"აფილირებული მედიამენეჯერი" თუ "რაფინირებული პროკურორი"?! - რამ, გაამწარა გვარამია?
14-12-2015
"აფილირებული მედიამენეჯერი" თუ "რაფინირებული პროკურორი"?! - რამ, გაამწარა გვარამია?
"ეჭვი, გადამოწმებულია თუ გადაუმოწმებელი, ჩემთვის საკმარისია"(?!)

როგორც ჩანს, გვარამია ისე გააღიზიანა ახალი მთვლელის გამოჩენამ, რომ უტიფარ ბრალდებებსაც არ მოერიდა. როცა ვინმეს აფილირებაზე ლაპარაკობ, სულ ცოტა, ის მაინც უნდა გახსოვდეს, რომ ამ ყველაზე სანდო და რეიტინგული გამოცემის უკან, გამოცდილი, ობიექტური, მიუკერძოებელი და პროფესიონალი ჟურნალისტების მთელი არმია დგას. აღარაფერს ვამბობ ჩვენს ერთგულ მკითხველზე, რომელთა რაოდენობაზე გაზეთის ტირაჟი და 20 წლის განმავლობაში შენარჩუნებული სანდოობის უმაღლესი ხარისხი მეტყველებს. შესაბამისად, გვარამიას ბრალდებას უპასუხოდ ვერ
დავტოვებდი და მისგან ამ განცხადების დოკუმენტური დასაბუთება ან თუნდაც ფაქტებით გამყარება მოვითხოვე. როგორც მისი კომენტარებიდან აღმოჩნდა, გვარამია თავის განცხადებებში მხოლოდ "მოარულ" ხმებს ეყრდნობა და პროფესიით იურისტი მედიამენეჯერისთვის ცილისწამება "როგორც ამბობენზე" დაყრდნობით საკმარისი და მისაღებია.

- ბატონო ნიკა, თქვენი განცხადების განმარტება მინდა გთხოვოთ. თქვენ თქვით, რომ თევდორაშვილი
არის "მკაფიოდ აფილირებული" ბიძინა ივანიშვილთან. იქნებ უფრო დამიზუსტოთ, რას გულისხმობდით?

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:

- ბიძინა ივანიშვილისა და ჰოლდინგ "კვირის პალიტრის" ურთიერთობა ძალიან დიდ დროს ითვლის. მის ხელისუფლებაში მოსვლამდეც იყო ეს ურთიერთობა. თვითონაც არ მალავს,­ აქვს განცხადებები ამასთან დაკავშირებით გაკეთებული და ეჭვი არსებობს, რომ ის ერთ-ერთი დამფინანსებელია ამ ორგანიზაციის. ესეც რომ არ არსებობდეს, ჩვენთვის აბსოლუტურად საკმარისი გარემოებაა ის, რომ ბატონი თევდორაშვილი წარმოადგენს მედიასექტორს და მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ეწევა.

- მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ ასეთი განცხადება გააკეთოთ... ვფიქრობ, მეტი დამაჯერებლობისთვის რამე დამამტკიცებელი გარემოება უნდა გქონდეთ. გაქვთ ასეთი?

- მე არც პირველი ვარ, ვინც ამას ამბობს(?!) და არც უკანასკნელი.

- როგორც მივხვდი, ეს არის თქვენი მოსაზრება და ამის არანაირი დამადასტურებელი საბუთი თქვენ არ გაგაჩნიათ...

- გაქვთ რამე დოკუმენტი "რუსთავი 2"-ის "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირების თაობაზე?

- თქვენ ჩემგან მსგავსი რამ მოგისმენიათ?
- თქვენი გაზეთისგან და ტელევიზიისგან მომისმენია. გაქვთ რამე დამადასტურებელი დოკუმენტი ამისა?

- ეს არ არის პასუხი ჩემს კითხვაზე...

- ეს არის პოზიცია, რომელიც არა მხოლოდ მე მაქვს, არამედ ბევრ ადამიანს.

- დაგვისახელებთ ამ ადამიანებს?

- ხომ გითხარით, ბევრ ადამიანს...

- ანუ თქვენი პოზიციაა ეს?
- ცხადია, დოკუმენტი რომ მქო­ნდეს, გამოვაქვეყნებდი, თუ ეს გაინტერესებთ. მე მაქვს ასეთი­ ეჭვები... უბრალოდ, ამასთან დაკავშირებით ლაპარაკობენ და ჩემთვის ეჭვი ამ ვითარებაში საკმარისია... გადამოწმებულია ეს ეჭვი თუ გადაუმოწმებელი, ჩემთვის, როგორც იმ მედიის ხელმძღვანე­ლ­ისთვის, რომელსაც ივანიშვილი ებრძვის, სავსებით საკმარისია.

- ახლა დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას აფილირების თაობაზე. იმ ფონზე, როცა ვიცით "რუსთავი 2"-ის ურთიერთობის შესახებ "ნაციონალურ მოძრაობასთან", როცა არსებობს თქვენი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი სააკაშვილთან, რომლის ნამდვილობაც დაადასტურეთ, თქვენ ვინმეს აფილირებაზე როგორ ლაპარაკობთ?

- ჩემი პერსონალური ურთიერთობა სააკაშვილთან არც "რუსთავი 2"-ით დაწყებულა და არც "რუსთავი 2"-ით დასრულდება. სააკაშვილი არის ჩემი ახლო მეგობარი და მასთან ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერ დროს ვისაუბრებ. ეს არაფერს არ ადასტურებს.

- კი მაგრამ, პირდაპირ ელაპარაკებით სააკაშვილს დაფინანსებაზე, რა ვჭამოთო?
- სააკაშვილს კი არ ვეუბნები, ფული მომეცი-მეთქი, ვეუბნები ჩემს პრობლემას, რომ ფული არა მაქვს... 

- ბარიკადები და რევოლუციური სცენარი?

- ეს კაცი არის პოლიტიკოსი და მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა.

- მანამდე ურთიერთობა "ნაციონალური მოძრაობის" "რუსთავი 2"-თან და მილიონობით ჩამოწერილი დავალიანება სახელისუფლებო ტელევიზიებისთვის?..
- მე იმას კი არ უარვყოფ, რომ ეს კავშირი არსებობდა, ვამბობ, რომ დოკუმენტურად მტკიცებულებები ასეთ ვითარებაში ძალიან რთულად მოიპოვება, წარმოუდგენელია ფაქტობრივად რომ არსებობდეს.

P.S. იმ ფონზე, როცა არსებობს ფაქტები "რუსთავი 2"-ის მკვეთრი აფილირებისა "ნაციონალურ მოძრაობასთან", ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე სხვა მედიასაშუალებისკენ ხელი არ უნდა გაიშვირო(!). იურისტ გვარამიას უნდა ესმოდეს, რომ საკუთარ სიტყვებზე პასუხისგება ყველას უნდა შეგვეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი იაფფასიან ჭორაობას ან ქუჩაში ბირჟაზე საქმეების გარჩევას ემსგავსება. ყოფილ გენერალური პროკურორის მოადგილეს და დღევანდელ მედიამენეჯერს, მგონი, ეს კარგად უნდა მოეხსენებოდეს!
სხვათა შორის, ჩვენს გამოცემას ყველა ხელისუფლებასთან ჰქონდა პროფესიული ურთიერთობა. "კვირის პალიტრისთვის" არაერთი ექსკლუზიური ინტერვიუ მიუციათ ედუარდ შევარდნაძესა და მიხეილ სააკაშვილსაც (მისი მმართველობის საწყის წლებში), სადაც ისინი ასევე გამოხატავდნენ პატივისცემას ჩვენი გაზეთის მიმართ. ბატონო ნიკა, თქვენი აზრით, მათთანაც ვიყავით აფილირებული?!

რამ გაამწარა გვარამია?

ბაზარზე სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი ახალი კომპანიის შემოსვლას ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის ხელმძღვანელის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა. ნიკა გვარამიამ თავისი დამოკიდებულება კომპანია "ტრი მედია ინტელიჯენსის" (TMI) მიმართ იმით ახსნა, რომ თითქოს ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი გიორგი თევდორაშვილი, "მკაფიოდ აფილირებულია" ბიძინა ივანიშვილთან. რატომ ღელავს ასე ერთ-ერთი რეიტინგული ტელევიზიის დირექტორი, როცა რეალურად საქმე ამ სფეროში კონკურენციის გაჯანსაღებას ეხება? იქნებ იმიტომ, რომ აქამდე მთლად ზუსტად არ ხდებოდა სატელევიზიო რეიტინგების დათვლა?! ფაქტია, რომ "რუსთავი 2"-ის დირექტორი საკუთარი პოზიციის გამოხატვისას ცილისწამებასა და ცრუ ბრალდებებს არ ერიდება და ეს მაშინ, როცა საკუთარი სიტყვების დასტურად არაფერი აქვს და საბუთად მხოლოდ საკუთარ ეჭვებს იშველიებს(!).

ჩემი შენ გითხარიო...

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის, როგორც ერთი ადამიანის დამოკიდებულებას "კვირის პალიტრის" მიმართ, თუ ეს ჩარჩა გულში ხინჯად გვარამიას, რომ მაშინდელმა პრემიერმა საჯაროდ ყველაზე ობიექტურ მედიასაშუალებად დაასახელა, მის მსგავსად, ჩვენი გაზეთი ასიათასობით მკითხველს მოსწონს, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურებს, დიპლომატებს (აქვე შეგახსენებთ აშშ-ის მოქმედი ელჩის ინტერვიუდან ამონარიდს, სადაც მან ჩვენს მედიასახლს "თავისუფალი სიტყვის ბასტიონი" უწოდა), რიგით მოქალაქეებს. გამოდის, ყველასთან ვყოფილვართ აფილირებული და ყოველი მათგანი გვაფინანსებს ყოველ ორშაბათს გაზეთის ახალი ნომრის შეძენით. ახლა აფილირებას რაც შეეხება, რაც სიტყვასიტყვით შემდეგს ნიშნავს: "აფილირებული პირი"- ნებისმიერ პირთან მიმართებაში ნიშნავს რომელიმე სხვა პირს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ, ერთი ან მეტი შუამავლის მეშვეობით აკონტროლებს ასეთ პირს, კონტროლდება ასეთი პირის მიერ, ან ამ უკანასკნელთან ერთად ზოგადი კონტროლის ქვეშ იმყოფება". ეს განსაზღვრება კი მე სულ სხვა ურთიერთობებს მახსენებს.

გენპროკურორის მოადგილეობიდან ტელევიზიის გენდირექტორობამდე


2004-2007 წლებში ნიკა გვარამია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო. 2007 წელს ის საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. ეს ის პერიოდია, როცა შეთითხნილი ბრალდებებით ხალხი მასობრივად ხვდებოდა ციხეებში, მათი ქონების გადაფორმება კი ღამღამობით "ჯიბის ნოტარიუსების" მიერ ხდებოდა. 2008 წელს გვარამია "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის იუსტიციის მინისტრი გახდა, შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო. ახლა კი ის რატომღაც (!) ცდილობს, საკუთარი თავი დამოუკიდებელი მედიის ობიექტურ ხელმძღვანელად წარმოაჩინოს და აფილირებაში სხვებს უაპელაციოდ სდებს ბრალს.
თუმცა არც ეს არის ყველაფერი. როგორც ჩანს, გვარამიას მოკლე მეხსიერება აქვს და როცა სხვის აფილირებაზე საუბრობს, ავიწყდება 2010 წელს განხორციელებული საგადასახადო ამნისტია, რომელიც, ფაქტობრივად, სახელისუფლებო ტელევიზიებისთვის გამოცხადდა. 36 მილიონი ლარიდან ყველაზე დიდი ოდენობით სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი დავალიანება იმ დროს მთავრობის პოლიტიკური კურსის გამტარებელ ტელევიზიებს - "რუსთავი 2"-სა და "იმედს" ჩამოაწერეს, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს კი დავალიანება მთავრობის მიმართ, უბრალოდ, არ ერიცხებოდათ, რადგან ასეთ რამეს მათ არავინ შეარჩენდა. ახლა ვინ ვისთან არის და იყო აფილირებული, თავად განსაჯეთ.

და კიდევ, სააკაშვილისა და გვარამიას სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერიც არ უნდა გამოგვრჩეს, რომლის ნამდვილობა "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის(?!)" ხელმძღვანელმა პირველსავე დღეს დაადასტურა. ამ ჩანაწერის თანახმად, ექსპრეზიდენტი, რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ლიდერი და ტელევიზიის ხელმძღვანელი, "რუსთავი 2"-თან ბარიკადების მოწყობას და რევოლუციური სცენარის განვითარებას გეგმავენ. დღეს კი ეს ადამიანი სხვა მედიასაშუალებას სწამებს ცილს ვინმესთან აფილირებაში; მგონი უხერხულია...

დათო
16 დეკემბერი 2015 12:16
რუსთავი-2, გარყვნილობის მქადაგებელი არხია. ნიკას თამადობით ყველა ერთი ხელის მოსმით გასაყრელები არიან.
MARINA
15 დეკემბერი 2015 19:26
კვირის პალიტრა ერთი დღეც რომ არ წავიკითხო ასე მგონია ჯურღმულში ვზივარ და ვერაფერს ვერ ვხედავ, პალიტრას ჟურნალისტებს ვუსურვებ წარმატებებს და ყველას ვისაც ამ გაზეთთან აქვს შეხება ჯანმრთელობას და ხალხის მფარველობას თქვენგან მაგარო ჟურნალისტებო
ჯიჯი
15 დეკემბერი 2015 11:16
რატომ არ აწყვეტიებენ ხმას ამ გარეწრებს და რატომ არის მთვრობა მუდმივად თავისმართლების პოზიციაში! ვინმე გადარეული არ არსებობს,რომ დაერიოს მაგ ჭინკებს და ბოლო მოუღოს? მოთმინებასაც აქვს საზღვარი! ყველაფერს აქვს საზღვარი,ოდესღაც ყველაფერი სრულდება! 30 წელიწადია ხალხმა ვერ ამოისუნთქა, ერთი მუჭა მუქთახორების გამო. დაამთავრეთ ბობლოს და ბოლოს, თორემ ხალხი დაამთავრებს და დაემშვიდობეთ სკამებს!

რედაქტორის რჩევით