ვინ უთხრის ძირს ვიზა-ლიბერალიზაციას?! - კვირის პალიტრა

ვინ უთხრის ძირს ვიზა-ლიბერალიზაციას?!

გასულ კვირას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, "ნაციონალების" ლიდერები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი დასავლეთს მოუწოდებენ, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია არ მისცენ.

ეკა ბესელია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე:

"როგორც ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან და თავად მსგავსი საუბრების მომსწრე არაერთხელ ვყოფილვართ, "ნაციონალები" დასავლეთის რეზოლუციებიდან ყველა დადებითი შეფასების ამოღებასა და მათი ნეგატიური რეკომენდაციებით ჩანაცვლებას ითხოვენ. კანდელაკისა და ბაქრაძისთვის საქართველო არაფერს ნიშნავს, მეტიც, ქვეყნის წარმატება სწყინთ. ევროპელ პარტნიორებს არწმუნებენ, საქართველო ვიზის გამარტივებას არ იმსახურებს და თუ საკითხი დადებითად გადაწყდება, ევროპა მთავრობაზე ბერკეტს დაკარგავსო".

დავით ბაქრაძე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი:

- ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან საკმაოდ მწვავედ ვისაუბრეთ - "ნაციონალური მოძრაობა" ცალსახად მხარს უჭერს, რომ ქვეყანამ ვიზა-ლიბერალიზაცია მიიღოს, თუმცა "რუსთავი 2"-ში განხორციელებული ქმედებების შემდეგ, ხელისუფლების მიმართ პარტნიორებს მწვავე კითხვები გაუჩნდათ. მოლაპარაკებები "რუსთავი 2"-ში დაწყებულ ქაოსს დაემთხვა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც არ იყო ცნობილი. მეტიც, ზოგიერთი ევროპელი მეგობარი იმასაც ამბობდა, დეკემბერში საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციას მივცემთ, მაგრამ ის ძალაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ შევაო. სკეპტიკოსები კი ამ პროცესის დადებითად გადაწყვეტაზე საერთოდ უარს აცხადებდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ სერიოზული საფრთხისგან გადაგვარჩინა და საბოლოო მესიჯიც შეთანხმდა - დეკემბერში ქვეყანამ ვიზა-ლიბერალიზაცია აუცილებლად უნდა მიიღოს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოპონენტებისთვის ქვების სროლისა და ტელევიზიის ჩახშობის მცდელობაზე ევროპაში ადეკვატური რეაქცია ექნებათ. ევროპული დღის წესრიგი ვიზების მიღებით არ მთავრდება, ამიტომ დეკემბრის შემდეგ ხელისუფლებამ არ უნდა ჩათვალოს, რომ ოპოზიციასთან ბრძოლა დასავლეთისგანაც წახალისებული იქნება. ეს იყო ჩვენი საუბრის კონტექსტი.

რუსუდან შელია