შეუსრულებელი დაპირება, ანუ არჩევნები რომ არა, ეს ჩვენი პენსიონერები, ალბათ, არც არავის გაახსენდებოდა
30-11-2015
შეუსრულებელი დაპირება, ანუ არჩევნები რომ არა, ეს ჩვენი პენსიონერები, ალბათ, არც არავის გაახსენდებოდა
(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

მთავრობამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, პენსია 20 ლარით გაეზარდა. რომ არ გაეზარდა, არ გამოდიოდა.


საარჩევნო წელი მოდის, პენსიონერების ხმები კი მნიშვნელოვანია. ისევ 10 ლარით რომ გაეზარდა, ყველა დასცინებდა, ამიტომ გაზარდა 20 ლარით, თუმცა, ექვსი თვე "მოიპარა". პენსია 180 ლარი არა პირველი იანვრიდან, არამედ - პირველი ივლისიდან გახდება. არა, ზოგი მაინც დასცინის, მაგრამ ზოგი მადლობასაც ამბობს. მე კი ერთი კითხვა მაქვს: თუ გაზრდა შესაძლებელი იყო, თავიდანვე
რატომ არ გაითვალისწინეს ეს თანხა ბიუჯეტში? შე დალოცვილო, რაღას ალანძღვინე ხალხს თავი! როგორც კი პრემიერმა პენსიის მომატება გამოაცხადა, გამოვიდა "ნაციონალური მოძრაობა" და განაცხადა, ეს ჩვენი დამსახურებაა, ჩვენ ვითხოვდით პენსიის გაზრდასო. ამ აზრს ნაწილობრივ ვეთანხმები. მათ პენსიის მომატების მოთხოვნით დაწყებული კამპანიით მთავრობას ნათლად დაანახეს, რაოდენ მსუყე
თემა იქნებოდა პენსიები წინასაარჩევნოდ.

არჩევნები რომ არა, ეს ჩვენი პენსიონერები, ალბათ, არც არავის გაახსენდებოდა - არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, ამიტომ პენსიონერებმა თუ ვინმეს მადლობა უნდა გადაუხადონ, მხოლოდ არჩევნების მომგონს. ვერც ერთმა ხელისუფალმა - ვერც წინამ და ვერც ახალმა, ვერ მოახერხა, პენსია საარსებო მინიმუმისთვის მაინც გაეტოლებინა. მე რეალურ საარსებო მინიმუმს ვგულისხმობ და არა - საქსტატის დაანგარიშებულს, რომელიც 2015 წლისთვის ერთ შრომისუნარიან მამაკაცზე 163,3 ლარია. ჯერ კიდევ 2012 წელს ხვდებოდნენ კოალიციის ლიდერები, რომ პენსია 220 ლარი მაინც უნდა ყოფილიყო და ამას ჰპირდებოდნენ კიდეც მოსახლეობას. 2012 წლის მერე, ინფლაციას თუ გავითვალისწინებთ, დღეს 220 ლარიც არაფერია, ესენი კი საარჩევნო ციკლს ისე ასრულებენ, 180 ლარს ძლივს, დიდი დავიდარაბის მერე უწიეს.

ივანიშვილი ამბობს, მე კონკრეტული თანხა არსად მითქვამსო. მართალია, ის პენსიონერებს კონკრეტულ თანხას არ დაჰპირებია, მაგრამ ამბობდა, რეალურ საარსებო მინიმუმს გამოვიანგარიშებთ და პენსიაც იმის მიხედვით გაიზრდებაო. როგორ ფიქრობთ, 163 ლარი და 30 თეთრი რეალური საარსებო მინიმუმია? არაფერიც არ შეუცვლიათ და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ოცნება" ოთხწლიან საარჩევნო ციკლს ისე დაასრულებს, ვერც ამ დაპირებას შეასრულებს.

ჩემთვის ვერც ერთი მთავრობა ვერ ჩაითვლება წარმატებულად, ვინც პენსიონერებს ნორმალურ პირობებს ვერ შეუქმნის. ეს მხოლოდ სოციალური საკითხი არ არის. მას სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს. ხშირად ვამბობთ, ქვეყნის გაერთიანება თუ გვინდა, ეკონომიკურად ისე უნდა განვვითარდეთ, რომ აფხაზებსა და ოსებს ჩვენთან მოუნდეთ ცხოვრებაო. ცხინვალში მცხოვრებ ოს პენსიონერს რატომ უნდა მოუნდეს საქართველოში ცხოვრება,­ როცა მას პენსიას რუსეთი უხდის და ის ქართველი პენსიონერის შემოსავალზე მეტია?!
დათო
02 დეკემბერი 2015 14:50
უნდა გაუქმდეს ფულადი დახმარებები პენსიონერებზე და დაზოგილი თანხა თანაბრად განაწილდეს ყველა პენსიონერზე.
medi
02 დეკემბერი 2015 10:30
რომელ დაზღბევაზე ლაპარაკობთ თუ კისერი არ მოვიტეხე ან საშინელება არ დამემართა ისე უბრალო პროტრომბინის ანალიზს 10 ლარის გადახდის გარეშე ვერ გაიკეთებ . ასაკოვან ადამიანს სხვა ისეთი ანალიზების გაკეთებაც ჭირდება რაც პროგრამაში არ შედის ელემენტარულზეა ლაპარაკი. მარტო ექიმთან მისვლა რომ კურნავდეს ხომ კარგი წამალი როგორ უნდა შეიძინო მეტზე პრეტენზიას არც გამოვთქვამ აზრი არ აქვს აი თქვენი დაზღვევაც.
ia
01 დეკემბერი 2015 22:30
9 წლის განმავლობაში რამდენით გაზარდეს პენსია ? 1 წელზე 10 ლარიც არ გამოდის.

რედაქტორის რჩევით