"ჩვენი ოპონენტები ხშირად მთხოვენ, რუსული ვიზების აღებაში დავეხმარო" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ოპონენტები ხშირად მთხოვენ, რუსული ვიზების აღებაში დავეხმარო"

"ზოგჯერ ჩვენი მოქალაქეები რუსეთში მეზობელი ქვეყნებიდან უვიზოდ შედიან და სამართალდამცავებთან პრობლემები აქვთ..."

პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის მთავარი საკითხი სავიზო ლიბერალიზაცია იყო. შეხვედრის დეტალებზე ზურაბ აბაშიძე გვესაუბრა:

- კარასინთან საუბარი საოკუპაციო ხაზთან არსებული მძიმე ვითარებით დავიწყე და ისიც განვაცხადე, რომ სუვერენიტეტის დარღვევის წინააღმდეგ საქართველო ყველა საერთაშორისო ბერკეტს გამოიყენებს. რაც შეეხება რუსეთში ვიზის გამარტივების საკითხს, 21-ე საუკუნეში ადამიანს გადაადგილების თავისუფლებას ხელოვნურად ვერ შეუზღუდავ...

პრაღაში გამართულ არც ერთ შეხვედრაზე რუსეთში ვიზის ლიბერალიზაციის პედალირება არ მოგვიხდენია, თუმცა, უსამართლო რეალობა მართლაც არსებობს - 2011 წელს საქართველომ რუსეთთან სავიზო მიმოსვლა გააუქმა და რუსეთის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, ჩვენი მოქალაქეები კი რუსეთში გასამგზავრებლად უამრავ სირთულეს აწყდებიან. ზოგჯერ ჩვენი მოქალაქეები რუსეთში მეზობელი ქვეყნებიდან უვიზოდ შედიან და სამართალდამცავებთან პრობლემები აქვთ. თუ სავიზო რეჟიმი გამარტივდება, ტექნიკური სირთულეებიც აღარ შეიქმნება. ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან, პარალელურად კი, ჩრდილოეთსა თუ სამხრეთში გასამგზავრებლად მოქალაქეებს ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ. ჩვენი ოპონენტები და მათი ახლობლებიც ხშირად მთხოვენ, რუსული ვიზების აღებაში დავეხმარო.

- ვინ გთხოვთ ამას და თუ ეხმარებით?

- არა, ვერ ვეხმარები, რუსეთის ვიზის მიღება ადვილი არ გახლავთ. მოწვევა უახლოესი ნათესავის ან რუსული ორგანიზაციისგან ოფიციალურად უნდა მიიღონ.

მათ ვინაობას ვერ დავაკონკრეტებ, თუმცა, ოპონენტებს, რომლებიც საჯაროდ ამ მოლაპარაკებების გამო გვაკრიტიკებენ, პირად საუბრებში კი ვიზის მიღებაში დახმარებას გვთხოვენ, რუსეთში ვიზის ლიბერალიზაცია საქმეს გაუიოლებს.

წელს საქართველოში რუსეთიდან 800 ათასი ტურისტი და დიდი რაოდენობით ფული შემოვიდა. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის საავიაციო თუ სახმელეთო გადაზიდვების რაოდენობა გაიზარდა...

- ე.წ. აფხაზეთის რკინიგზაზეც ისაუბრეთ?

- ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი ჩვენს შეხვედრაზე არ განიხილება, რადგან მეორე მხარემ ამ საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულება კარგად იცის. გვეუბნებიან, თუ ქართული მხარე რკინიგზის აღდგენით დაინტერესებულია, აფხაზებსა და მეზობლებს ესაუბრეთო, ჩვენ კი ვპასუხობთ, რომ მსგავსი ფორმულა მიუღებელია და ამით განხილვას წერტილი ესმება.

რუსუდან შელია