აი, მესამე ხმაც მოვედი! - ბურჭულაძის ბანი პოლიტიკაში და ამბავი "ნაციონალების" კბილის კვეთისა
16-11-2015
აი, მესამე ხმაც მოვედი! - ბურჭულაძის ბანი პოლიტიკაში და ამბავი "ნაციონალების" კბილის კვეთისა
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ვისი საჩივარი ვის განჩინებაშია?!


"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით იმდენჯერ შეიცვალა გადაწყვეტილება, სიმართლე გითხრათ, ვეღარ გავიგე, ვისი საჩივარი ვის განჩინებაშია, მაგრამ საბოლოოდ მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან პროცესების ფორსირება არ მოხდება, დარჩება ძველი მმართველობა, ვიდრე ყველა ინსტანცია არ გაარკვევს, ვისია ეს არხი.


ასე აღარც მხოლოდ ერთი მოსამართლის - ურთმელიძის მიღებული იქნება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და აღარც ეჭვი გაჩნდება, რომ მაინცდამაინც არჩევნებამდე სურდა ვიღაცას ამ ტელევიზიის ხელში ჩაგდება. რა თქმა
უნდა, არსებობს ვარაუდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ისევ "ნაციონალების" ხელშია, მაგრამ ასე ვიღაცებს ისიც ჰგონიათ, რომ საქალაქოს ზოგი მოსამართლე და კონკრეტულად - ურთმელიძე ხელისუფლების კარნახით იღებს გადაწყვეტილე­ბებს. თუ ამ ვერსიას გავყვებით, გამოდის, რომ მხარეები იბრძვიან არა არგუმენტებით, არამედ - სასამართლოებით: საკონსტიტუციო საქალაქოს წინააღმდეგ. ბედის ირონიით, იმ
მუხლების უმეტესობა, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლო პანტაპუნტით აჩერებს ან აუქმებს, სწორედ "ნაციონალების" დროს არის მიღებული.

აგერ, მათ მხარდამჭერებს, რომლებსაც პარლამენტის წინ აქციაზე დეპუტატ დავით ლორთქიფანიძესთან შეხლა-შემოხლა მოუვიდათ, თეორიულად 7-წლიანი პატიმრობა ელით, რადგან ხულიგნობის მუხლი აქვთ წარდგენილი და ხულიგნობა 4-დან 7 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. ზოგჯერ მკვლელობისთვის უსჯიან 7 წელს და სამარცხვინო არ იქნება, ძიძგილაობისთვისაც 7 წელი რომ მიუსაჯონ? სამარცხვინო იქნება, მაგრამ კანონიერი! სასამართლოს შეუძლია, თქვას, რომ ეს არ იყო ხულიგნობა და მუხლი გადააკვალიფიციროს, მაგრამ ქუთაისის სასამართლოსგან ამას არ ველი. ის კი არა, ეს ხალხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც წინასწარ პატიმრობაში დატოვა!
საინტერესოა, ისინი გამოძიებას ხელს როგორ შეუშლიდნენ. მთელი ჩხუბი გადაღებულია. არც კი ვიცი, რა ვთქვა! შეიძლება კანონები უსამართლო გვაქვს, მაგრამ მათ ხომ დღეს ახალი ხელისუფლების პროკურატურა და სასამართლოც იყენებენ და თანაც - სწორედ მმართველი ძალის ოპონენტების წინააღმდეგ! თორემ დეპუტატ ღვინიაშვილის ან ჩიორა თაქთაქიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო ბრალად ხულიგნობა არავის წაუყენებია! ეს ნამდვილად არის პროკურატურის შერჩევითი სამართალი და სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება!

მოკლედ, "ნაციონალებს" კბილს თავიანთი მოწონებული კანონები კვეთს, ხელისუფლებას ეს ხელს აძლევს და სათავისოდ იყენებს, ჩვენი სასამართლო კი ისევ სამარცხვინოა! ზოგს ხელისუფლება აკონტროლებს, ზოგს - ოპოზიცია. სამართალი და სამართლიანობა ყველას ფეხებზე ჰკიდია!

აი, მესამე ხმაც მოვედი!

პოლიტიკაში ბევრი მსახიობი გვყავს, რამდენიმე რეჟისორი, ერთიც - ფეხბურთელი და სულ მალე მათ შეიძლება საოპერო მომღერალიც შეემატოს. მართალია, პაატა ბურჭულაძემ ჯერ მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაცია შექმნა, რომელსაც "საქართველოს განვითარების ფონდი" დაარქვა, მაგრამ ბევრი ასეთი ორგანიზაცია გვინახავს, არჩევნების წინ პარტიად გადაკეთებული.

(იხილეთ ასევე: პაატა ბურჭულაძისთვის პოლიტიკურმა საათმა უკვე ჩამოჰკრა?! - ფონდი, რომელიც, სავარაუდოდ, პარტიად იქცევა)

სიმართლე გითხრათ, სულაც არ ვარ წინააღმდეგი, ცნობილი ადამიანები პოლიტიკაში მოვიდნენ, თუკი ისინი გრძნობენ, რომ ეს მათი საქმეა, აქვთ პოლიტიკოსის მონაცემები და შესაბამისი ცოდნა. პოლიტიკოსის დიპლომს არც ერთ ქვეყანაში არც ერთი უნივერსიტეტი არ იძლევა. რა თქმა უნდა, არსებობს უფრო მონათესავე პროფესიები, ვიდრე მომღერლობაა, მაგალითად: იურისტობა, ეკონომისტობა, დიპლომატობა, ისტორიკოსობა და ა. შ., მაგრამ ასეთ დროს ყოველთვის იხსენებენ, რომ რეიგანი მსახიობი იყო.
მჯერა თუ არა, რომ ბურჭულაძისგან ქართველი რეიგანი გამოვა? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მას არ დავუშლიდი პოლიტიკაში მოსვლას (ან როგორ უნდა დავუშალო?). ხშირად ამბობენ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, იქ რა უნდა, ყველა რატომ მიძვრება და ა. შ. თუ პოლიტიკა ბინძურია, სწორედ იმიტომ, რომ იქ კარგი ადამიანები არ მიდიან და ასპარეზს ცუდებს უტოვებენ. თუ ყველა კარგი და პატიოსანი ადამიანი იფიქრებს, რა მინდა პოლიტიკაშიო, მაშინ არასდროს არაფერი გვეშველება, რადგან პოლიტიკა|ში მხოლოდ ცუდები დარჩებიან. მე ბურჭულაძის კარგ ადამიანობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ეჭვი მეპარება მის უნარში, გახდეს კარგი პოლიტიკოსი. ეჭვი მეპარებოდა მის ღირებულებებში, საგარეო ორიენტაციაში, რადგან რუსულ პრესასთან საბჭოთა კავშირს ტკბილად იხსენებდა და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ფონდში ისეთი ხალხი შეკრიბა, ყველა გამოკვეთილად პროდასავლური ორიენტაციისაა. ასე რომ, უკვე აღარ ვიცი, რა ვიფიქრო მის საგარეო ორიენტაციაზე, თუ ეს რამე ხრიკი არაა. საარჩევნო ველი კი მოუსუფთავებელია. ბოლო გამოკითხვებში ამომრჩევლის 62% ამბობდა, არ ვიცი, ვის მივცე ხმაო. ასე რომ, ასპარეზი არის. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
დაბოლოს, პოლიტიკოსებს ხმას ვაძლევთ ხოლმე, მაგრამ ბურჭულაძეს, თუ მართლა პოლიტიკაში მოვიდა, ალბათ, ბანი უნდა მივცეთ!
kt
21 ნოემბერი 2015 13:09
ბატონო პაატა მინდა ნამდვილად გიყვარდეთ ხალხი და სამშობლოიგვაწოთ მხოლოდ დამხოლოდ მათტვის აი მასინ ყველაფერლი კარგად იქნება
magariaa
20 ნოემბერი 2015 10:41
ხალხნო 800 ლარიამი პენსიები რომ დაიმკვიდრონ იმიტომ ხომ ხედავტ დზაღლი და მამადზაღლი საქარტველოს ბიუჯეტსს ხრავსს. აბა ჩვენსავიტ 80 ლარიან პენსიებზე ხომ არ იჯდებიან პულზე შეყვარებული მამადზაღლები.
იციტ რაა პენსია ტანასწორი უნდა იყოსს რომ ხალხისტვისაც იზრუნონ და ვერ გაექცნენ ამ საკიტხსს ყველა ვბერდებიტ და ჯანსაღი და უზრუნველი სიბერე ყბველას გვინდა, მიტუმეტესს ასეტ მგომარეობამდე ხალხი ამ ვაი ვიტომ პოლიტიკოსემა მოგვიყვანესს შევარდნადზის,სააკაშვილის და ახლანდერიმტავრობის.
gocha
19 ნოემბერი 2015 16:43
ერთი მაგი იქნება ოპოზიცია და მეორე რუსი ინაშვილი

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები