"მოსწრებაზე არიან..." - მერიაში სერიოზული სკანდალი მწიფდება?! - კვირის პალიტრა

"მოსწრებაზე არიან..." - მერიაში სერიოზული სკანდალი მწიფდება?!

თბილისის მერით რომ უკვე მისი თანაგუნდელებიც უკმაყოფილო არიან, ამას დიდი მიხვედრა აღარ სჭირდება, თუმცა მის შესაძლო იმპიჩმენტზე ლაპარაკს მაინც დიდი სიფრთხილით ეკიდებიან.

ნარმანიას თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ შენიშვნებით უკან დაუბრუნა, რის შემდეგაც ქალაქისთავს კიდევ ორი მცდელობა აქვს ფინანსური დოკუმენტის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის მოსაწონებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინ წასვლა მართლაც მოუწევს.

საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის შენიშვნები დაახლოებით 30 გვერდს მოიცავს და შემდეგ საკითხებს შეეხება: მცირდება ხარჯები გამწვანების ღონისძიებებისთვის; ნარმანიას დაპირებული მრავალსართულიანი ავტოსადგომების მშენებლობა არც მომავალი წლის ბიუჯეტშია შესული; არ არის გათვალისწინებული სოციალური საცხოვრისების მშენებლობა; 5,8 მილიონი ლარით მცირდება სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ხარჯები და სხვ. სამაგიეროდ, იზრდება თბილისის მორთვა-მოკაზმვისა და ექსპერტებისთვის საკონსულტაციო ხარჯები 4-4 მილიონი ლარით.

შენიშვნების თანახმად, ალეკო ელისაშვილი მერისგან ითხოვს 20-ლარიან დანამატს თბილისში მცხოვრები 190 ათასი პენსიონერისთვის, რისთვისაც წელიწადში 45 მილიონი ლარია საჭირო. დამოუკიდებელი დეპუტატი ასევე ითხოვს, რომ თბილისის სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებზე 50-ლარიანი დანამატი გაიცეს. გაითვალისწინებს თუ არა ქალაქისთავი ამ და სხვა შენიშვნებს და გაზრდის თუ არა სოციალური პროგრამების დაფინანსებას, 10 დეკემბერს გახდება ცნობილი, მანამდე კი ბიუჯეტის რამდენიმე საინტერესო პარამეტრი მინდა გაგაცნოთ, რომლებზეც დეპუტატებს შეკითხვები რატომღაც არ გასჩენიათ.

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 810 მილიონი ლარით განისაზღვრა. აქედან შრომის ანაზღაურებისთვის დაახლოებით 102 მილიონი ლარია გათვალისწინებული, მაშინ, როცა შარშან ეს თანხა 43 მილიონი იყო, 2013 წელს კი - 48 მილიონი. როგორც გავარკვიეთ, თბილისის ბიუჯეტში სახელფასო ფონდი იმის ხარჯზე გაიზარდა, რომ მანამდე მერიას დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა (სსიპ) თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (აიპ) დაფინანსება სუბსიდიის მუხლით ხდებოდა, ახლა კი ეს თანხა შრომის ანაზღაურებაში ასახეს. ამავე მიზეზით ხსნიან თბილისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობის 1800 კაცით ზრდას შარშანდელთან შედარებით. თუმცა არავინ იხსენებს, რომ აქამდე მერიის დაქვემდებარებაში არსებული სახანძრო, სამაშველო და უსაფრთხოების სამსახურები ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე გადავიდნენ - სწორედ ამით ახსნა ცოტა ხნის წინ ფინანსთა მინისტრმა ჩვენი პუბლიკაციის საპასუხოდ ცენტრალური ხელისუფლების სახელფასო ფონდის 57 მილიონი ლარით გაზრდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება თბილისის ბიუჯეტს წელიწადში 21 მილიონი ლარი უჯდებოდა... საინტერესოა, რატომ არ აისახა ამ სამსახურების ცენტრალურ დაფინანსებაზე გადასვლა მერიის სახელფასო ფონდზე? ამ შეკითხვას, ალბათ, ყველაზე კვალიფიციურ პასუხს, დაინტერესების შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური გასცემს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რითაც აღნიშნული უწყება, ვფიქრობ, უნდა დაინტერესდეს. სანდო წყაროს ინფორმაციით, სუბსიდიიდან შრომის ანაზღაურებაზე გადაყვანილი სსიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლების რაოდენობა რამდენიმე ასეულით არის გაზრდილი. სწორედ გადაყვანისას "იბარტყეს" თურმე მათმა თანამშრომლებმა და თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. თუ აუდიტის სამსახური ამ დეტალებს კარგად შეისწავლის, შესაძლოა, მერია სერიოზულ სკანდალში გაეხვიოს.

მერიის სსიპ-ებსა და აიპ-ებს რომ თავი დავანებოთ და ბიუჯეტში მხოლოდ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შრომის ანაზღაურების ხარჯები ვნახოთ, 2016 წლის ბიუჯეტში ეს თანხაც იზრდება - წინა წელთან შედარებით დაახლოებით 7 მილიონი ლარით. როგორც ირკვევა, მერიის შემადგენლობაში დღეს არსებული სამი სტრუქტურული ერთეული: ქონების მართვა, არქიტექტურის სამსახური და ტექნოლოგიური განვითარების ფონდი ცალკე სსიპ-ებად არსებობდნენ და დაფინანსებას ასევე სუბსიდიის სახით იღებდნენ, ახლა კი მათი ხელფასებიც შრომის ანაზღაურების მუხლში აისახა. ესეც რომ არ იყოს, მხოლოდ ცალკე აღებული მერიის ადმინისტრაციის ხელფასები, სადაც 229 კაცი მუშაობს და დასაქმებულთა რიცხვი არც მომავალი წლისთვის იზრდება, დაახლოებით 1 მილიონი ლარით იზრდება, 6.024.000 ლარამდე.

ამასთან, მერიაში კვლავაც აქტუალურია სახელფასო დანამატებისა და პრემიების გაცემის პრაქტიკა, რისთვისაც განსაზღვრული თანხები ხშირად ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლშია გაბნეული, მაგალითად, საქონელსა და მომსახურებაში, რომელიც საკმაოდ მსუყეა - 128 მილიონი ლარი და ეს მუხლი უამრავ შტატგარეშე თანამშრომელს ინახავს. მოკლედ, ორდონიანი ავტოსადგომებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ბიუჯეტი კი მივიღეთ რამდენიმედონიანი. მართალია, ის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას სრულად ვერ ჰყოფნის, სამაგიეროდ, მერიისა და მისი ყველა სსიპ-ისა თუ აიპ-ის დაახლოებით 14 ათას თანამშრომელს ინახავს.

"საპასუხოდ გაზრდილი სახელფასო ფონდი მივიღეთ"

ირაკლი აბესაძე, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე: "საკრებულოში ბიუჯეტის შემოსვლამდე წარმოვადგინეთ ჩვენი მოსაზრებები. პირველ რიგში, იმ პირთა ხელფასების გაზრდა მოვითხოვეთ, რომლებიც მნიშვნელოვან სერვისებს აწვდიან დედაქალაქის მოსახლეობას და საკმაოდ დაბალ ანაზღაურებას იღებენ: ავტობუსის მძღოლები, კონტროლიორები, მემანქანეები, მუშები, მუზეუმის თანამშრომლები და სხვ. მათთვის ჩვენ ხელფასების ზრდას 20%-ით ვითხოვთ და ამისთვის დაახლოებით 22 მილიონი ლარი იქნება საკმარისი. მოვითხოვეთ უფასო მგზავრობის უფლების მინიჭება პედაგოგებისთვის, სოციალურად დაუცველი პირებისთვის, პენსიონერებისა და სტუდენტებისთვის. საპასუხოდ მივიღეთ 7 მილიონი ლარით გაზრდილი სახელფასო ფონდი მოხელეებისთვის, მერიის საქალაქო სამსახურებისთვის, რაიონის გამგეობებისთვის, აგრეთვე, საკრებულოს აპარატში გაზრდილი შრომის ანაზღაურების მუხლი".

"კონკრეტული პროექტები მითითებული არ არის"

ჯაბა სამუშია, თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე: "მთელ რიგ კეთილმოწყობით ღონისძიებებთან დაკავშირებით ბიუჯეტში არ არის მითითებული კონკრეტული პროექტები. რაც შეეხება სახელფასო ფონდის ზრდას, არც ერთი თანამშრომლის ხელფასი არ გაზრდილა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოხდა რანჟირება და სპეციალისტი, მაგალითად, უფროსი სპეციალისტი გახდა და ანაზღაურებაც შესაბამისად გაეზარდა. წლეულს მერიაში სამჯერ გამოცხადდა კონკურსი, ბევრი ვაკანსია არსებობდა და ეს თანხებიც სახელფასო ფონდს მოაკლდა; შეიქმნა კულტურის განყოფილება, იურიდიული სამსახური. შეგვიძლია ვიკამათოთ ამ სამსახურების საჭიროებაზე, მაგრამ ხელფასი კონკრეტულად არავის გაზრდია. თვითმმართველ ორგანოებში დღესაც გაიცემა სახელფასო დანამატი და პრემია, მაგრამ "ნაციონალების" დროს პრემიები და დანამატები, ხელფასის ორმაგი და სამმაგი ოდენობით, ყოველთვე გაიცემოდა".

"მოსწრებაზე არიან..."

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ხელფასები იზრდება და შედეგები არ არის არც ერთი მიმართულებით. ის ეპიზოდური, პატარ-პატარა ნაბიჯები, რომლებიც იდგმება, საერთო მდგომარეობას ვერ ცვლის. ამიტომ ეს მისწრაფება პრემიებისა და დანამატებისკენ მარტივ რამეს მიანიშნებს - პირები, რომლებმაც იციან, რომ შემთხვევით მოხვდნენ ამ თანამდებობაზე, არიან მოსწრებაზე, რომ როგორმე მაქსიმუმი მიიღონ. თუ ააგებ სისტემას, როცა ადამიანის დანამატი და პრემია ბუნებრივია, თუ არის შედეგები, თუ წინასწარ განსაზღვრულია, კონკრეტულმა სამსახურებმა რა შედეგს უნდა მიაღწიონ და ეს შედეგები მიღწეულია, მაშინ ცხადია, სახელმწიფო სამსახურში პრემიებსა და დანამატებს გამართლება ექნება. ჩვენთან კი არც შედეგებია, არც პარამეტრები, რომლებითაც შეგვიძლია მიმდინარე შედეგები წინა წლის შედეგებს შევადაროთ, სამაგიეროდ, გვაქვს თავშეუკავებელი ლტოლვა პრემიებისკენ. 14 ათას კაცში, რომელთაც ხელფასს, პრემიასა და დანამატს უხდის თბილისის ბიუჯეტი, შესაძლოა, 1%-იც კი არ იყოს, ვინც თავისი კვალიფიკაციის დონით დაკისრებულ მოვალეობას შეესაბამება. ხელისუფლება ვერაფერს ახერხებს იმის მეტს, რომ თავისი ახლობლები და პარტიული აქტივისტები სახელმწიფოსა და ბიუჯეტის ხარჯზე დაასაქმონ და ქმნიან ამ უაზრო სამუშაო ადგილებს, შედეგი კი მაინც არ არის. შედეგი არც იქნება, რადგან მთელი ეს საქმიანობა შედეგზე არ არის გათვლილი".