"არ დავუშვებთ კრემლის გეგმის რეალიზაციას" - კვირის პალიტრა

"არ დავუშვებთ კრემლის გეგმის რეალიზაციას"

"დასამალი არ არის, რომ ეს გადაწყვეტილება სომხეთის თხოვნით იქნა მიღებული"

"საქართველოს არა აქვს იმისი ძალა, რომ ძალით გადმოწეული რუსებს ძალითვე გადააწევინოს"

მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ევროპა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკობენ, საფრანგეთის ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი "მისტრალის" მიყიდვით გაეძლიერებინა. ამ ფაქტმა ლოგიკურად გააჩინა ეჭვი ევროპის ორმაგ სტანდარტებზე, რომ აგრესორ რუსეთთან ევროპა მეტისმეტად ლმობიერია. საქართველოს გარე და შიდა საფრთხეებსა და ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ ბატალიებზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძეს ვესაუბრეთ:

- ბატონო გიორგი, საფრანგეთისა და რუსეთის ხელისუფალთა ურთიერთობის ასეთი დათბობა ხომ არ გამოიწვევს იმას, რომ სარკოზი ნაკლებად მომთხოვნი იქნება რუსეთთან, რომელიც ჯიუტად არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებას.

- მაშინ, როდესაც რუსეთს სამხედრო ძალის უზარმაზარი უპირატესობა აქვს, "მისტრალი" კიდევ უფრო გაზრდის მის სამხედრო პოტენციალს და ეს შესაძლოა, რუსეთმა აღიქვას როგორც დასავლეთის, ამ შემთხვევაში ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს ერთგვარ თანხმობად, დუმილის ნიშნად იმ პრობლემებზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროპისთვის.

- აშშ-ისა და ევროპის ლოიალურობა რუსეთთან ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო მარტო დატოვეს რუსეთის პირისპირ?

- ერთი მხრივ, ამერიკასა და ევროპას რუსეთთან ურთიერთობების დათბობისა და ერთგვარად შერბილების სურვილი აქვთ, ხოლო, მეორე მხრივ, არის ისეთი ნიშნებიც, როდესაც უფრო მტკიცე პოზიციის გამოხატვის სურვილი იკვეთება. გავიხსენოთ ცოტა ხნის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის საჯარო განცხადება, რომ ამერიკა დიპლომატიურ ზეწოლას მოახდენს რუსეთზე, რათა მან გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ვფიქრობ, დასავლეთს რუსეთთან დიალოგი სჭირდება იმისათვის (როგორც ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები და ხელმძღვანელები ამბობენ), რომ არა მარტო იმ საკითხებზე იმსჯელონ, რაზეც რუსეთთან თანხმდებიან, არამედ იმ საკითხებზეც, რაშიც დიდი უთანხმოებაა. ერთ-ერთ ასეთ საკითხად სახელდება სწორედ საქართველოში რუსეთის პოლიტიკა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა.

- ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას ექსპერტთა ნაწილი საფრთხის შემცველად მიიჩნევს. გარდა ამისა, ითქვა, რომ ლარსის გახსნა სომხეთის ინტერესშია და ამით აზერბაიჯანი გავანაწყენეთ. ლაპარაკია საიდუმლო გარიგებაზეც სომხეთთან, რაშიც საქართველოს ხელისუფლებამ სომხეთისგან თითქოს მილიონები მიიღო. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ საზღვარი ლარსთანაც, რაჭაშიც და არაერთ სხვა ადგილას გადმოწეული აქვთ რუსებს და ამაზე ხელისუფლება არ რეაგირებს.

- ექსპერტები და ეგრეთ წოდებული ექსპერტები ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ძალიან ძნელი გასაგებია, რა არგუმენტები აქვთ, როდესაც ლარსის გამშვები პუნქტის გახსნას სამხედრო საფრთხეს უკავშირებენ. როდის იყო ტანკები გამშვები პუნქტით შედიოდნენ სადმე? შლაგბაუმი დაკეტილი იქნება თუ ღია, აგრესორი ნებისმიერი ხერხით შემოაღწევს.

რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტს, მიგვაჩნია, რომ ამას ჩვენთვის განსაკუთრებული დადებითი შედეგის მოტანა არ შეუძლია. დასამალი არ არის, რომ ეს გადაწყვეტილება სომხეთის თხოვნით იქნა მიღებული. როგორ არის ეს "საიდუმლო გარიგება", როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ ეს სწორედ სომხეთის თხოვნით გაკეთდა.

სომხეთისთვის ლარსის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არ ვმალავთ, ამ ნაბიჯით გვინდა სომხეთთან ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდეს, უფრო მაღალი ხარისხის ნდობა გვქონდეს. შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება ზოგიერთ ჩვენს პარტნიორს მართლაც უჩენდეს კითხვებს ან აღიზიანებდეს, მაგრამ ჩვენი  მიზანი არ არის სხვა სახელმწიფოს საწინააღმდეგო რამის გაკეთება.

აზერბაიჯანისათვის ძალიან მნიშვენელოვანია, რომ საქართველო უსაფრთხოდ იყოს. თუ საქართველოს სომხეთთან კარგი ურთიერთობა ექნება, ეს საქართველოს უსაფრთხოებას აამაღლებს, რაც საბოლოოდ აზერბაიჯანის ინტერესებშიც არის. თუ საქართველო დასუსტდა და ვეღარ შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობაც და მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

რაც შეეხება საზღვრის გადმოწევას, არც ლარსსა და არც რაჭაში საზღვარი გადმოწეული არ არის და ვისაც საქმეში გარკვევა მართლაც სურს, შეუძლია წავიდეს და ნახოს.

სადაც არის საზღვარი გადმოწეული და ოკუპირებული, ვიცით და ვამბობთ, რომ რუსეთი შემოჭრილია ჩვენს ტერიტორიაზე და ოკუპირებული აქვს. სხვაგანაც რომ იყოს ასეთი ამბავი, ვიტყოდით, რა არის დასამალი? Aარავის გაუკვირდებოდა, თუ რუსეთი ამას ძალით გააკეთებდა. საქართველოს არა აქვს იმისი ძალა, რომ ძალით დაუპირისპირდეს და ძალით გადმოწეული რუსებს ძალითვე გადააწევინოს. ეს პრობლემა, საუბედუროდ, გვაქვს და არც ვმალავთ.

- ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში სტუმრობას პუტინთან ნინო ბურჯანაძის აუდიენცია მოჰყვა. ოპოზიცია ამას ასე ხსნის: რადგან სააკაშვილს რუსეთის ხელისუფალნი არ ელაპარაკებიან, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დარეგულირების მიზნით ჩვენ ვილაპარაკებთ მათთანო. და კიდევ, თქვენი და ნოღაიდელის მეგობრობა ხომ არ დააზარალა რუსეთში მისმა ჩასვლამ?

- როცა ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი იყო, მაშინ ვერ შეძლეს ამ პრობლემების მოგვარება. 1992-93 წლიდან სამაჩაბლო და აფხაზეთი ოკუპირებულია და ახლა, როგორც ოპოზიცია, რას გააკეთებენ? ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის შენიღბვისა და პირადი ინტერესების გატარებისა. შეპყრობილი არიან მიზნით, ხელისუფლების წინააღმდეგ იმოქმედონ და ვეღარ აანალიზებენ, რა არის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედება და რა - ქვეყნის.

ამ ადამიანებს მეგობრებად ვთვლიდი, მაგრამ დღეს ისინი ნამდვილად აღარ არიან ჩემი მეგობრები.

თუ მეგობარმა პირადად გაწყენინა, პატიება უნდა შეგეძლოს. ჩემთვის პირადად რომ ეწყენინებინათ, ვალდებული ვიყავი, მეპატიებინა, მაგრამ რაც მათ გააკეთეს, ეს ჩემი განაწყენება კი არა, ყველაზე ძვირფასის, იმის ღალატი იყო, რაც ადამიანის სიცოცხლესა და პიროვნულ ურთიერთობაზე მნიშვნელოვანია. ამას მეგობარსაც ვერ ვაპატიებ. ამიტომაც მათთან ძველი ურთიერთობის გაგრძელებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

ქვეყნის მტერთან მოლაპარაკეს ჩემს მეგობრად ვეღარ მივიჩნევ. როცა ამდენი წელია საქვეყნო საქმეს ემსახურები და ახლა კი იმის გამო, რომ ხელისუფლება გეზიზღება და თანამდებობა გიყვარს, შენი ქვეყნის დამპყრობელთან მიდიხარ და ელაქუცები, ამაზრზენია. ხშირად ამ ადამიანებს ორჯონიკიძეს ადარებენ.

მე კი ვიტყოდი, რომ ორჯონიკიძეზე უარესები არიან. ორჯონიკიძე ბანდიტი და კომუნისტი იყო, საერთაშორისო ინტერნაციონალიზმის მზეს იფიცებდა, საქართველოს დამოუკიდებლობაზე არასდროს ლაპარაკობდა და ამბობდა, საქართველო რუსეთის სოციალისტური სახელმწიფოს ნაწილი უნდა იყოსო. ის, რასაც ამბობდა, იმას ემსახურებოდა კიდეც თავისი ბოროტებით. ამათ კი, რასაც ამბობდნენ და რასაც ემსახურებოდნენ, ყველაფერი გაყიდეს, გაცვალეს და უცებ პუტინი გახდა მათი მეგობარი და პარტნიორი.

ძალიან კარგად იციან, რომ პუტინთან ლაქუცით საქართველოს პრობლემები არ მოგვარდება. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ისაა, რომ პუტინმა მეხუთე კოლონად გამოიყენოს და ისინი ახალ შულავერის კომიტეტად მოგვევლინონ. როგორც ჩანს, ამაზეც მოაწერეს ხელი, ეს აქვთ ქვეცნობიერად თუ ცნობიერად გადაწყვეტილი.

დასასრულ ვიტყვი, რომ საქართველოში მოსალოდნელ არჩევნებში შულავერის კომიტეტის ფუნქცია სწორედ ის შეიძლება იყოს, რომ მომზადდეს არეულობა, რომელსაც რუსეთი გამოიყენებს. შესაძლოა, ეს იყოს პირდაპირი აგრესიის მეორე ტალღა ან ქვეყანაში დესტაბილიზაცია სხვა ფორმით. ამის მიზანი, ბუნებრივია, იქნება ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. საბოლოოდ საქართველოს ელის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვა, ან რუსეთის მარიონეტებისა და შულავერის კომიტეტის წარმომადგენლების დასმა ხელისუფლებაში. ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად რეალური გეგმაა.

შესაძლოა, მათ მიემხროს მოსახლეობის შემცდარი, მცირე ნაწილი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ ოპოზიციამ შეიძლება დაარეგულიროს ურთიერთობა დამპყრობელთან. მართლა ჰგონია, რომ პუტინი ჩვენი კეთილისმყოფელია და საქართველო უყვარს. საბედნიეროდ, ასეთი ადამიანი ძალიან ცოტა გვყავს, ასევე ძალიან ცოტანი არიან რუსეთის ნამდვილი აგენტები, რომლებიც სულ იყვნენ საქართველოში.

ხელისუფლება (მის პატრიოტ ოპონენტებთან ერთად) ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ დაუშვას კრემლის გეგმის რეალიზაცია. საქართველო არ შეწყვეტს თავისუფლად განვითარებასა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე სვლას.