”ასი, ასორმოცდაათი, ორასი წლის მერეო!..” - კვირის პალიტრა

”ასი, ასორმოცდაათი, ორასი წლის მერეო!..”

პარასკევს პარლამენტში რაც ქრისტიან-დემოკრატებმა და მისმა თანაპარტიელებმა სააკაშვილს პირში უთხრეს, ლევან გაჩეჩილაძეს მგონი მიტინგებიდან არ შეუთვლია. არასაპარლამენტო ოპოზიციამ იმდენი ეძახა საპარლამენტოს, ცრუ ოპოზიცია ხარო, რომ ეს უკანასკნელნი ეტყობა, დაკომპლექსდნენ და საპირისპიროს დასამტკიცებლად პრეზიდენტის ანგარიშის დროს წლიდან წლამდე საკუთარ გამოსვლებს სიმწვავეს უმატებენ.

პარასკევს ქრისტიან-დემოკრატებს ისე ჰქონდათ ფითილისთვის აწეული, რომ ბოლოს ვიფიქრე, ემანდ სააკაშვილი არ გაიჭვარტლოს-მეთქი. გაჭვარტლისა რა გითხრათ, მაგრამ კარგად კი შეამკეს. გიორგი თარგამაძემ სააკაშვილს სუპერმენი უწოდა, მის თანაგუნდელებს კი ორიგინალური ეპითეტი - "ავატარები" მოარგო. ორიგინალური კი იყო, მაგრამ ვეჭვობ, ნახევარი საქართველო ვერ გაიგებდა, რას გულისხმობდა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი. ამიტომ სიტყვა "ავატარის" განმარტება მკითხველისთვის საგანგებოდ მოვიძიე.

ავატარის (ავატარას) ყველაზე ძველი და შესაბამისად ყველაზე ზუსტი განმარტება ინდუისტურ რელიგიასა და ფილოსოფიაში იკითხება - ღმერთის მოვლინება მოკვდავი ადამიანის ან ცხოველის სახით. სანსკრიტზე ავატარი სულიერი სამყაროდან ყოფიერების უფრო დაბალ სფეროში ჩამოსვლას ნიშნავს. ინდუიზმში ვიშნუს, ანუ უზენაესი ღმერთის ავატარები იყვნენ კრიშნა, რამა და ა.შ. მოკლედ, გიორგი თარგამაძეს იმის თქმა უნდოდა, რომ უმრავლესობის წევრებისთვის სააკაშვილი ღმერთია, თავად ისინი კი მისი უფრო დაბალი სფეროს გამოვლინებები, ანუ ავატარები, რომლებიც მას უსიტყვოდ ემორჩილებიან. "ავატარი" პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ეკრანებზე ჯეიმს კამერონის ფილმი გამოვიდა ამავე სათაურით.

თავად სააკაშვილმა კი გაიხსენა, რომ კამერონის ახალი ფილმი სამგანზომილებიან ფორმატშია გადაღებული და მას მხოლოდ სპეციალური სათვალით თუ უყურებ. ამიტომ ოპოზიციას ურჩია მოიხსნას სათვალე და ნუ შეხედავს სამყაროს მუქ ფერებში. და ამავე კონტექსტში თქვა მთავარი: "ვეცდები, ქვეყანაში შევქმნა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლის პრეცედენტი, მაგრამ შავი სათვალით საჭესთან დაჯდომა სახიფათოა. ჰოდა, რადგან ოპოზიციას ჯერ ისევ უკეთია მუქი სათვალე, ამიტომ ეს მოხდება ორმოცდაათი, ასი, ასორმოცდაათი, ორასი წლის მერეო!.."

დაველოდოთ(?!).

ძალა ყოველთვის ერთობაშია?

"მეფე ვინმე იყო დიდებული. ოცდაათი ვაჟი ჰყავდა. რა მოიწია დრო სიკვდილისა მისისა, მოუწოდა ძეთა თვისთა, მოაღებინა ოცდაათი ისარი, შეკრა მაგრა ერთად და მოზიდა, რათა გატეხოს, და ვერ გატეხა. მერმე თითო-თითო მოზიდა და ყოველივე დალეწა. უთხრა შვილთა თვისთა:

- თუცა ერთად ხართ და ერთსა პირსა ზედა სდგეხართ, მტერი ეგრე ვერ გაგტეხთ, ვითა მე წეღან შეკრული ისარი ვერ გავტეხე; თუ გაიყრებით, ესრეთ თითო-თითოდ დაგლეწოსთ მტერმან. თავიცა მოსთხაროთ და მოყვარეცა".

წინა კვირას დავწერე, ოპოზიციას სამი გზა აქვს: ან უნდა გაერთიანდეს, ან გაერთიანების გარეშე დაბალრეიტინგულმა კანდიდატებმა ისინდისონ და ძლიერის სასარგებლოდ მოხსნან კანდიდატურები, ან ძლიერმა სუსტები უნდა ჩაძიროს-მეთქი. იმას, რაც ამ კვირაში მოხდა (ვგულისხმობ ალასანიას ჭადრაკის სასახლეში მისვლას და საერთო კანდიდატის გამოვლენის პროცესში ჩართვას), ოპოზიციის ერთი ნაწილი გაერთიანებას ეძახის, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი სწორედ მესამე გზას დაადგა, - ანუ კი არ შეუერთდა მეორეს, არამედ მისი ჩაძირვა სცადა. ალასანია თუ იქითა ფლანგზე საბოლოოდ გადაბარგდა და ალიანსიდან" წამოვიდა, ახლები და რესპუბლიკელები ძლიერი კანდიდატის გარეშე დარჩებიან და ადგილობრივი არჩევნების წინ ფავორიტებიდან აუტსაიდერებში გადაინაცვლებენ. თუმცა როგორც გვპირდებიან, ჯერ ყველაფერი წინაა.

მექსიკური სერიალი

ერთადერთი, რასაც ნოღაიდელმა ალიანსის დაშლის პირამდე მიყვანის გარდა, ნამდვილად მიაღწია, ის არის, რომ ბოლო რამდენიმე კვირა მასზე ყველა ლაპარაკობს. ზოგი ლანძღავს, ზოგი არც ლანძღავს და არც აქებს. საინტერესოა, რომ მასზე კარგის თქმა მის პოლიტიკურ პარტნიორებსაც კი უჭირთ. ისინი უბრალოდ, ცდილობენ თავი გაიმართლონ და აცხადებენ, ჩვენც არ ვეთანხმებით მას ბევრ რამეში, მაგრამ მასთან ერთ ბლოკში კი არ შევდივართ, უბრალოდ, საერთო კანდიდატის გამოვლენაში ვთანამშრომლობთ და ეს სულაც არ ნიშნავს ჩვენს გაერთიანებასო. ასეთი პასუხი იცით ყველაზე მეტად რას მაგონებს? - მექსიკური ტელესერიალების ყველაზე გავრცელებულ სიტუაციას: ქმარი რომ ცოლს საყვარელთან ლოგინში წაუსწრებს, ცოლი კი უმტკიცებს, - ეს ის არ არის, რასაც შენ ფიქრობო.

იპოვეთ ერთი განსხვავება

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც წინა კვირას ჭადრაკის სასახლეში ნოღაიდელთან ერთად გამოჩნდა, ბევრი აკრიტიკეს და მომავალშიც გააკრიტიკებენ. ამაზე მათ ერთი მთავარი პასუხი აქვთ. ამბობენ, - როდესაც ჩვენ ნოღაიდელის გამო გვაკრიტიკებთ, - ამით ხელისუფლების თამაშში ერთვებით და მის წისქვილზე ასხამთ წყალს, რადგან სწორედ ხელისუფლებას სურს სიტუაცია ისე წარმოადგინოს, თითქოს ნოღაიდელი და ჩვენ მოღალატეები ვართო. მეტიც, თქვენი ბრალდებები ზუსტად ემთხვევა გოკა გაბაშვილის და სხვების ბრალდებებსო. ასეთი პასუხით ოპოზიციის ეს ნაწილი თავისდა უნებურად ხელისუფლებას ემსგავსება, რომელიც ყველას, ვინც მას აგვისტოს ომის დროს აკრიტიკებს, რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. ამბობს, თქვენი განცხადებები ზედმიწევნით ემთხვევა პუტინის განცხადებებსო. ამიტომ მაინტერესებს, რით განსხვავდება ოპოზიციის ზემოთ ხსენებული ნაწილი ხელისუფლებისგან? ესეც არ იყოს, თუ იცი, ნოღაიდელთან შენს გაერთიანებას ხელისუფლება შენს წინააღმდეგ პიარის ასაგორებლად გამოიყენებს, რას უერთიანდები? რატომ აძლევ ხელისუფლებას ამის საშუალებას? ან იქნებ, ვინც გაკრიტიკებთ, სწორედ იმათ დაგაძალეს მასთან გაერთიანება?

KvirisPalitra.Geრატომ არის საშიში ქვეყანაში პრორუსული ფლანგის გაძლიერება

ისინი, ვისთვისაც ნოღაიდელის პუტინთან ჩახუტება დიდი პრობლემა არ არის, ამბობენ, რომ სავსებით ნორმალურია, თუ ქვეყანაში პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსები იარსებებენ. თუ არსებობენ პროდასავლელები, რატომ არ უნდა არსებობდნენ პრორუსებიო. ჯერ ერთი, დასავლეთსა და რუსეთს შორის უზარმაზარი განსხვავებაა, მაგრამ სხვაობის გარდა პრორუსული კურსი საშიშროებასაც შეიცავს.

2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსები თბილისისკენ დაიძრნენ, ისინი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დასავლეთის ზეწოლამ, კერძოდ კი აშშ-ის მტკიცე პოზიციამ შეაჩერა, მაგრამ ვფიქრობ, მათ თბილისის აღება კიდევ ერთი მიზეზის გამო გადაიფიქრეს - მათთვის ამას აზრი არ ჰქონდა. რატომ? იმიტომ არ ჰქონდა, რომ რომც აეღოთ, ვის დასვამდნენ აქ მმართველად? იმ მომენტისთვის საქართველოში არ არსებობდა მეტ-ნაკლებად გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც პრორუსულად იქნებოდა განწყობილი და საქართველოში რუსეთის ინტერესებს ლეგიტიმურად აღიარებდა. იგორ გიორგაძეს თუ ჩამოიყვანდნენ, ხალხი მას არ მიიღებდა. ახლა, როდესაც პრორუსულად ან პრორუსული პოლიტიკისადმი ლოიალურად განწყობილ პოლიტიკოსთა რიცხვი მატულობს და ეს ფლანგი ძლიერდება, რუსეთისთვის თბილისის აღებას აზრი ემატება.