ეკონომიკური ომის მოლოდინში, ანუ როგორ დავიცვათ სტრატეგიული მილსადენები (ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი) - კვირის პალიტრა

ეკონომიკური ომის მოლოდინში, ანუ როგორ დავიცვათ სტრატეგიული მილსადენები (ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი)

თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ საინტერესო შედარებები გაჩნდა დასავლეთის პრესაში:

დასავლეთი დღეს უკვე დანანებით იხსენებს თავის შეცდომებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომსა და შემდგომ დღეებში, როცა მისი პოზიცია საკმარისად მკაცრი არ იყო საქართველოში რუსული აგრესიის მიმართ. დასავლეთმა სათანადოდ ვერ შეაფასა პუტინისეული გეგმები, რუსეთმა კი დასავლეთის გულარხეინობა თავისი იმპერიული ზრახვების ირიბ ნებართვად მიითვალა და შემდეგი იყო უკრაინა და სულ ახლახან სირია, როცა მან თავისი სამხედრო ავიაციისა და შეიარაღების განლაგებით ფაქტის წინაშე დააყენა დასავლეთი. 2008 წლის აგვისტოდან პუტინის პოლიტიკა "მოვდივარ და, აბა, წინ ვინ დამიდგებით" პრინციპს ეფუძნებოდა. პუტინი ვინმეს უნდა შეეჩერებინა და შეიძლება ითქვას, თურქეთმა ეს გამოწვევა მიიღო. ლოგიკურია, რომ ეს უნდა გაეკეთებინა ნატოს წევრ ქვეყანას და ძალზე რეალური საფუძვლით: მსოფლიო მედია რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ არაერთგზის იუწყებოდა.

მთავარი კითხვა, რომელზე პასუხიც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის: ეს თურქეთის ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყო თუ საქმის კურსში ჩააყენა აშშ მაინც? თუ ეს იყო მხოლოდ თურქეთის ხელისუფლების ნაბიჯი, გამოდის, თურქეთი სულ უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი პარტნიორი ხდება "ნატოსთვის. ასეთ შემთხვევაში, რეგიონში საქართველოს, როგორც აშშ-ის ჯერ კიდევ სტაბილური პარტნიორის, ფასი იმატებს. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ პარიზის ბოლო ტერაქტის შემდეგ, საფრანგეთ-რუსეთის დაახლოება და საფრანგეთის ლტოლვა, ჩაერთო რუსეთი ანტიტერორისტულ კოალიციაში ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის სტატუსით, რაც ისედაც თავგზააბნეული ევროპის კიდევ უფრო დაქსაქსვას ნიშნავდა, ნამდვილად არ შედიოდა აშშ-ის ინტერესებში. ამ ნაბიჯით აშშ-მა, ერთი მხრივ, რუსეთი ანტიტერორისტული კოალიციის მიღმა დატოვა (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე) და მეორე მხრივ, დემორალიზებული ევროპის რღვევა შეაჩერა (ამას ითხოვდნენ სწორედ ბალტიისპირეთის ქვეყნები) და რაც მთავარია, აჩვენა მსოფლიოს, რომ რუსეთი "ნატოს არ დაუპირისპირდება. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ პასუხი გაეცა კითხვას: რამდენად თანაბარი წონა აქვს ნატოს ყველა წევრ ქვეყანას, ერთი მხრივ, რუსეთისთვის, ხოლო მეორე მხრივ, თავად ნატოს ძირძველი, წამყვანი სახელმწიფოებისთვის? ნებისმიერ შემთხვევაში, რეგიონში დაძაბულობის ხარისხი და კიდევ უფრო მეტი ესკალაციის რისკი ერთიათად გაიზარდა. ვისი მხარე უნდა დაიჭიროს საქართველომ თურქეთ-რუსეთის დაპირისპირებაში? - ამ საკითხით საზოგადოების მანიპულირება უაღრესად სახიფათოა. ვინ ჰკითხავს საქართველოს მხარდაჭერას: ამ გლობალური კატასტროფის შემთხვევაში საქართველო უშუალო საბრძოლო მოედნად იქცევა. სწორედ ამიტომ თავზე ნაცრის წაყრა და მიყრუება ჩვენივე უსაფრთხოებისთვის დაუშვებელია. საქართველოს ხელისუფლებას სწორედ ახლა აქტიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან: აშშ-თან, ნატოსთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ეს იყო თურქეთის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, თუ აშშ-თან შეთანხმებული ნაბიჯი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, და ასეთ შემთხვევაში, რეგიონში დაძაბულობის ზრდასთან ერთად, უსაფრთხოების რა ზომებს განიხილავს ნატო თავისი წევრი თურქეთის დასაცავად და რისთვის შეიძლება ვიყოთ მზად. გასაგებია, რომ ნატოს უსაფრთხოების ქოლგა ამ ეტაპზე ვერ დაიცავს საქართველოს, მაგრამ ჩვენ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, იმის პრეტენზია მაინც უნდა გვქონდეს, რომ საქართველოსკენ მომართული რისკების მინიმიზაცია მოვითხოვოთ. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების აშშ-სა და ნატოსთან ურთიერთობის ხარისხიდან გამომდინარე, ასეთი ტიპის ნდობაზე დამყარებული კომუნიკაციის ალბათობა საკმაოდ მცირეა.

არადა, აქტიური კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთი-ნატოს სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილება არ ნიშნავს, რომ რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ სხვა ზომებს არ მიმართავს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თურქეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოშლა შეიძლება იყოს: თუნდაც დივერსიული აქტები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნავთობ და გაზსადენებზე, მათ შორის, საქართველოზე გამავალზე. გვაქვს თუ არა მილსადენების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით აქტიური კომუნიკაცია თურქეთთან ან აზერბაიჯანთან?! არც ის დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის ერთი ნაწილი რუსეთმა თავის კონტროლქვეშ მოაქცია.

ამასთან, რუსეთ-თურქეთის მასშტაბური ეკონომიკური ომის შემთხვევაში, შედეგები საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე იქნება, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება უკვე უნდა ემზადებოდეს. თუ ამას დავუმატებთ ტერორიზმის გაზრდილ საფრთხეს რეგიონში, მივხვდებით, თუ როგორი გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქვეყანა. რამდენად მზად არის ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ჩვენი ხელისუფლება, ძნელი სათქმელია. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენ არსებული რისკებისა და საფრთხეების აღნუსხვა-გაანალიზებაში მარტო არა ვართ, რადგან დღეს რეგიონის ქვეყნები, ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, იმდენად მჭიდროდ არიან ერთმანეთთან გადაჯაჭვული, როგორც არასდროს. მაქსიმალური წინდახედულობა და სიფრთხილე, ისევე როგორც აქტიური კომუნიკაცია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.