"მსოფლიო საგანგებო რეჟი­მზე გადავა" - კვირის პალიტრა

"მსოფლიო საგანგებო რეჟი­მზე გადავა"

(ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი)

პარიზის ტერაქტები საფუძვლიანად შეცვლის მსოფლიოს. ფრანგი ხალხის ეს უმძიმესი ტრაგედია იმის გამოძახილია, რომ სტრატეგიულად მოაზროვნე ლიდერების გარეშე დარჩენილი ევროპა უკომპასო გემივით დაცურავს მსოფლიო პოლიტიკის აზვირთებულ ოკეანეში.

ევროპა დღეს თავისი პოლიტიკის ტყვეა, რადგან ათწლეულების მანძილზე უკონტროლოდ გაუღო კარი მიგრანტთა უზარმაზარ ნაკადებს და დღეს ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებული მრავალეთნიკური და მულტირელიგიური ანკლავები თავად კარნახობენ ხელისუფალთ განვითარების პირობებს. ამავე ტრაგედიის მიზეზია 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ის მიერ ახლო აღმოსავლეთში წარმოებული პოლიტიკა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთი დაუსრულებელი ომის, ეთნიკური თუ რელიგიური დაპირისპირებისა და ტერორიზმის ასპარეზად აქცია, რომელიც მსოფლიოს ითრევს.

საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედია მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევს ბევრი მიმართულებით: დიდი ალბათობით შეიცვლება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკა; შესაძლოა, ნატო იძულებული გახდეს, დაიწყოს ფართომასშტაბიანი სამხედრო-სახმელეთო ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის, სირიაში, ერაყში და არა მხოლოდ "ისლამური სახელმწიფოს" გასანადგურებლად; ამ დროს სირიაში უკვე იმყოფება რუსეთი თავისი სამხედრო შეიარაღებით და დასავლეთი იძულებული იქნება, შეეკრას რუსეთს ისლამურ ტერორიზმთან საბრძოლველად; დასავლურ პრესაში უკვე წერენ, რომ შესაძლოა, მსოფლიო იძულებული გახდეს, შექმნას ანტიჰიტლერული კოალიციის მსგავსი გაერთიანება ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ. არც ის არის გამორიცხული, რუსეთსაც დასჭირდეს დასავლეთის დახმარება, თუ ტერორისტთა ბრძოლამ რუსეთის წინააღმდეგ დიდი მასშტაბი შეიძინა. უკანა პლანზე გადავა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემა და რუსეთს, თუ რესურსები ეყო, შესაძლოა, ხელები გაეხსნას უკრაინის მიმართულებით; რუსეთსა და დასავლეთს შორის ახლო აღმოსავლეთის თემაზე გარიგების გვერდითი ეფექტი შეიძლება გახდეს საქართველოც.

"ისლამური სახელმწიფოს" მომავალი სამიზნე დიდი ალბათობით გახდება რუსეთი, რადგან სირიაში რუსეთის სამხედრო მონაწილეობის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში მოქმედმა თითქმის ყველა ტერორისტულმა ორგანიზაციამ რუსეთს ჯიჰადი გამოუცხადა. მოსალოდნელია ვითარების გართულება ჩრდილო კავკასიაშიც, სადაც რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს "ისლამური სახელმწიფოს" ვილაიეთი. ვრცელდება ინფორმაცია "ისლამური სახელმწიფოს" ახალი ვილაიეთის საქართველოში გახსნის თაობაზეც...

შესაძლოა, დასავლეთმა ვეღარ მოიცალოს ჩვენი პრობლემებისთვის, რაც პირდაპირ გამოძახილს პოვებს რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოში...

თუმცა, მთავარი საფრთხე მაინც ტერორიზმის ჩვენს საზღვრებთან მოახლოებაა: რუსეთთან ჯიჰადის დაწყების შემთხვევაში, რაც ამ პროცესში ჩრდილო კავკასიის ჩართვასაც გულისხმობს, ტერორიზმის ტალღა შესაძლოა საქართველოსაც მოსწვდეს. არც ის არის გამორიცხული, რუსეთმა თავად უზრუნველყოს"ტერორიზმის ექსპორტი საქართველოში.

პარიზის ტერაქტების შემდეგ მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზე გადავა. საქართველოსთვისაც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, გამზადებული ჰქონდეს ტერორიზმის პრევენციისა და თავდაცვის გეგმა. ჯერ კიდევ შარშან "კვირის პალიტრაში" ვწერდი, რომ საჭიროა საქართველოში შეიქმნას ტერორიზმის კვლევის საერთაშორისო ცენტრი აშშ-ის, ნატოს წევრი ქვეყნებისა და რეგიონის სახელმწიფოების მონაწილეობით, რომელიც შეისწავლის კავკასიაში, თურქეთში, რუსეთში და ა.შ. ტერორიზმის ხელშემწყობ პირობებს, გავრცელების სავარაუდო მასშტაბს, შეიმუშავებს პრევენციულ ზომებს და უზრუნველყოფს კოორდინაციას. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ტერაქტების სერიამ ტრაგედია დაატრიალა თურქეთშიც. ამ ცენტრის შექმნა ახლაც არ არის გვიანი, რადგან ამ რეგიონში ტერორიზმის გავრცელება ვერ დარჩება ლოკალურ პრობლემად. გადაუდებელია კოორდინაცია საზღვრების გაკონტროლებისა და დაცვისთვის. უნდა აღდგეს საქართველოს აეროპორტებში ევროკავშირის სრულიად გაუგებარი მოთხოვნის შედეგად გაუქმებული ვიდეოკამერები, რომლებიც ე.წ. ფეისკონტროლს ახორციელებდნენ. რაც მთავარია, განსაკუთრებული სამუშაოა საწარმოებელი, რათა გამოირიცხოს საქართველოში რელიგიათა შორის დაპირისპირების ნებისმიერი პროვოკაციული მცდელობა. მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ისლამური ტერორიზმი, როგორც საერთო საფრთხე მსოფლიოს როგორც ქრისტიანი, ასევე მუსლიმანი თუ ნებისმიერი სხვა აღმსარებლობის ადამიანისთვის და მშვიდობიანი, საუკუნოვანი კულტურის შემქმნელი ისლამი, რომლის აღმსარებლებიც არანაკლები სისასტიკით იხოცებიან ტერორისტთა ხელით.

მთავარია, უზრუნველვყოთ საზოგადოების ერთიანობა ნებისმიერი საფრთხის წინაშე და არ გავაჩინოთ კითხვის ნიშნები რელიგიათა შორის ურთიერთობებში; ამასთან, მოვახერხოთ ის, რომ ამ დაძაბულ ფონზე დასავლეთის რადარებიდან კი არ გავქრეთ, პირიქით, დავარწმუნოთ დასავლელი პარტნიორები, რომ ჩვენს რეგიონში ტერორიზმის გაფართოების პრევენციით ისინი საკუთარ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.