"იქნებ ამასობაში პროკურატურამაც გამოიღვიძოს"
16-11-2015
"იქნებ ამასობაში პროკურატურამაც გამოიღვიძოს"
გასულ კვირას "რუსთავი 2"-ის გარშემო მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. ჯერ საქალაქო სასამართლომ აღადგინა ტელეკომპანიაში ძველი მენეჯმენტი, შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლომ ის ნორმა გააუქმა, რომლის მიხედვითაც საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიაში დროებითი მმართველები დანიშნა.

"საბოლოო შედეგის პროგნოზირება შეუძლებელია"


"კვირის პალიტრა" "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელს, დავით დვალს ესაუბრა:

- დროებით მმართველად დანიშვნის შემდეგ რატომ გაავრცელეთ არასწორი ინფორმაცია, თითქოს ზაალ უდუმაშვილთან გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე შეთანხმდით და ეს რეესტრითაც დაამოწმეთ?
- ზაალ უდუმაშვილს ვუთხარი, თუ
თქვენი მხარე პროცესების გამო ნერვიულობს, მზად ვარ, ჩემი უფლებები გადმოგცე-მეთქი. უბრალოდ, ბრიფინგზე ჯარჯი აქიმიძემ იურიდიული ტერმინოლოგია არასწორად გამოიყენა - ეს საუბრის დროს დაშვებული ტექნიკური ხარვეზი გახლდათ.

- საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით თამაზ ურთმელიძის განჩინება გაბათილებულია. ფიქრობთ, ზედა ინსტანციებში საქმის განხილვა არჩევნებამდე არ გაჭიანურდება?
- თუ ვინმეს
ეგონა, რომ სასამართლოს პირველი ინსტანცია ზეწოლის ქვეშ იყო, იმედი მაქვს, იმავეს სააპელაციო და უზენაეს სასამართლოზე აღარ იტყვიან. საზოგადოებას დიდი ხანია ეჭვი არ ეპარება, რომ "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელმა მმართველებმა ტელეკომპანია ძალადობით ჩაიგდეს. კარგი იქნება, თუ ამას გვარამიაც აღიარებს, ეს პროცესების მშვიდობიან ჭრილში გასაგრძელებლად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ქიბარმა ეს შეძლო, როდესაც წილები მე და ჯარჯისაც გაგვინაწილა. საბოლოო შედეგის პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა იქნებ ამასობაში პროკურატურამაც გაიღვიძოს. ჩემი საჩივარი დიდი ხანია პროკურატურაში დევს.

"ნეტავ მართლა თუ ჰგონია ვინმეს, რომ სააკაშვილ-გვარამიაზე რაიმე ხაზი გადის?!"

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში:
- საყევარიშვილმა მოსამართლეს მიმართა განცხადებით და აცნობა, რომ სასამართლოს მიერ მათთვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მცდელობა რომ არ გახდეს კონფლიქტის მიზეზი და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ დააზარალოს კომპანია, დროებითი მმართველების ფუნქციის შესრულებას დავით დვალთან ერთად ერთობლივად შეუდგებოდა მხოლოდ 2015 წლის 5 ნოემბერს გამოტანილი განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ. მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო დროებითი მმართველების მხრიდან სასამართლოსთვის ამგვარი შინაარსის განცხადებით მიმართვა. ჩვენ ამ დავის ყველა ეტაპზე ვამბობდით, რომ არც ერთ შემთხვევაში არ წამოვეგებოდით სააკაშვილისა და გვარამიას დაგეგმილ პროვოკაციებს. ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი განზრახვა. ამასთან, ზაალ უდუმაშვილის უარი გენერალური დირექტორის პოსტზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გვარამიაც, ყარამანიშვილების მსგავსად, ნომინალური პერსონაა და "რუსთავი 2"–ის გადაწყვეტილებებსაც ერთი ადამიანი იღებს და ის ოდესის გუბერნატორია.

- დროებითი მმართველები ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას მთავარ მიზანს ტელევიზიის სიგნალის გათიშვა წარმოადგენდა. როგორ უნდა მოეხერხებინა ეს ტელევიზიის უფლებაშეჩერებულ ხელმძღვანელს?

- სააკაშვილისთვის თავისი მიზნების მისაღწევად ყველა გზა და ყველა მეთოდი მისაღებია. თურმე, თუ მე დავიბრუნებ ჩემს კუთვნილ "რუსთავი 2"-ს, ეს უარყოფითად აისახება საქართველოს მომავალზე და ამის გამო ევროკავშირი არ მიგვიღებს და ნატო კარს არ გაგვიღებს. ეს სასაცილოა. ამბობენ, რომ მათზე გადის საქართველოში დემოკრატიის წითელი ხაზი.

ნეტავ მართლა თუ ჰგონია ვინმეს, რომ სააკაშვილ-გვარამიაზე რაიმე ხაზი გადის, გარდა ძალადობისა და ტერორისა?!

"დავით დვალს პირდაპირ ვუთხარი..."

ზაალ უდუმაშვილი, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე: - გენერალურ დირექტორად ჩემი დანიშვნა ჩვეულებრივი ხრიკი იყო, რათა ტელევიზიას პრობლემები შექმნოდა. ამ წინადადებაზე თანხმობის მიუხედავად, ფინანსებზე წვდომა არ მექნებოდა და დირექტორი მხოლოდ ფორმალურად ვიქნებოდი, თანაც, შეეძლოთ, თანამდებობიდან მეორე დღესვე გავეთავისუფლებინე.

- გენერალურ დირექტორად თქვენი კანდიდატურა დროებით მმართველებს თავდაპირველად ნიკა გვარამიამ შესთავაზა. თქვენივე ინიციატივა რამდენიმე დღეში იმიტომ შეცვალეთ, რომ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ტელევიზიის სიგნალის გათიშვისთვის მიგეღწიათ?
- ნიკა გვარამიამ აღნიშნა, თუ გადავდგები, უდუმაშვილმა შემცვალოსო, მაგრამ როგორც გითხარით, ისინი მხოლოდ ფორმალურ მმართველობას მთავაზობდნენ. რაც შეეხება სიგნალის გათიშვის მცდელობას, "რუსთავი 2"-ის გადასარჩენად ყველა ბლოკადა ისე გადავლახეთ, ეს მაუწყებლობას არც დასტყობია. პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, ტელევიზიამ შეუჩერებლად იმუშაოს. დავით დვალს შეხვედრაზეც პირდაპირ ვუთხარი, ვითარებიდან სწორი გამოსავალი იქნება, თუ დროებითი მმართველობა გაუქმდება და დავა სასამართლოში გაგრძელდება-მეთქი. ისიც ვუთხარი, თუ ზედა ინსტანციების სასამართლო გადაწყვეტს, რომ "რუსთავი 2" თქვენია, თავს ზემოთ ძალა არ არის, თუ არადა, ტელევიზია ყარამანიშვილებს დარჩებათ და პროცესიც დასრულდება-მეთქი.

- ანუ, თუ სასამართლოს ზედა ინსტანციებშიც ხალვაშის სარჩელი დააკმაყოფილეს, მოსამართლის განაჩენს მშვიდად მიიღებთ?

- თუ სააპელაციო სასამართლომ საქმე ურთმელიძის მსგავსად განიხილა, ბუნებრივია, პოლიტიკურ ზეწოლაზე ვისაუბრებთ... დავაკვირდებით პროცესების მიმდინარეობას და მოქმედების გეგმასაც შესაბამისად განვსაზღვრავთ.

ია ანთაძე: "არ მიმაჩნია, რომ ამ ტელევიზიაზე გადის სიტყვის თავისუფლების წითელი ხაზი"


ჟურნალისტმა ია ანთაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
"მგონი, მოვიდა დრო, ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით: არ მიმაჩნია, რომ ამ ტელევიზიაზე გადის სიტყვის თავისუფლების წითელი ხაზი, ან, მით უმეტეს, ევროინტეგრაციის, პოლიტიკური ორიენტაციის, ღირებულებების და ასე შემდეგ... ჩემთვის ეს არის ტელევიზია, რომელიც ხან სამართლიანი კრიტიკის იარაღია (როგორც""ნარუშილოვკების" შემთხვევაში), ხან მანიპულაციის (როგორც გრიშენკოს შემთხვევაში). დარწმუნებული ვარ, დავით დვალი ბევრად მეტ თავისუფლებას უზრუნველყოფს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებისთვის, ვიდრე დღეს აქვთ, ან ოდესმე ჰქონიათ ბოლო მრავალი წლის განმავლობაში. თუმცა, მე, როგორც მოქალაქეს, სულ არ მეჩქარება ცვლილებები ტელევიზიაში და მზად ვარ, დაველოდო სამართლებრივი პროცესის დასრულებას. მომწონს კიდეც ეს "პაუზა, რომელიც ყველა მხარეს დაიცავს მძიმე შეცდომებისგან. სამაგიეროდ, "რუსთავი 2"-ის პროცესმა დამარწმუნა (ჩემი აზრია!), რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო ისევ და ისევ ვერ გათავისუფლდა პოლიტიკური გავლენისგან. ამას ვამბობ როგორც საკონსტიტუციო, ისე საერთო სასამართლოებზე. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ან პაპუაშვილი, ან ურთმელიძე საკუთარი ნებით იჭრიდნენ თავს მთელი ქვეყნის და, შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოს წინაშე. ასე რომ, ჩემთვის "რუსთავი 2"-ის საქმე თავისუფალი მედიისთვის კი არა, სინამდვილეში, თავისუფალი სასამართლოსთვის ბრძოლის საქმედ ჩამოყალიბდა. "რუსთავი 2" ბევრად მალე დალაგდება და გათავისუფლდება, ვიდრე სასამართლო. შესაბამისად, საზოგადოების მთავარი ამოცანა არა სიტყვის თავისუფლებისთვის, არამედ სასამართლოს გათავისუფლებისთვის ბრძოლა უნდა გახდეს - აი, ეს გავიგე "რუსთავი 2"-ის ქეისიდან.

P.S. საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით პრობლემად მიმაჩნია არა გადაწყვეტილებების შინაარსი, არამედ, მოსამართლეების მოტივაცია და ქცევა".

რუსუდან შელია
levani
16 ნოემბერი 2015 15:25
იცი რა არ მესმის, რა შუაშია რას ავრცელებს, წართმეული უნდა დაბრუნდეს თუ არა? ია ანთაძეს
ასე იქნება ეს!
16 ნოემბერი 2015 13:01
"რ_2"-ზე ასეთი გააფთრებული შეტევა მეტყველებს მხოლოდ ერთზე - ამ ხელისუფლებას, რომელმაც ყველა მიმართულებით სრული ფიასკო განიცადა, არ სურს - ვინმემ ამის თაობაზე მოსახლეობას ამცნოს!

ვთქვათ და "რ_2" ტყუილებს ავრცელებს, გყავთ მრავალი, მძლავრი შესაძლებლობების ტელარხი, ისინი "რ_2"-ს სიყალბეებს ამხელდნენ და მოსახლეობას განუმარტავდნენ, რომ საქმე სულ სხვაგვარადაა!

ამ ტელეარხის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ მის დახურვას მოჰყვება "კავკასიის" დახურვაც (მანამდე ცალკეული გადაცემები დაიხურა სხვა არხებზეც).

მერე ვუყუროთ ჯაჯანიძის შოუს ("იმედიდან" მარტო ამას დატოვებენ) და... მოსკოვის არხებს!!! გავიხსენოთ, რომ ბიძინამ 2-ჯერ დახურა მე-9 არხიც კი!



რედაქტორის რჩევით