"აზრთა სხვადასხვაობა", ანუ რისი ეშინია სააკაშვილს? - კვირის პალიტრა

"აზრთა სხვადასხვაობა", ანუ რისი ეშინია სააკაშვილს?

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ამ დღეებში საიტმა "უკრაინსკაია რევოლუცია" გოკა გაბაშვილისა და მისი ძმის სავარაუდო სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა.

მკითხველმა იცის ჩანაწერის შინაარსი და ამიტომ მისი გადმოცემით აღარ დავღლით. ჩანაწერი ბევრი თვალსაზრისით არის საყურადღებო.

ჩანაწერი ათწუთიანია და ბევრი უცენზურო სიტყვაც ისმის. გოკა თანაპარტიელების გინებასაც არ ერიდება, თუმცა, აქ საყურადღებო სხვა მომენტებია:

1) მართალი აღმოჩნდა ხმები, პარტიაში დიდი განხეთქილებააო.

2) გიჟს სააკაშვილს მარტო მისი ოპონენტები არ უწოდებენ.

3) სააკაშვილს ეშინია, რომ მას პარტიაში ჩააჩოჩებენ.

4) სააკაშვილი ისევ ყოფილ ძალოვანებს ეყრდნობა - ადეიშვილს და ახალაიას, რაც ადასტურებს, რომ მან ვერაფერი ისწავლა და ვერაფერი გაიგო.

5) ეს ყოფილი ძალოვანები "პაზორნი ტიპებად", თურმე, მარტო ჩვენ არ მიგვაჩნია და "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ლიდერი მაინც გვეთანხმება.

6) არ ცდებოდნენ ოპონენტები, როცა წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ სააკაშვილს მხოლოდ მონები სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, იმავეს ამტკიცებს მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

ახლა გაურკვეველი მხოლოდ ის რჩება, როგორ განვითარდება მოვლენები პარტიაში. ამ ჩანაწერმა შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" მომავალი სრულიად შეცვალოს, თუ, რა თქმა უნდა, მიშამ და სხვებმა პოლიტიკური მიზნების გამო არ გადაყლაპეს შეურაცხყოფა და ისე არ გააგრძელეს ცხოვრება, ვითომ არაფერი მომხდარა. ამ ჩანაწერზე კომენტარი ჯერ მხოლოდ აკო მინაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმა გააკეთეს. ერთმა - დაგვიმონტაჟესო, მეორემ - რა პრობლემაა, ყველა პარტიაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობაო. გაბაშვილი სააკაშვილს გიჟს ეძახის, ადეიშვილს აგინებს, ნახევარ პარტიას პრ...ჭებად მოიხსენიებს და ნუგზარ წიკლაური ამას აზრთა სხვადასხვაობას უწოდებს. ეტყობა, ამას მათ პარტიაში ახლა ასე ჰქვია.

იხილეთ ასევე: ბატონო მიხეილ, როგორ წაგართმევდა მარგველაშვილი იმას, რაც არ გაქვთ, ანუ რას ნიშნავს "გიჟი" "ნაციონალების" ენაზე?