"თეა წულუკიანი სიყალბისა და ფარსის ნაწილი გახდა" - რა აკავშირებს ირაკლი ალასანიას პაატა ბურჭულაძესთან?! - კვირის პალიტრა

"თეა წულუკიანი სიყალბისა და ფარსის ნაწილი გახდა" - რა აკავშირებს ირაკლი ალასანიას პაატა ბურჭულაძესთან?!

"ბურჭულაძესთან მეგობრობა მაკავშირებს, მაგრამ..."

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ დღეს რეგიონში შექმნილი მდგომარეობის ფონზე სახელმწიფომ პრევენციული ზომები უფრო აქტიურად უნდა გაატაროს.

- დღეს ტერორისტებმა ყურადღება გადაიტანეს ისეთ თავდასხმებზე, რომლებიც საშუალებას აძლევთ, უფრო მასშტაბური პროპაგანდა წამოიწყონ და დაძაბულობა შეიტანონ ევროპულ საზოგადოებაში. მათი მიზანია, საზოგადოებაში ანტიისლამური განწყობა გაამძაფრონ და ამ ფონზე მეტი მებრძოლის, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდების გადაბირება შეძლონ. ამ მეთოდოლოგიით მუშაობენ ყველგან, მათ შორის - საქართველოშიც, იქნება ეს პანკისის ხეობა თუ აჭარის რეგიონი. რელიგიური რადიკალიზმი და ექსტრემიზმი ვითარდება, როცა სოციალური ფონი მძიმეა, ხელისუფლება ვერ ახერხებს, შექმნას სამუშაო ადგილები და სოციალურად დაიცვას თავისი მოქალაქეები. ამიტომაც ამ სივრცეს ავსებენ კრიმინალური ან რელიგიური ექსტრემისტული დაჯგუფებები. პრობლემის სწრაფად მოგვარების ერთადერთი გზა არსებობს - გავაძლიეროთ საზღვრის დაცვა და კონტრტერორისტულ ცენტრს მეტი შესაძლებლობები მივცეთ. უნდა გამოიყოს თანხა, რომელიც დაიხარჯება არა მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურში, არამედ ყველა მის ცალკეულ კომპონენტში, იქნება ეს საზღვრის დაცვა თუ სხვა...

- თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა, რომ რუსეთმა ტერორიზმთან ბრძოლის მომიზეზებით, საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის ძალისმიერი ოპერაცია წამოიწყოს?

- სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, საქართველომ მიიღოს პრევენციული ზომები. კონტრტერორისტულ საკითხებში რუსეთთან ინფორმაციის გაცვლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. დღეს ჩვენ დაპირისპირებული მხარეები ვართ, მაგრამ ამ საკითხში თანამშრომლობას ხელი უნდა შევუწყოთ. ეს რუსეთს გამოაცლის ბერკეტს, ჩვენს ტერიტორიაზე ცალმხრივად ებრძოლოს ტერორიზმს. 2002-2003 წლებში ასეთი ნაბიჯები რომ არ გადაგვედგა, რუსეთს საბაბი მიეცემოდა, ცალმხრივად ჩართულიყო ოპერაციებში. გვახსოვს, კონტრტერორისტული ოპერაციების საბაბით რუსეთი როგორ ბომბავდა ჩვენს ტერიტორიას.

- შიდა პოლიტიკაზეც გკითხავთ. თქვენ ნდობას უცხადებთ იმ რეიტინგებს, რომელთაც საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ... ამ მონაცემებით, "თავისუფალი დემოკრატების" რეიტინგი არცთუ სახარბიელოა.

- წინა კვლევა ჩატარებული იყო აგვისტოში, ჩვენ კი აქტიური მუშაობა და ოფისების გახსნა სექტემბრიდან დავიწყეთ. პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში "თავისუფალ დემოკრატებს" წამყვანი პოზიცია გვიჭირავს. საზოგადოების 50%-ზე მეტს ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რომელ პარტიას მიემხროს, რაც გვაძლევს შანსს, ეს ადამიანები ჩვენს უპირატესობაში დავარწმუნოთ.

დღეს "ქართული ოცნების" რეიტინგი მცირდება, "ნაციონალური მოძრაობის" იგივე რჩება. ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელისუფლება შეცვალოს, ჩვენი პარტიაა.

- საზოგადოების ნაწილში დამკვიდრებულია აზრი, რომ თქვენი გუნდი ფარულ ალიანსშია "ნაციონალურ მოძრაობასთან"...

- ეს "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული ხმებია. როგორც სააკაშვილის რეჟიმის დროს ოპონენტებს რუსეთთან გარიგებას აბრალებდნენ, დღეს იმავე მეთოდით ცდილობს ივანიშვილის "ქართული ოცნება" "ნაციონალებთან" ჩვენს დაკავშირებას. რეალურად, თვითონ თანამშრომლობენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" - კოალიციიდან ჩვენი წამოსვლის შემდეგ უმრავლესობის რიგები სწორედ "ნაციონალებით" შეავსეს.

ამ ხმების გავრცელება ხელს აძლევს "ნაციონალურ მოძრაობასაც", რადგან რაც უფრო დისკრედიტირებული იქნება სხვა ოპოზიციური ძალა, მით დიდი ველი რჩება მათთვის. არაფერი გვაქვს საერთო "ქართულ ოცნებასთან", რადგან მათ უღალატეს პრინციპებს; ასევე არაფერი გვაქვს საერთო "ნაციონალურ მოძრაობასთან" - წარმოუდგენლად მიგვაჩნია მათი დაბრუნება ხელისუფლებაში.

- ხმებმა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ფარული გარიგების შესახებ ხომ არ დაგთრგუნათ? არსებობს საკითხები, რომლებზეც მათთან თანამშრომლობას შეძლებთ?

- "ნაციონალებთან" დაპირისპირების მაშინაც არ შემშინებია, როდესაც პოლიტიკურ ზენიტში იყვნენ, დღეს - მით უმეტეს, არანაირი კომპლექსი არ მაწუხებს. მათთან საერთოს ვერ ვხედავ, რადგან საკუთარ შეცდომებს ვერ აფასებენ. თუმცა, ზოგიერთ საკითხზე ერთნაირი პოზიციაც გამოგვიხატავს.

- გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსასვლელად ემზადება პაატა ბურჭულაძეც... ითქვა, რომ თქვენც შეგხვდათ... ასეა?

- პაატასა და მის ოჯახთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, მაგრამ ეს პოლიტიკაში არაფერს ნიშნავს. ველოდები მისი გუნდის განცხადებებს. ამის შემდეგ შემიძლია შეფასება...

- მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძე დაამტკიცეს. მოულოდნელი იყო ეს თქვენთვის?

- ერთი წლის წინ ვთქვი, რომ პოლიტიკური დაკვეთების შესრულების სანაცვლოდ შოთაძეს მთავარ პროკურორობას შეჰპირდნენ. მან წარმატებით გააგრძელა ადეიშვილის ტრადიცია, თუმცა, დაკვეთების აღსრულებაში მოიკოჭლებენ. დღეს ეს უწყება გაუცხოებულია საზოგადოებასთან, რაშიც ამ ყმაწვილს დიდი წვლილი მიუძღვის.

- თქვენი ყოფილი თანაპარტიელის, თეა წულუკიანის წვლილზე რას იტყვით?

- თეა წულუკიანი ამ პროცესის მონაწილეა... ძალიან სამწუხაროა, რომ ის ამ სიყალბისა და ფარსის ნაწილი გახდა.

ვახო ბერიძე