"ისე მაინც მოიტყუეთ, რომ ხალხი ვერ მიხვდეს" - კვირის პალიტრა

"ისე მაინც მოიტყუეთ, რომ ხალხი ვერ მიხვდეს"

"ტყუილის მეტი რა გამიგია, მაგრამ ამისთანა?"

ტყუილი ქართული პოლიტიკის განუყრელი კომპონენტი დიდი ხანია გახდა და ეს კამათს აღარ იწვევს. თუ ადრე გონების დაძაბვა და ინტელექტუალური წიაღსვლები იყო საჭირო იმისთვის, რომ გაგვეგო, სად და როდის გვატყუებდნენ ქართველი პოლიტიკოსები, ახლა ეს ამბავი მეტად მარტივი და პოლიციის შენობასავით გამჭვირვალე გახდა.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პოლიტიკოსები მაღალი ტრიბუნიდან, რომ იტყვიან, მამალი ტყუილების თქმასაც აღარ თაკილობენ და შავზე წარბშეუხრელად ამტკიცებენ, თეთრიაო. ეტყობა, მაგალითს მართლა დიდი ძალა აქვს, თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც ატყობენ, რომ პრეზიდენტი ხშირ- ხშირად იტყუება და ამით გულმოცემულები თვითონაც "წაიტყუებენ" ხოლმე, მაგრამ პრეზიდენტის ტყუილებთან შედარებით კომპეტენტურობა აშკარად აკლიათ.

"კვირის პალიტრა" ინტერესით ადევნებს თვალს,U რომელმა პოლიტიკოსმა რა დაპირება გასცა, რა შეასრულა და რა არა, რა ტყუილი გვითხრა. ამჯერად პარლამენტში პრეზიდენტის ვიზიტისა და დებატების დროს გადმოფრქვეულ სიცრუის მარგალიტებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.

იმაზე, რომ ეკონომიკურ აღმავლობას განვიცდით და გაფურჩქნამდე სულ ცოტაღა გვაკლია, აღარ შევჩერდებით, რადგან უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა და დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა იმისთანა ტყუილები დაგვატეხეს თავს, ეკონომიკური გაფურჩქნის ამბავი ამასთან შედარებით ლამაზი ზღაპარია.

გიორგი ახვლედიანი: - 2007 წლიდან ჭიათურაში მოქალაქეთა ორი კატეგორია იბრძვის, რომ კუთვნილი კომპენსაცია მიიღოს. არიან რეგრესის პენსიონერები, რომლებიც წარმოების დროს დაინვალიდდნენ, და არის წარმოებით დაზარალებული ხალხი, რომელთაც სახლები დაენგრათ მაღაროებში აფეთქებების გამო. ეს ხალხი კუთვნილ პენსიას ითხოვს, დაზარალებულები კი - კომპენსაციას. მათ ხელთ აქვთ უზენაესი სასამართლოს განჩინება, მოგებული აქვთ ცხრა სასამართლო პროცესი. ყველა ინსტანცია ამბობს, რომ მათ ეკუთვნის ეს თანხა და სახელმწიფო ვალდებულია, გადაუხადოს.

ვერაფერს რომ ვერ გახდნენ, გადაწყვიტეს 2008 წლის ნოემბრიდან ინვალიდები ეტლებით გამგეობის წინ, კარვებში დამსხდარიყვნენ. ამის გამო არაერთხელ მივმართეთ პრეზიდენტს, შე კაი ადამიანო, ყველგან რომ დარბიხარ, ჩადი და ელაპარაკე იმ ხალხს-მეთქი. იძულებული გავხდი სხვა პრობლემებთან ერთად ეს საკითხიც დამეყენებინა პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტის წინაშე, იქნებ ახლა მაინც შეისმინოს მოქალაქეების გასაჭირი-მეთქი, მაგრამ გამოვიდა უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი და ისეთი ტყუილი დაახეთქა, გავოგნდი.

ცისკარიშვილი ირწმუნებოდა, სახელმწიფოს ყველა დავალიანება გასტუმრებული აქვსო, თურმე ის ხალხი კარვებიდან გამოსულა, სიხარულით მეცხრე ცაზეა და მე რაღაცებს ვიგონებ. ამას ისე დამაჯერებლად ღაღადებდა, ვიფიქრე, ამ ორ დღეში შეიძლება რაღაც ისეთი მოხდა, რომ არ ვიცი, შევრცხვი და ეგ არის-მეთქი. მაშინვე ტელეფონს ვეცი, დავურეკე ჩვენი ოფისის ხელმძღვანელს ჭიათურაში, თავად დაზარალებულებთანაც გადავამოწმე ინფორმაცია და წარმოიდგინეთ ერთი თეთრიც კი არავისთვის მიუციათ, მეტიც, ორი კვირის წინ ყველა მათგანი გააფრთხილეს, რომ ძალით აყრიდნენ იქიდან.

ცისკარიშვილის ტყუილმა ისე აღაშფოთა ის ხალხი, თბილისში ჩამოვიდნენ და პრესკონფერენციაზე საჯაროდ მოჰყვნენ ყველაფერს. ტყუილის მეტი რა გამიგია, მაგრამ ამისთანა? ორი წელია ამ საკითხს ხელისუფლება გვერდს უვლის, ახლა კი შავზე პირდაპირ გამოგვიცხადა, თეთრიაო, დაზარალებულები გავისტუმრეთ და სახელმწიფოს აღარანაირი ვალდებულება აღარ აქვსო. როდესაც რომელიმე საკითხზე პასუხები არა აქვთ, განყენებულ თემებზე მოჰყვებიან ლაპარაკს: ნორვეგიას გავუსწარით და ეკონომიკური წინსვლის მაჩვენებლით მე-3-4 ადგილებზე ვართო და ა. შ.

პიარტყუილები მიღებული ამბავია ჩვენს პოლიტიკაში, მაგრამ კონკრეტულ საკითხზე ასეთი ტყუილი ჩვენი პოლიტიკური გამოცდილების გათვალისწინებითაც კი აღმოჩენა იყო. ხელისუფლება უკვე ისეთი უსუსურია, მილიონობით ტელემაყურებლის წინ უსინდისოდ ცრუობს. თუ ასე გააგრძელეს, ეს მათი ხელისუფლებაში ყოფნის დასასრულის დასაწყისი იქნება.

- ნუთუ პეტრე ცისკარიშვილმა არ იცოდა, რომ ტყუილი გამოაშკარავდებოდა?

- იფიქრეს, დებატებს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იყო ჩართული, მილიონობით ადამიანი უყურებს, შესაბამისად, უმთავრესი ვითარებიდან გამოძრომა იყო. ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, თუ ვინმე სიმართლეს იტყოდა, ნაციონალური მაუწყებლები ამას საღამოს ეთერში არ გაუშვებდნენ და ამ სიუჟეტებს გაცილებით ნაკლები მაყურებელი ეყოლებოდა, ხოლო საზოგადოების დიდ ნაწილს დარჩებოდა აზრი, რომ ოპოზიცია აბსურდულ თემებზე ეპაექრება ხელისუფლებას. ვერ გათვალეს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება.

ამ ამბის შემდეგ ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჩამოუარა დაზარალებულებს და უთხრა, რომ არ გაჩუმდით და თავი მოგვჭერით, ეგ ფული ახლა ქრისტიან-დემოკრატებმა გადაგიხადონო".

მეორე ნაციონალი დეპუტატი, რომელიც ტყუილში გამოვიჭირეთ, პავლე კუბლაშვილი გახლდათ. როცა პრეზიდენტის წინაშე პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის დაცვის თავმჯდომარემ 14 წლის გვანცა ყუფარაძის საკითხი დააყენა, კუბლაშვილმა განაცხადა, ეს საკითხი შევისწავლე, ყუფარაძე მართლა დამნაშავე ყოფილა, 7 ჭრილობა მიუყენებია თანატოლისთვისო. ამის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ბატონ კუბლაშვილს საქმეში ან არ ჩაუხედავს, შესწავლას რომ თავი დავანებოთ, ან თავადაც იმდენად აბსურდულად ეჩვენა ბრალდება, რომ იძულებული გახდა, ეცრუა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: - გვანცა ყუფარაძის ბრალეულობის საკითხს არ შევხებივარ. საუბარი იყო იმაზე, რომ არასრულწლოვნებს იცავს გაეროს საერთაშორისო კონვენცია, რომლის თანახმად 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდა უნდა მოათავსონ მხოლოდ და მხოლოდ აღმზრდელობით დაწესებულებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვთა უფლებები უხეშად ირღვევა.

გვანცა ყუფარაძე მეოთხე წელია სასჯელს იხდის ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულების საპყრობილეში და ეს სწორედ კონვენციის დარღვევაა. რატომღაც ბატონმა კუბლაშვილმა ამაზე პასუხის ნაცვლად გადაწყვიტა, ყუფარაძის ბრალეულობა დაემტკიცებინა და იმისთანა ტყუილი იკადრა, გავოგნდი.

თუ კუბლაშვილმა ჭრილობებზე გადაწყვიტა ლაპარაკი, მაშინ შვიდზე კი არა, 33 ჭრილობაზე უნდა ელაპარაკა. სისხლის სამართლის საქმეში, საბრალდებო დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ გვანცა ყუფარაძემ თანატოლ ბიჭს 33 ჭრილობა მიაყენა. 33 ჭრილობის დასახელებას ბატონი კუბლაშვილი იმიტომ მოერიდა, რომ 14 წლის გოგოსგან 33 ჭრილობის მიყენება, ალბათ, თავადაც მითად ეჩვენა! მით უმეტეს მაშინ, როცა ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ საქმეში დაზარალებულად ცნობილს ორი სხვადასხვა მჭრელი საგნით აქვს ჭრილობა მიყენებული.

P.S. რადგან სიცრუე ქართულ პოლიტიკაში ხელოვნებამდეა აყვანილი, ვფიქრობ, შესაბამისი მონაცემებით გამორჩეული პოლიტიკოსების რიგრიგობით გაგზავნა ტყუილების სპეცკურსებზე საშური საქმეა. ასე უფრო მშვიდად ვიქნებით და ვერ მივხვდებით მაინც, რომ გვატყუებენ!