"საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის ფუნქცია იტვირთა" - კვირის პალიტრა

"საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის ფუნქცია იტვირთა"

"პაპუაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ვადა გაისად ეწურება, ამიტომ სიურპრიზები მომავალში კიდევ მოსალოდნელია"

კითხვები ჩნდება იმ მოსამართლეებზეც, რომლებიც ნიკა გვარამიასთან ნათესაურ და მეგობრულ კავშირში არიან მხილებული

რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის კიდევ ერთი სარჩელი დააკმაყოფილა და ნორმა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიაში დროებითი მმართველები დაინიშნა, გააუქმა. რამდენად აკმაყოფილებს ეს გადაწყვეტილება სამართლებრივ სტანდარტებს, "კვირის პალიტრა" საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, რესპუბლიკელ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა:

- 2013 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლო განსაკუთრებით გააქტიურდა, არადა, კარგად მახსოვს, სარჩელის განხილვა კანონმდებლობით განსაზღვრულ ცხრა თვეშიც კი არ ხდებოდა. 2011 წელს ჯაშუშობისთვის დაკავებული რეპორტიორების საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში იმ ნორმის გაუქმება მოვითხოვეთ, რომლის მიხედვითაც, რეპორტიორებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა დაირღვა და საკითხზე განმწესრიგებელი სხდომა ერთი წლის შემდეგ გაიმართა. ბოლო პერიოდში კი საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებებს ისე იღებს, რომ მოპასუხე მხარეს, ფაქტობრივად, პასუხის მომზადების შესაძლებლობას არ აძლევს. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის მიმართ კი არა, მოქალაქეთა განუსაზღვრელ წრეს ეხება. მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის სარჩელზე დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ პარლამენტმა, როგორც მოპასუხე მხარემ, არც კი იცოდა, რომ განმწესრიგებელი სხდომა იმართებოდა - არადა, პარლამენტის წარმომადგენელმა გამწესრიგებელი სხდომის ჩატარებაზე ინფორმაციის მიწოდება რამდენჯერმე მოითხოვა.

- ფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო "რუსთავი 2"-ის სამართლებრივ დავაში მხარე გახდა?

- ბუნებრივია, ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაჩქარებულად ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებზეც ადრე არც კი უმსჯელია და არც განუხილავს, ეჭვებს აჩენს. კითხვები ჩნდება იმ მოსამართლეებზეც, რომლებიც ნიკა გვარამიასთან ნათესაურ და მეგობრულ კავშირში არიან მხილებული. თანაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამოქალაქო სამართალწარმოებაში მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ვთქვათ, დედას შვილის სამკურნალოდ გაყვანა საზღვარგარეთ სურს, თუმცა მეუღლესთან გაშორებულია და ქვეყნიდან ბავშვის გასაყვანად მამის თანხმობაც სჭირდება. თუ დედა ყოფილი მეუღლის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს, მოსამართლე კი ბავშვის ჯანმრთელობის გამო დედის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ავადმყოფი ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა დაუყოვნებლივ ვერ მოხდება, რადგან მასზე საკონსტიტუციო სასამართლომაც უნდა იმსჯელოს.

- გაქვთ მოლოდინი, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს საკონსტიტუციო სასამართლო მომავალშიც მიიღებს?

- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ვადა პაპუაშვილსა და კიდევ რამდენიმე მოსამართლეს გაისად ეწურებათ, ამიტომ სამართლებრივი სიურპრიზები მომავალში კიდევ მოსალოდნელია. საბოლოოდ, ვიმეორებ, ეს ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებას ხელს შეუშლის. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებით საკონსტიტუციო სასამართლომ, ფაქტობრივად, კანონმდებლის, პარლამენტის ფუნქცია იტვირთა, რაც მის კომპეტენციაში არ შედის. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზემდგომ ინსტანციებში უნდა იმსჯელონ და არა საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში საფუძვლად პოლიტიკური მოსაზრებების არსებობა ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს აზიანებს, რომლის ხელშიც კონსტიტუციური კონტროლია - ეს საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და მთლიანად სახელმწიფოს დიდ დარტყმას აყენებს.

რუსუდან შელია