- ფონდი ერთგვარი "საფიხვნო" იქნება, სადაც საზოგადოების მაქსიმალურად გააქტიურებას შევეცდებით. რაც შეეხება კონცეფციას, მის სისრულეში მოყვანის გზებს თავად ხალხი იპოვის. დანარჩენს, ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით.

"თუ ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს!" - ეს სიტყვები პაატა ბურჭულაძეს ეკუთვნის, სავარაუდოდ, მსოფლიო ბანისთვის პოლიტიკურმა საათმა უკვე ჩამოჰკრა, თუმცა იქნება თუ არა მისი პოლიტიკური მოღვაწეობა ისეთივე წარატებული, როგორც მომღერლისა და ქველმოქმედსია იყო, ამას ალბათ უკვე უახლოეს მომავალში ვნახავთ.

თუ რატომ შეიძლება გადაწყვიტოს მან პოლიტიკაში მოვლა ამის ვერსიები წაიკითხეთ სტატიაში: რა უნდა პაატა ბურჭულაძეს ქართულ პოლიტიკაში?!

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)