"საარჩევნო სიაში პროფესიონალი და გუნდის ერთგული ადამიანები მოხვდებიან" - კვირის პალიტრა

"საარჩევნო სიაში პროფესიონალი და გუნდის ერთგული ადამიანები მოხვდებიან"

"ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ვერავის გავახარებ - მომავალ არჩევნებში კოალიცია ამ შემადგენლობით გავა"

ვიხილავთ თუ არა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში შს მინისტრის მოქმედ მოადგილე არჩილ თალაკვაძესა და საქართველოს განათლების მინისტრის მრჩეველ ოთარ აბესაძეს, ამასთან, გახდება თუ არა ყოფილი პრემიერი მმართველი გუნდის საარჩევნო სიის პირველი ნომერი, "კვირის პალიტრის" კითხვებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი პასუხობს:

- არ გამოვრიცხავ, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არჩილ თალაკვაძის ან ოთარ აბესაძის კანდიდატურები განიხილებოდეს. საარჩევნო სიაში პროფესიონალი, პატრიოტი და გუნდის ერთგული ადამიანები მოხვდებიან.

- პარტიის აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს არ დაუმალავს, რომ გუნდის გასაახლებლად მოლაპარაკებები ინტელექტკლუბის წევრებთანაც მიმდინარეობდა.

- ინტელექტკლუბის წარმომადგენლებთან კონსულტაციები არ გვქონია.

- პარტიის წევრების ნაწილი ღიად აფიქსირებს, რომ საკუთარი თავი მომავალ პარლამენტში, მაგალითად "რესპუბლიკელებთან", ვერ წარმოუდგენია.

- ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ვერავის გავახარებ - მომავალ არჩევნებში კოალიცია ამ შემადგენლობით გავა, ჩვენს რიგებში მსახიობიც იქნება და სპორტსმენიც, ვისაც კონკრეტულ სფეროში არსებული პრობლემები კარგად ესმის.

- ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გავრცელდა არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ჩართვასთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერი სიის პირველ ნომრად მოიაზრება, თუ გუნდს მხარს არაოფიციალური სტატუსით დაუჭერს?

- ზვიად ძიძიგურის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. ბიძინა ივანიშვილი იყო, არის და რჩება გუნდის მთავარ წევრად - ის "ქართული ოცნების" ლიდერი ჯერ კიდევ 2011 წლიდანაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კოალიციას იმ ფორმატით მართავს, რაზეც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ. ბევრჯერ ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნია. მართალია, მან აღნიშნა, თუ რამე განსაკუთრებული მოხდა, პოლიტიკაში დავბრუნდებიო, მაგრამ ვითარება საგანგაშო მდგომარეობისგან რადიკალურად განსხვავდება. ნებისმიერ პარამეტრში ქვეყანა წინ მიდის, თუმცა უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი.

- ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის შედგენაშიც მიიღებს მონაწილეობას?

- საარჩევნო სიაზე კოალიციასთან ერთად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოც მუშაობს, რაღაც საკითხებზე გუნდის ლიდერს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთანაც ექნება.

რუსუდან შელია