"პატრიარქს შეწყალების უფლება თუ ექნება, ყველა უნდა შეიწყალოს?" - როგორ ეხმაურებიან ახალ ინიციატივას "ფეისბუკზე" - კვირის პალიტრა

"პატრიარქს შეწყალების უფლება თუ ექნება, ყველა უნდა შეიწყალოს?" - როგორ ეხმაურებიან ახალ ინიციატივას "ფეისბუკზე"

"უნდა განიმარტოს, ერის წინამძღოლისა და ბრძენის სტატუსი მხოლოდ მოქმედ პატრიარქს ეხება თუ ის ავტომატურად მემკვიდრეობით გადავა მომდევო პატრიარქებზეც?"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს. "ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს", - ბრძანა უწმინდესმა.

იხილეთ: "პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს"

პატრიარქის ინიციატივას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, რომელიც პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების საკითხზე პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. შესაბამისად, უწმინდესის თხოვნის საფუძველზე, მთავრობის მეთაური საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართავს", - ნათქვამია საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასჯელაღსრულების მინისტრის, კახა კახიშვილის განცხადებით, პატრიარქი ერის წინამძღვარია და მას პატიმრის შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს.

როგორც ცნობილია, მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. კონსტიტუციის თანახმად კი, პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. კონსტიტუციის 73-ე მუხლის "პ" ქვეპუნქტის თანახმად მსჯავრდებულებს პრეზიდენტი იწყალებს. ამასთან, პატიმართა შეწყალების საკითხებს პრეზიდენტის ბრძანებულება არეგულირებს. პრეზიდენტის ბრძანების ფარგლებში მოქმედებს შეწყალების კომისია, რომელიც შეწყალებასთან დაკავშირებით პატიმართა განცხადებებს განიხილავს და შესაბამისი რეკომენდაციით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. გაჩნდა მოსაზრება, რომ პატრიარქის ეს ინიციატვა, პერზიდენტზე გაბრაზებულმა მთავრობამ შესაძლოა სწორედ მისი უფლებმოსილების კიდევ უფრო შესკევცად გამოიყენოს...

პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების საკითხს დღეს აქტიურად განიხილავდნენ "ფეისბუკშიც", გთავაზობთ რამდენიმე ასეთ განცხადებას:

ლელა გაფრინდაშვილი, ფილოსოფოსი:

"როცა საპატრიარქოს შეწყალების უფლება ჰქონდა:

ჩემი ნაცნობი, პატიმრის დედას სასულიერო პირთან დაახლოებულმა ადამიანმა 2000 დოლარი მოსთხოვა. დედამ ლარებით გადაუხადა.

"კეთილისმყოფელმა" ვერაფერი გააკეთა. დიდი ბრძოლის შემდეგ, ფულის ნაწილი უკან დაუბრუნა ეტაპობრივად, დოლარის იმ კურსით, რომელიც გადახდის მომენტში იყო. თუმცა 1000 ლარი მაინც დააკლო.

მინდა მოვისმინო არაკორუფციული მაგალითები!"

ია ანთაძე, ჟურნალისტი:

"ერთი რამ ვერ გავიგე. პატრიარქს შეწყალების უფლება თუ ექნება, ფაქტობრივად, ყველა უნდა შეიწყალოს.

აბა, როგორ გამოარჩევს ერთმანეთისგან "დაკარგულ ცხვრებს"?

როგორ ეტყვის ვინმეს, შენ ვერ შეგიწყალებო?"

პაატა ქურდაძე, მწერალი, დოკუმენტალისტი:

"იურისტები და კონსტიტუციონალისტები ალბათ დამეთანხმებიან, ის რომ კახიშვილს ასე მიაჩნია არ არის საკმარისი, იმისათვის რომ პატრიარქს განსაკუთრებული, ნორმის მიღმა უფლებები მიენიჭოს, პირველ რიგში საჭიროა კონსტიტუციონალურად ზუსტად განიმარტოს რომ პატრიარქი ერის წინამძღოლი და ყველაზე ბრძენი კაცია, რაც ოფიციალური საფუძველი გახდება იმისთვის, რომ დადგეს კანონზე მაღლა... აგრეთვე უნდა განიმარტოს, ერის წინამძღოლისა და ბრძენის სტატუსი მხოლოდ მოქმედ პატრიარქს ეხება თუ ის ავტომატურად მემკვიდრეობით გადავა მომდევო პატრიარქებზეც? საერთოდ მე რომ ვინმე ჭკუას მეკითხებოდეს, ავლაბარს მართლმადიდებლურ ვატიკანად გადავაქცევდი,

"...მეც მიმაჩნია, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს ნამდვილად უფლება, ერის წინამძღვარია, მასზე ბრძენი ადამიანი არ ვიცი ახლა რა ვინ არის, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა ჰქონდეს მას შეწყალების უფლება." - ამბობს სასჯელაღსრულების მინისტრი."

ლევან ალაფიშვილი, იურისტი:

"სახიფათო პოლიტთამაშები არ წამოვიწყოთ. პრემიერის სიტყვებზე "შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდის" თაობაზე უნდა გავიხსენოთ რომ შეწყალების საკითხთა კომისიის წევრი იყო და არის (!) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი (!), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე."