"მინისტრის პოსტი არა, თუმცა მაღალი თანამდებ­ობა შემომთავაზეს"
07-12-2015
"მინისტრის პოსტი არა, თუმცა მაღალი თანამდებ­ობა შემომთავაზეს"
აპირებს თუ არა წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ფრონტზე გადანაცვლებას და რამდენად თავისუფალია დღეს სამოქალაქო სექტორი პოლიტიკური გავლენისგან


"კვირის პალიტრასთან" "საერთა­შორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური საუბრობს:

- ფაქტია, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლების კეთილგანწყობით ვერასოდეს ვსარგებლობთ, თუმცა ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ყოველთვის მიზანია­ - მაგალითად­, წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაზე დაკვირვების შედეგად, რეკომენდაცია შევიმუშავეთ, რომლის ძირ­ითადი ნაწილიც რეფორმის პირველ ეტაპზე ხელისუფლებამ გაით­ვ­ალისწინა; ანუ, თუ ქვეყანაში სასამართლო სისტემა საერთოდ არ არსებობდა,
სისტემის გაუმჯობესება მოვახერხეთ. ასე რომ, სხვადასხვა ხელისუფლების ეპითეტები ყველას დაავიწყდება, მთავარია, საზოგადოებამ კონკრეტული შედეგი მიიღოს.

- ბოლო დროს არასამთავრობო ორგანი­ზ­­აციების უმრავლესობისა და ოპოზიციური ძალების პოზიციები იმდენად ემთხ­ვევა ერთმანეთს, რომ საზოგადოების ნაწილი გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს "ნაციონალური მოძრაობის" გამხმოვანებლადაც კი მოიხსენიებს.
- ოპოზიციურ პარტიებს ვერ დავუშლით იმ
საკითხებზე ლაპარაკს, რაზეც ჩვენც ვმუშაობთ. გასაგებია, რომ ზოგიერთი პარტია საკუთარი ინტერესებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძნებს, თუმცა სამოქალაქო სექტორის ყველა წარმომადგენელი ერთ ქვაბში არ უნდა მოვხარშოთ. ხშირად სამოქალაქო­ სექტორზე საზოგადოების გული­სწყრომა სამართლიანია, რადგან მოსახლეობასთან კომუნიკაციის დეფიციტი გვაქვს - მეტი მუშაობაა საჭირო.

- თქვენი ბექგრაუნდიც განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა. ითქვა, რომ 2007 წელს ვანო მერაბიშვილმა კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე მხო­ლოდ იმისთვის მოგანიჭათ, რომ 7 ნოემბრის აქციის დამრბევები პრემიებით დააჯილდოეთ.
- ამ საკითხზე სარჩელი სასამართლოში შევიტანე, რომელიც მოსამართლე თამაზ­ ურთმელიძემ უნდა განიხილოს, თუმცა მარტის შემდეგ პროცესი არ დანიშნულა. ამ განცხადებებში სიმართლე მხოლოდ ის არის, რომ 2008 წლამდე სასაზღვრო პოლიციაში საერთაშორისო ურთიერთობებსა და რეფორმებს ვხელმძღვანელობდი. მსგავს ბრალდებებზე ერთადერთი პასუხი მაქვს - ვამაყობ,­ რომ უწყებაში კორუფციის აღმოფხვრა და ახალი სისტემის დანერგვა შევძელი. მიუხედავად იმისა, რომ უწყებაში წარმატებული კარიერის გაგრძელება შემეძლო, გარკვეულ ჯგუფთან დაპირისპირების შემდეგ საჯარო სამსახურიდან წამოვედი.

- ბიძინა ივანიშვილმა­ განაცხადა, რომ საკუთარი განცხადებებით­ სამოქალაქო სექტორს ამახინჯებთ, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ხელისუფლ­ების დიდი კრიტიკოსი ხართ, ამიტომ ოფიცი­ალურად თქვენს პოლიტიკაში გადასვლას მიესალმება.
- სხვათა შორის, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, არაერთმა პროევროპულმა ძალამ შემომთავაზა თანამშრომლობა. ხელისუფლებისგანაც მივიღე შემოთავაზება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი გავმხდარიყავი. მინისტრის პოსტი არა, მაგრამ ერთ-ერთ უწყებაში საკმაოდ მაღალი თანამდებ­ობა შემომთავაზეს. შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ვარ, პარლამენტშიც არიან პირები, რომლებთანაც თითქმის ყოველდღიურად ვთანამშრომლობ. ხშირად ვატარებთ ტრენინგებს, სისტემის კონცეფციებსაც ვწერთ. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებს, თუ მსგავს ნაბიჯს ოდესმე გადავდგამ, აბსოლუტურად დამოუკიდებელ, ახალ ძალას შევქმნი, რომელიც ღია იქნება პროევროპულად მოაზროვნეთათვის. ერთია, რომ ქვეყნის საგარეო კურსს საჯაროდ აფიქსირებ, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია ისიც, რა გააკეთა კონკრეტულმა ადამიანმა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისთვის. თუ პოლიტიკაში ჩართვას გადავწყვეტ, დამოუკიდებლად ვიმოქმედებ - საზოგადოების განწყობის გაზიარებაც აუცილებელია.

- ფიქრობთ, საზოგადოება თქვენს პოლიტიკურ გეგმებს დადებითად შეხვდება?
- ჩემ მიმართ საზოგად­ოებაში არაერთგვაროვანი განწყობა შეიქმნა - შესაძლოა, ზოგს არ მოვწონვარ, ნაწილი კი ჭკვიანად მთვლის... ზოგადად, არა მგონია, დღეს ვინმეს მესიის მოლოდინი ჰქონდეს. ამ ფონზე, პროცესებს მიღმა ჭკვიანი და მოტივირებული ადამიანები რჩებიან, რომლებსაც არც ერთ ძალასთან თანამშრომლობის სურვილი არა აქვთ. არადა, მათი ინტელექტუალური რესურსი და გამოცდილება ქვეყნის მომავალს სჭირდება. არასწორია, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს საჯარო სამსახურში მყოფი პირები დღეს მიუღებელ ფიგურებად მოიაზრებიან. ყველა რესურსი უნდა გამოიყენო, რომ უკეთესი მომავალი შექმნა. მეც ეს მიზანი მამოძრავებს.

- თუ არჩე­ვნებზე დამოუკიდებლად გახვალთ, საკუთარ თავს გარკვეულ გაერთიანებაში მოიაზრებთ?
- ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" საქმეებით ვარ დაკავებული, სადაც რელიგიური თუ ეროვნული სხვადასხვაობის მიუხედავად, საერთო აზრის ჩამოყალიბებას ვახერხებთ. ბედნიერი ვიქნებოდი, პროფესიონალთა­ ისეთი გუნდი შემექმნა, როგორიც ამ ორგანიზაციაშია. დღეს ქვეყანას არეულობა არ სჭირდება, რისკენაც პოლიტიკოსები გვიბიძგებენ. მთავარია, მოსახლეობამ ყოველთვის ზუსტად იცის, ვინ რას წარმოადგენს და ისიც კარგად ახსოვს, ვის რა გაუკეთებია. თანამშრომლობითა და კონსტრუქციულ­ობით ქვეყნისთვის ბევრი სიკეთის მოტანა შეგვიძლია.

რუსუდან შელია
Gera
08 დეკემბერი 2015 17:02
რას ერჩით ამ გოგოს? ყველა თვისება აქვს რომ დიდი პოსტი ეკავიოს საქართველოში. უტიფარია, გაიძვერა და რაც მთავარია ყველაფერი ქართულის მოძულე.
ლაშა
08 დეკემბერი 2015 15:04
გიგაური ყოველთვის ნაც ხროვის "რბილი" სახე იყო.
Sunny
08 დეკემბერი 2015 11:02
რამხელა ამბიცია გაწუხებთ, ქალაბატონო გიგაურო, თქვენი თავი მართლა ჭკვიანი გგონიათ? ხალხს არ დავიწყებია მთელი ცხოვრების მანძილზე ვის მხარეს იდექით, ვისი ინტერესი იყო თქვენთვის მთავარი...შენღა აკლიხარ კიდევ ქართულ პოლიტიკას... შენ და კიდევ შენნაირი ,,უსაქმური, არაკვალიფიცირებული, მკითხავი’’შეეშვი პოლიტიკას....არ არის ეგ შენი საქმე.....

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები