"აბა, მამი, ხე?" - ანუ ვინ დათვალოს... ნერგები - კვირის პალიტრა

"აბა, მამი, ხე?" - ანუ ვინ დათვალოს... ნერგები

"ახალი ნერგების უმეტესობა განწირულია გახმობისთვის"

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა. საზოგადოების ნაწილის მწვავე რეაქცია გამწვანების საკითხს მოჰყვა. "წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც დედაქალაქში მილიონი ხის დარგვას გულისხმობდა, ნაწილობრივ შესრულებულია: ნახევარ მილიონამდე ხე უკვე დარგულია", - განაცხადა მერმა. მას შემდეგ, რაც ნარმანიას ამ განცხადებას რეზონანსი მოჰყვა, თბილისის მუნიციპალიტეტმა გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც დატანილია ადგილები, სადაც მისიი მტკიცებით 480 000 ხე დარგეს.

რუკის მიხედვით, გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე - 12 834, ჩუღურეთის გამგეობის მიმდებარედ კი 3 000 ნერგი უნდა ყოფილიყო. დიდი მონდომების მიუხედავად, ამ რაოდენობის ახალი ნარგავები ვერსად ვნახეთ.

"გამწვანების" რუკა, რომელმაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. რუკაზე მითითებულია არა დარგული ნერგების რაოდენობა, არამედ კონკრეტულ გამგეობებზე გადანაწილებული სანერგე მასალა

ერეკლე ურუშაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტიზანი მებაღეების" წარმომადგენელი: - იმ რესურსით, რაც თბილისის მერიას აქვს, სტანდარტების შესაბამისად შეუძლებელია 480 000 ხის დარგვა. რაც შეეხება რუკას, არაზუსტია. მაგალითად, რუკის მიხედვით, თბილისის ზღვის მიმდებარედ 200 000 ახალი ნერგია დარგული. ასეთი სიმჭიდროვით ხეების დარგვა სად გაგონილა?! გლდანის, ნაძალადევისა და ჩუღურეთის გამგეობებთანაც თითქოს ათიათასობით ხეა დარგული. რუკის მიხედვით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა თავიანთ დაქვემდებარებულ რაიონებში გადაანაწილეს ნერგები. მცირე რაოდენობის ხეები კი სტანდარტების შეუსაბამოდ დარგეს, რაც სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი გამოყენებაა. ფული უნდა დაიხარჯოს რაციონალურად. მხოლოდ ხეების დარგვა კი არა, მწვანე საფრის მოვლაც საჭიროა. ქალაქში ბევრი დაავადებული ხეა, რომლებზეც არ ზრუნავს მერია. გამწვანების რესურსი გადართულია არარეალურ პროგრამაზე. უნდა დაერგოთ განვითარებული, უკვე მომძლავრებული, 2-3-მეტრიანი ნერგი, რომ ადვილად არ დაზიანდეს. ფილარმონიასთან მართლაც დაირგო ახალი ნერგები, რომელიც 3 მეტრამდე სიმაღლისაა, მაგრამ დანარჩენ ადგილებში, მაქსიმუმ, ერთმეტრიან ნერგებს რგავენ, ზოგან კი მათი სიმაღლე 30 სანტიმეტრამდეა. ახალი ნერგების უმეტესობა განწირულია გახმობისთვის."

ნინო სულხანიშვილი, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი: - ნერგების შესყიდვასთან დაკავშირებით, არსებობს ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, რაც უტყუარი მტკიცებულებაა, რომ ნამდვილად შევისყიდეთ. არსებობს ასევე კონტრაქტორებთან დადებული ხელშეკრულებები, სადაც მითითებულია შესასრულებელი სამუშაოს პირობები, ვადები და სხვა ვალდებულება. ამ საქმიანობის გაკონტროლება ჩვენი სამსახურის ზედამხედველებს ევალებათ. გამწვანების სამსახურის კონტრაქტორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავდა რუკა, რომელზეც დატანილია ადგილები, სადაც ნერგებია დარგული.

- რუკის მიხედვით, მაგალითად, გლდანის გამგეობის მიმდებარედ რამდენიმე ათასი ხე უნდა იდგეს.

- რუკაზე მითითებულია არა დარგული ნერგების რაოდენობა, არამედ კონკრეტულ გამგეობებზე გადანაწილებული სანერგე მასალა. გადავამოწმე და დავრწმუნდი, რომ ზუსტად 12 000 ნერგი არის გლდანის გამგეობის ბალანსზე, საიდანაც ამხანაგობებსა და ფიზიკურ პირებს გადაეცემა... სხვა ადგილებიც გადავამოწმეთ და დავრწმუნდით, რომ ნერგები ნამდვილად არის დარგული.

- ჩვენ არც ჩუღურეთის გამგეობასთან დაგვხვდა ნერგები...

- ჩუღურეთში 3 000 ნერგია დაფიქსირებული ვირტუალურ პინზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე დაირგო 3 000 ნერგი.

- სპეციალისტები აცხადებენ, რომ ნერგები მცირე ზომისაა და უმრავლესობა განწირულია გახმობისთვის...

- 270 000 ძირი, რომელიც შევისყიდეთ სართიჭალის სანერგე მეურნეობიდან, ძირითადად, ქალაქის პერიფერიულ ნაწილში დასარგავად, ანუ ტყის აღსადგენად გამოიყენება. არსებობს რეკომენდაცია და საერთაშორისო პრაქტიკა, რომ ასეთ ტერიტორიებზე 2-3-წლიანი ნერგები უნდა დაირგოს, მათი სიმაღლე კი 10-20 სანტიმეტრია.

რაც შეეხება ქალაქს, ნამდვილად სჭირდება მილიონი ხე, მაგრამ დღეს თბილისს არ გააჩნია გამწვანების კონცეფცია.

როგორც წესი, ნებისმიერი განაშენიანების დროს უნდა შედგეს პროექტი, რომელიც მოიცავს სქემას, მოვლით ღონისძიებებს, დარგვის ტექნოლოგიას, სახეობებს, ნიადაგს, ლანდშაფტის დიზაინს. სამწუხაროდ, ამ სეზონამდე სპონტანურად ხდებოდა ტერიტორიების გამოყოფა. შემდეგ სეზონზე, ყველა ტერიტორია პროექტის შესაბამისად განაშენიანდება. თუმცა აქამდე რა სამუშაოებიც განხორციელდა, ისიც მისაღებია. 50 სანტიმეტრამდე ნერგები დაირგო, რომლებიც დედაქალაქის კლიმატური და რელიეფური პირობების შესაბამისი აღმოჩნდა. თუმცა ყურადღების მიღმა დაგვრჩა ვიზუალური მხარე. მომავალში ხარისხსა და რაოდენობაზე თანაბრად ვიქნებით ორიენტირებული.

- სპეციალისტები ამბობენ, რომ ნერგები განწირულია გახმობისთვის და ის თანხა, რომელიც გადაიხადეთ, წყალში გადაყრილი ფულია...

- შეუძლებელია ნერგების 100%-ით გახარება. გახმობის შემთხვევაში ნერგს ახლით ჩავანაცვლებთ.

სამწუხაროდ, დედაქალაქში დარგულ ნერგებს არა აქვს ბარიკადები და დაზიანების მაღალი ალბათობა არსებობს. თუმცა ნერგების მოვლის ღონისძიებები გათვალისწინებულია და შესაბამისად, გახარების კოეფიციენტიც მაღალია.

თორნიკე ყაჯრიშვილი