"კოალიციაში არავინ არავის იჭერს" - რას ერჩის ქანთარია რესპუბლიკელებს?!
30-11-2015
"კოალიციაში არავინ არავის იჭერს" - რას ერჩის ქანთარია რესპუბლიკელებს?!
"რაც შეეხება რესპუბლიკელებს, კოალიციაში არავინ არავის იჭერს. ყველას შეუძლია მისთვის სასურველი გზა მონახოს"

კოალიციაში რესპუბლიკელებსა და პარტია "ქართული ოცნების" ზოგიერთ წევრს შორის დაპირისპირება სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. თამაზ მეჭიაურის შემდეგ, რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურ რესურსებზე დეპუტატი ნუკრი ქანთარიაც ლაპარაკობს. უკავშირდება თუ არა შიდა დაპირისპირება მოახლოებულ არჩევნებსა და საარჩევნო სიაში მოსახვედრად დაწყებულ პოლიტიკურ მარათონს, "კვირის პალიტრის" კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პასუხობს:

- რესპუბლიკელები ამოჩემებული არ მყავს, უბრალოდ, საგარეჯოს არჩევნებზე მკითხეს
და მეც ვპასუხობ: რესპუბლიკურ პარტიაში პროფესიონალები არიან, მაგრამ ის პოპულარული პოლიტიკური ძალა არ გახლდათ და პარლამენტშიც დამოუკიდებლად არ შესულა.

- პარლამენტში დამოუკიდებლად უმრავლესობის არც სხვა წევრები შესულან, მაგრამ ახლა მიანიშნებთ, რომ შუალედურ არჩევნებში კოალიციის გარეშე თამარ ხიდაშელი ირმა ინაშვილთან დამარცხდებოდა?
- თამარ ხიდაშელი არჩევნებზე კოალიციის
სახელით რომ არ გასულიყო, ვერ გაიმარჯვებდა.

- რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, საგარეჯოს არჩევნებში გამარჯვებით დაამსხვრიეს მითი, რომ ისინი 1%-იანი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები არიან...
- გამარჯვება საერთო რესურსის შედეგია. ეს ნიშნავს, რომ ძალა ერთობაშია. რესპუბლიკელების პოლიტიკურ რესურსზე დეტალურად ვერ ვილაპარაკებ, ჯერჯერობით კოალიციაში ერთად ვართ.

- ფიქრობთ, რომ არჩევნებამდე თქვენი პოლიტიკური გზები გაიყრება?
- საქართველოში პოლიტიკური ერთობა მარადიული არასოდესაა.
თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდა, 2016 წლის არჩევნებზე ერთიანად გავალთ, მაგრამ არაფერია გამორიცხული და ისიც არავინ იცის, სამ-ოთხ თვეში რა მოხდება.

- ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, კოალიციის ზოგიერთ წევრს რესპუბლიკური პარტიის ირმა ინაშვილით ჩანაცვლება სურსო. თქვენც ხომ არა ხართ მათ რიგებში?
- კოალიციიდან არასოდეს არავინ გაგვირიცხავს, მათ შორის, არც "თავისუფალი დემოკრატები".
ირაკლი ალასანიას გუნდმა გაერთიანება საკუთარი სურვილით დატოვა, არასწორ დროს გაუმართლებელი რევანში გადაწყვიტეს, რასაც დღეს ნანობენ კიდეც.

- "თავისუფალი დემოკრატები" სინანულს თქვენთან პირად საუბრებში გამოხატავენ?
- ეს ისედაც ჩანს, კოალიციაში მათი ყოფნა ბევრად პროდუქტიული იყო. არასწორი გათვლა გააკეთეს. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, კოალიციაში არავინ არავის იჭერს. ყველას შეუძლია მისთვის სასურველი გზა მონახოს.

- როგორც ჩანს, კოალიციაში საუბარია რესპუბლიკელების გაერთიანებიდან შესაძლო გასვლაზე...
- ყველამ კარგად იცის, რომ დამოუკიდებლად გასვლით თავს არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაიყენებენ. ამიტომ, პრაგმატული თვალსაზრისით, ამას, ალბათ, რესპუბლიკელებიც არ მოინდომებენ.

- საარჩევნო სიების ჩამოყალიბებასთან ერთად კოალიციაში დაპირისპირება, ალბათ, უფრო მწვავე გახდება.
- სიებზე აქტიურად ვმუშაობთ, თუმცა ყველაფერი ნათელი ორ-სამ თვეში გახდება. ვიქნები თუ არა საარჩევნო სიაში, ორ თვეში გაირკვევა.

რუსუდან შელია

dali
03 დეკემბერი 2015 11:28
qantarias venacvale-simartlis kacia,mis sitkvashi kvelaperi siscorea.kvela partias ynda pirveliba,magrab ver egirsebian. qartyli ocneba aris tavkaci da nkneba.
2030
02 დეკემბერი 2015 14:30
მაგის აზროვნება აე გაიშვა
isu
02 დეკემბერი 2015 08:39
kkbs agenti

რედაქტორის რჩევით