"მე ორი პოლიტიკური ბანაკის შეკავშირებისთვის გადავდგი ეს ნაბიჯი" - კვირის პალიტრა

"მე ორი პოლიტიკური ბანაკის შეკავშირებისთვის გადავდგი ეს ნაბიჯი"

მედიასაშუალებებს თუ დავუჯერებთ, ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის შემდეგ მოსკოვში ირაკლი ალასანიას ჩასვლას ელიან. კეთდება მინიშნებები კრემლის ფარულ ფავორიტზე, რომლის ვინაობის დროზე ადრე გამჟღავნებასაც მოსკოვი ერიდება. აპირებს თუ არა მოსკოვში ჩასვლას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და რით ხსნის საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დამაბნეველ და ზოგისთვისაც გაუგებარ ნაბიჯებს, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ვინც ტელევიზიაში ასეთ სიუჟეტებს გეგმავს, ალბათ უნდათ, საზოგადოებამ კრემლის ფავორიტად მე მომიაზროს. რუსეთის ხელისუფლებასთან საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებები და შეთანხმებები ნაყოფს არ გამოიღებს. მიმაჩნია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი საკუთარი სახლის დალაგებით - შიდაპოლიტიკური ვითარებითა და არჩევნებისათვის მზადებით უნდა დაკავდეს.

- როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ის "დიდ პოლიტიკას აკეთებს".

- ორივე ქვეყნის ხელისუფლებაში ისეთი პირები არიან, რომლებიც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას ვერ შეძლებენ. ამიტომაც ვერ დავეთანხმები მათ, ვინც დიდი პოლიტიკიდან დღეს დიდ შედეგს ელოდება.

- მაშინ რა ამოძრავებს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსკოვში მაინც ჩადიან?

- ამ კითხვას მრავალგვარი პასუხი შეიძლება გაეცეს. საუკეთესო ვარიანტში, იქ ჩასულ პოლიტიკოსებს სწამთ, რომ ამას საქართველოსათვის დადებითი შედეგი მოჰყვება. შესაძლოა, ასევე ხედავენ საკუთარი თავისა და პოლიტიკური ძალის აქტიურად წარმოჩენის შესაძლებლობას, რომ წარმოადგენენ ისეთ დაბალანსებულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ლაპარაკი შეუძლია როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთთან. შორს ვარ იმ აზრისაგან, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" და ხელისუფლება ამკვიდრებს მათ ხელთ არსებული მედიასაშუალებებით, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მოსკოვში ჩადიან, რაიმე დირექტივებს ან დაფინანსებას იღებენ რუსეთისაგან.

- ხელისუფლება ამბობს, ხელისუფლებაში მოსვლის სანაცვლოდ ეს პოლიტიკოსები საკუთარ თავს სთავაზობენ რუსეთსო.

- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის ფედერაციას თავისი ინტერესები აქვს საქართველოში. არც ერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა გამოაყენებინოს თავი რუსეთს და არც რომელიმე სახელმწიფოს, რომ მან მიზანს მიაღწიოს ჩვენს ქვეყანაში.

- ანუ გადაჭრით აცხადებთ, სანამ ოპოზიციაში ხართ, რუსეთში არ ჩახვალთ.

- ამაში აზრს ვერ ვხედავ. თუმც მზადა ვარ რუს ჟურნალისტებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შესახვედრად.

- ბრძანებთ, ქართველი პოლიტიკოსები მოსკოვიდან დირექტივებსა და დაფინანსებას არ იღებენო, მაშ რატომ გაემიჯნა "ალიანსი" ნოღაიდელს?

- მე ახლა ქალბატონ ნინოზე ვლაპარაკობდი. ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის მიუღებელია შეთანხმებების გაფორმება რუსეთის მმართველ პარტიასთან. დღეს რა პარტნიორობაზე შეიძლება ლაპარაკი იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 1/3 აქვს ოკუპირებული, ან რა ხელშეკრულებებზეა ლაპარაკი იმ პარტიასთან, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის მმართველ პარტიასთან რომელიმე საკითხზე შეთანხმება ჩემთვის დღეს სრულიად მიუღებელია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მსოფლმხედველობრივი წყალგამყოფი ბატონ ზურაბ ნოღაიდელისგან.

- საზოგადოებისათვის გაუგებარია თქვენი ბოლოდროინდელი აქტიურობა ოპოზიციის გასაერთიანებლად. რა მოხდა ოპოზიციურ ფლანგზე?

- ჩვენ "ალიანსი" არ დაგვიშლია, მაგრამ განსხვავებული შეხედულება გვქონდა იმაზე, გაგვემართა თუ არა კოლეგებთან მოლაპარაკება პრაიმერსა და ერთიანი კანდიდატის გამოვლენის სხვა ფორმებზე. არ დამიმალავს, რომ ეს განსხვავება არსებობდა "ალიანსში", მაგრამ სარისკო ნაბიჯი მაინც გადავდგი და ჩემს პარტიულ ორგანიზაციასთან ერთად დავიწყე მოლაპარაკება ოპოზიციასთან. ამის შემდეგ ჩვენ უფრო კარგად გავეცანით ერთმანეთის პოზიციებს.

ორ რამეზე ვერ შევთანხმდით: ჩვენთვის უპირველესად მიუღებელი იყო საერთო კანდიდატის გამოვლენის ვადა. აპრილის შუა რიცხვებამდე ამ პროცესის გადატანა ძალიან დაგვაგვიანებდა და დიდ დროს დაგვაკარგვინებდა; შეუთანხმებლობის მეორე მიზეზი კი გახლდათ ზურაბ ნოღაიდელის ჩართულობა საერთო კანდიდატის გამოვლენის პროცესში. ვინაიდან მას არ ჰყავდა მერობის კანდიდატი, მიგვაჩნდა, რომ ამ პროცესში მონაწილეობა არ უნდა მიეღო.

- ნოღაიდელის ორგანიზაციულ ჩართულობაში მის ფინანსებს გულისხმობთ?

- არა, უნდა შემდგარიყო სტრუქტურები, სადაც ნოღაიდელის პარტიაც იქნებოდა წარმოდგენილი. გარდა ამისა, ეს არ იქნებოდა იაფი ღონისძიება. ჩემს პოლიტიკურ ორგანიზაციას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ წინასწარ არჩევნებში ხარჯოს თანხები. ამ შეუთავსებლობის მიუხედავად, მაინც ვცადეთ პოზიციების დაახლოება, ორივე მხარემ კომპრომისული ნაბიჯებიც გადავდგით, მაგრამ საბოლოო შეთანხმებამდე მაინც ვერ მივედით.

- ალიანსელები აცხადებდნენ, პრაიმერისტებთან ალასანიამ ისეთი რამ ნახა, რაც ძალიან არ მოეწონაო. იყო მინიშნება ლევან გაჩეჩილაძის "საძმოზეც".

- ბოლო ათი დღის განმავლობაში ბევრ ჩემს პოლიტიკურ მეგობარს და კოლეგას შეფასებებისას სიტყვა გაექცა. ემოციურობა ქართველი საზოგადოების თვისებაა და ეს კარგად წარმოაჩენს, რამდენად გვაღელვებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

როგორც ერთიანმა ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა, ლევან გაჩეჩილაძემ დიდი წვლილი შეიტანა ოპოზიციის ბრძოლაში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლევანთან მეგობრული, კარგი და სუფთა ურთიერთობა მქონდა. დარწმუნებული ვარ, თუ ის გადაწყვეტს პოლიტიკაში აქტიურად ჩაებას, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ წვლილს შეიტანს ოპოზიციურ ბრძოლაში.

- თქვენ მხარი დაგიჭირათ საზოგადოების ერთმა ნაწილმა, რომელიც კალათბურთის სასახლეში შეიკრიბა, მაგრამ მანამდე საზოგადოება ჭადრაკის სასახლეში უკრავდა ტაშს ოპოზიციის ერთობას. ეს ფაქტი ხომ საზოგადოების გახლეჩასა და იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა არჩევნებზე რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატი ვიხილოთ, რაც ფაქტობრივად უგულავას გამარჯვებას ნიშნავს.

- ეს ნიშნავს ოპოზიციური ხმების გაყოფას. ცდას არ დავაკლებ, რომ ოპოზიცია და საზოგადოება გაერთიანდნენ, მაგრამ რადგან დრო აღარ ითმენს, საერთო კანდიდატის გამოვლენა აღარ უნდა დაგვიანდეს. უნდა შევთანხმდეთ, რომ ამ ბრძოლაში ერთმანეთს ვუდგებით გვერდით და არა ვიღაც-ვიღაცებს.

- თქვენ ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე ლაპარაკობთ, მაშინ, როდესაც კახა კუკავა თქვენზე ამბობს, ძნელია ენდო კაცს, რომელმაც ჩვენი კეთილგანწყობა ბოროტად გამოიყენაო.

- შეთანხმებას რომ ვერ მივაღწიეთ, არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ ნდობა ბოროტად გამოიყენა. მე ვერ დავუშვებდი, რომ ახალი ერთობის ჩამოსაყალიბებლად უკვე არსებული ერთობა "ალიანსი საქართველოსათვის" დარღვეულიყო. მე ორი პოლიტიკური ბანაკის შეკავშირებისთვის გადავდგი ნაბიჯი, რადგან ეს ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, ისევ "ალიანსში" გავაგრძელე საქმიანობა.

- არის მოსაზრება, რომ თუკი სოციოლოგიურ გამოკითხვაში თქვენი კონკურენტი ლევან გაჩეჩილაძეც იქნებოდა, მას გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა და ამიტომ თქვით გამოკითხვაზე უარი.

- ჩემი და ლევანის ურთიერთობა პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა დგას. ასეთი რამ ჩვენ შორის არ მოხდებოდა.

- იმას გულისხმობთ, რომ ლევან გაჩეჩილაძემ უპირობო მხარდაჭერა გამოგიცხადათ და გითხრათ, რომ თქვენს კონკურენტობას არ აპირებს?

- ერთს გეტყვით: მე და ლევანს გულწრფელი ურთიერთობა გვაქვს. მისგან უპირობო მხარდაჭერა არ მიმიღია. არც პირად საუბარში უთქვამს, რომ საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებდა და მე დამიჭერდა მხარს.

- ითქვა, ალასანია პრაიმერისტებთან დისტანცირებით გაერიდა იმ ჯგუფს, რომლებიც ჭექა-ქუხილის მოსაწყობად ემზადებიანო.

- რევოლუცია ქუჩაში კი არა, ჩვენს შეგნებაში უნდა მოხდეს. უნდა გადავლახოთ ის სტერეოტიპი, რომ არჩევნებით არაფრის შეცვლა არ შეიძლება. როდესაც საკუთარ შესაძლებლობებს ვირწმუნებთ, სწორედ ეს იქნება რევოლუციური გარდატეხა. მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა მოვიდეს არჩევნებზე, რომ ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. თუ მოსახლეობა არ იაქტიურებს, გამარჯვების შანსი შემცირდება და გაყალბების ალბათობა გაიზრდება. ჭექა-ქუხილზე განცხადება პოლიტიკოსს არ გაუკეთებია და მასზე კომენტარი პოლიტიკოსმა არ უნდა გააკეთოს.

- მაგრამ ლევან გაჩეჩილაძეც აცხადებს, თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, მე და ქართველი ხალხი ამას არ მოვითმენთო.

- გაყალბებულ შედეგებს არც ჩვენ მივიღებთ და ხმების დასაცავად რამდენიმე ინსტრუმენტს გამოვიყენებთ. ჩვენ უნდა გვქონდეს დოკუმენტაცია, სად და როგორ გაყალბდა არჩევნები. დოკუმენტაციას წარვუდგენთ აქაურ სასამართლოსაც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც, რომლის ჩართულობა ამ პროცესში დღეს სხვაგვარია.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, ამ არჩევნებს ვუყურებთ, როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადამწყვეტ ფაქტორს და ვითხოვთ, გამჭვირვალე და თავისუფალი იყოსო. ჩვენ არ შევურიგდებით არჩევნების გაყალბებას, ვიბრძოლებთ სასამართლოშიც, საპროტესტო აქციებსაც მოვაწყობთ და საზოგადოებასაც გამოვიყვანთ ქუჩაში. თუმცა ჩვენ ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის მივდივართ და არა პროტესტის საბაბის მოსაძებნად.