"კოდუამ ჩემს ძმას წამალი ჩაუდო და უთხრა: ახლა შენს ძმას დაურეკე, იმ მანქანის ფული არ გადამახდევინოსო" - ინტერპოლის შერჩევითი სამართალი?! - კვირის პალიტრა

"კოდუამ ჩემს ძმას წამალი ჩაუდო და უთხრა: ახლა შენს ძმას დაურეკე, იმ მანქანის ფული არ გადამახდევინოსო" - ინტერპოლის შერჩევითი სამართალი?!

სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყდა. ინტერპოლმა ეს გადაწყვეტილება კოდუას ადვოკატების მიმართვის საფუძველზე მიიღო.

სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყდა. ინტერპოლმა ეს გადაწყვეტილება კოდუას ადვოკატების მიმართვის საფუძველზე მიიღო.

ოთარ კახიძე, ერეკლე კოდუას ადვოკატი: - ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის ერეკლე კოდუას მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. ამის საფუძველზე ინტერპოლმა კეზერაშვილისა და ადეიშვილის ძებნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, სააკაშვილისთვის დევნის გამოცხადებაზე კი უარი გამოგზავნა. ახლა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოდუას დევნის საფუძველიც არ არსებობს. ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლით აკრძალულია ინტერპოლის ინსტრუმენტების გამოყენება პოლიტიკური საფუძვლებით.

- ჩვენი ინფორმაციით, მან უნგრეთს სთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი და დღესაც იქ იმყოფება. აპირებს ჩამოსვლას?

- თუ დაბრუნდება, დააკავებენ და არა მგონია, ციხეში თავისი ფეხით წავიდეს. მისი ადგილსამყოფელი კი საიდუმლოა, ვერ გავამხელ. კოდუა იმყოფება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, რომელმაც ის პოლიტიკური ნიშნით დევნილად აღიარა.

სოსო ცისკარიშვილი, დამოუკიდებელი ექსპერტი: "პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რატომ ამოიღო ინტერპოლმა ძებნილთა სიიდან არა მარტო კოდუა, არამედ ადეიშვილი, რომელიც "ნაციონალური" ბოროტების მამამთავარია. წინა მოწვევის პარლამენტის წევრმა, ბათუმის მაჟორიტარმა და ბიზნესმენმა თემურ ჩარკვიანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ არსებობს მისი წერილი, თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩარკვიანი ხელს ადებს პროკურორ-მინისტრ ადეიშვილს. წერილი ოჯახიდან მეორე დღესვე წაიღო პროკურატურამ და რეაგირება - ნული. არც საქმე აღძრულა, არც ვინმეს გამოუჩენია ინტერესი.

კეზერაშვილის შემთხვევაში, როცა საფრანგეთში მივლინებულ პროკურორს დაუსვეს საკითხი: კი მაგრამ, როგორც თქვენ ბრძანეთ, თუ ყველაფერი ისე იყო, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ იღებდით ხმასო, ამ ჩვენს გაგზავნილ პროკურორს არ ეყო ცოდნა და არც გამბედაობა, რომ დაეხასიათებინა ის პერიოდი, რომელზეც იყო საუბარი. მან თვალი დახუჭა და პასუხგაუცემლად წამოვიდა, ვერ მოახერხა ეთქვა, რომ ქვეყანაში დიქტატურა იყო... ჩვენ უნდა მოვიძიოთ ის პირები, რომლებიც ცალსახად დაადასტურებენ მათ ვერაგობას. ალბათ, ეს ინტერპოლის შერჩევითი სამართალია საქართველოს მიმართ.

პროკურატურის ინფორმაციით, კოდუამ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, გარკვეულ პირებს ძვირად ღირებული ავტომანქანები მოსთხოვა. "კვირის პალიტრა" ერთ-ერთ დაზარალებულს, "ტოიოტას ცენტრის" დირექტორს, ირაკლი გურჩიანს დაუკავშირდა:

"კოდუას მიმართ საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა, თუმცა, ჯერჯერობით, გაჩერებულია. სასამართლო "ნაცებით" არის სავსე და არ გამიკვირდება, კოდუა რომ გაამართლონ. 2009 წელს მან "ტოიოტას"ცენტრიდან" 92.000-ლარიანი "ტოიოტას" მარკის ავტომობილი წაიყვანა, თუმცა თანხა არ გადაუხდია. მითხრა, დედაჩემისთვის მანქანა მინდა და ვიყიდიო. იაპონელებს ვთხოვე, ფასი დაეკლოთ. კოდუამ მითხრა, ერთ თვეში ან წლის ბოლომდე გადავიხდიო, მაგრამ... ამის შემდეგ დააკავეს ჩემი ძმა, გიორგი გურჩიანი, რომელსაც კოდუას ბრძანებით, ნარკოტიკი ჩაუდეს (კოდუამ აიყვანა კაბინეტში, ჩაუდო წამალი და უთხრა: დაურეკე ახლა შენს ძმას, იმ მანქანის ფული არ გადამახდევინოს და ახლავე გიშვებო). ჩემმა ძმამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექვსი თვე გაატარა, რის შემდეგაც მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სანაცვლოდ, კოდუამ კიდევ ერთი "ტოიოტა" მოითხოვა".

ამ საკითხზე 2012 წელს საქმის განხილვა გაიმართა, რომელიც ღაჭავა-კოდუების გამარჯვებით დასრულდა. ლაურა ღაჭავა აცხადებდა, რომ ავტომანქანის საფასური თავად გადაიხადა(?!).

ნანა ფიცხელაური