რა ესაქმება კიევის ყოფილ მერს ქართულ პოლიტიკაში?! - სააკაშვილი უკრაინაში, ჩერნოვეცკი - საქართველოში - კვირის პალიტრა

რა ესაქმება კიევის ყოფილ მერს ქართულ პოლიტიკაში?! - სააკაშვილი უკრაინაში, ჩერნოვეცკი - საქართველოში

"ვინც მეგის ქარდავას იპოვის და ჩააბარებს პოლიციას, პირადად ჩემგან გადაეცემა 150 000 დოლარი"

კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს, პოლიტიკურ პარტიას, სახელწოდებით, "ბედნიერი საქართველო" აფუძნებს. ეს განცხადება ყოფილმა ჩინოვნიკმა დღეს ქობულეთში ჟურნალისტებთან სეხვედრისას გააკეთა. მას არ დაუკონკრეტებია თუ ვინ იქნება მის პარტიაში, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მწამებლებთან არ ითანამშრომლებს, რაშიც, სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობა" იგულისხმა.

ჩერნოვეცკიმ ასევე, განაცხადა, რომ ის, ვინც მეგის ქარდავას პოლიციაში მიიყვანს, პირადად უკრაინელი ბიზნესმენისგან საჩუქრად მიიღევს 150 000 დოლარს. "ვინც მეგის ქარდავას იპოვის და ჩააბარებს პოლიციას, პირადად ჩემგან გადაეცემა 150 000 დოლარი, თუ უფრო მეტს მოითხოვს, მეტსაც გადავუხდი".

კიევის ყოფილი მერი ქობულეთში უკვე ხუთი წელია ცხოვრობს. მან საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო. როგორც ჩანს, უკრაინასა და საქართველოს შორის პოლიტიკოსთა გაცვლა-გამოცვლა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. შეგახსენებათ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ოდესის ოლქის გუბერნატორი და პრეზიდენტ პოროშენკოსთან დაახლოებული პირია, საქართველოდან ჩასული სხვა პოლიტიკოსებიც არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებენ.

ექსპერტთა თქმით, ჩერნოვეცკის პოლიტიკური პარტიის შესაქმნელად ფინანსური რესურსები ნამდვილად აქვს, საკითხავია ადამიანურ რესურსს სად იპოვის და ვის პოლიტიკურ ორბიტაზე "ამობრწყინდება" მისი ვარსკვლავი. აღსანიშნავია ერთიც, ჩერნოვეცკის უკრაინაში არაერთ კორუფციულ გარიგებაში სდებდნენ ბრალს.

იხილეთ ასევე: "თითქოს ვიღაცის კოშმარულ სიზმარში ვართ ჩარჩენილები"