"კოკაინის საქმეზე გასამართლებულის შეწყალებას ელისაშვილისგან ბესელია და კობახიძე ითხოვდნენ?!" - ჟურნალისტური გამოძიება - კვირის პალიტრა

"კოკაინის საქმეზე გასამართლებულის შეწყალებას ელისაშვილისგან ბესელია და კობახიძე ითხოვდნენ?!" - ჟურნალისტური გამოძიება

კოკაინის საქმიდან "შეწყალების სკანდალამდე"

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებებს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ელისაშვილის თქმით, წელიწად-ნახევრის წინ რამდენიმე პოლიტიკოსი შეწყალების კომისიისგან კონკრეტული პატიმრების შეწყალებას ითხოვდა, რაშიც მათ სოლიდური თანხა ჰქონდათ აღებული. ამის შემდეგ შეწყალების კომისიის მოქმედმა თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთი საჯარო მოხელე კონკრეტული პატიმრების საქმეების მიმართ არაჯანსაღ ინტერესს იჩენდა. ელისაშვილისა და ქორიძის განცხადებებით პროკურატურაც დაინტერესდა, სადაც შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები დაჰკითხეს.

ალეკო ელისაშვილი:

- მმართველი გუნდის წევრები თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩემზე ზეწოლას ინტენსიურად ცდილობდნენ - დაუფარავად მეუბნებოდნენ, წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების გვერდის ავლით რამდენიმე პატიმრის ბედი განმეხილა და პრეზიდენტისთვის მათი შეწყალება მეთხოვა. ამ პოლიტიკოსებმა კარგად იცოდნენ, რომ პრეზიდენტთან ვმეგობრობდი. კომისიას ხუთი თვის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი და ჩემს ხელში შეწყალების სამმა ეტაპმა გაიარა. თანამდებობის პირები ყოველი ეტაპის დაწყებისას მირეკავდნენ, წერილებს მწერდნენ, ამას ისტერიკული სახე ჰქონდა. თავგამოდებით ცდილობდნენ, თავიანთი გაეტანათ და მეუბნებოდნენ, რომ ამ პატიმრის დაკავების უკან პოლიტიკური მოტივები იდგა, რასაც პირადად მე ამ საქმეში ნამდვილად ვერ ვხედავდი. ამ ყველაფერზე დეტალური ინფორმაცია პროკურატურას უკვე მივაწოდე.

სანდო ადამიანმა, რომელიც დღესაც თანამდებობის პირია, მითხრა, რომ პატიმრების გათავისუფლებაში პოლიტიკოსების დაინტერესება შემთხვევითი სულაც არ არის. მათ წინასწარ ჰქონდათ აღებული 200 ათასი დოლარი და თუ საქმე პრეზიდენტის შეწყალებამდე მივიდოდა, ჯამში 1,5 მილიონი უნდა აეღოთ. ამის შესახებ საქმის კურსში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსი ლაშა აბაშიძე და თავად პრეზიდენტი ჩავაყენე. ამ თემაზე მეგობრული საუბარი მქონდა თავდაცვის მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ეს ამბავი წელიწად-ნახევრის წინ ხდებოდა...

როგორც კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ინფორმაცია მივაწოდე, მან საქმის კურსში ჩააყენა შესაბამისი სტრუქტურები. დაახლოებით თვე-ნახევარში კი გიორგი ბადაშვილსა და მის მოადგილე გიორგი გოგაძეს შევხვდი და საქმის დეტალებზე ვესაუბრე.

- ლაშა აბაშიძე ამ საკითხზე არ ლაპარაკობს, დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი კი თქვენთან მსგავს თემაზე საუბარს ვერ იხსენებენ. ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ არც კომისიის წევრებს, ამ თემაზე თქვენთან შეხვედრას ვერ იხსენებს გოგაძეც...

- გიორგი გოგაძე უტიფარია - წარბის შეუტოკებლად უარყო ეს ყველაფერი, რადგან მიხვდა, რომ მას შემდეგ, რაც ამ პოლიტიკოსებს ციხის კარამდე მივაცილებთ, მისი ჯერიც დადგება. გოგაძემ და ბადაშვილმაც ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაცია უგულებელყვეს და რეალობის დადგენით არც კი დაინტერესებულან. ვპირდები, რომ ამის გამო ისინიც აგებენ პასუხს. მზად ვარ, ნებისმიერ დროს ვითანამშრომლო სამართალდამცველებთან - უნდა დაისაჯონ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ გზით ფულის შოვნას ცდილობდნენ. თუ დავინახავ, რომ პროკურატურა ამ საქმის ჩაფარცხვას ცდილობს, კონკრეტული პოლიტიკოსების სახელებსა და გვარებს, ფულის გადამხდელთა და პატიმრების ვინაობას გავასაჯაროებ. რაც შეეხება უსუფაშვილსა და ხიდაშელს, მათ უბრალოდ, მეგობრულად მივაწოდე ინფორმაცია.

- თანამდებობის პირისთვის ასეთი ინფორმაციის მეგობრულად მიწოდება როგორ წარმოგიდგენიათ?

- მათ ვენდობოდი და ამიტომ ვუთხარი, სამსახურებრივად კი ისე მოვიქეცი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი - პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ჩავაყენე საქმის კურსში.

- პატიმარი, რომლის გათავისუფლებაშიც პოლიტიკოსები იყვნენ ჩართული, დღეს თავისუფალია?

- არა, პატიმარია.

ჩვენ ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარეთ იმის დასადგენად, თუ ვინ იყო ის პატიმარი, რომლის შეწყალების სანაცვლოდ ლამის ორ მილიონამდე დოლარს იხდიდნენ და რომელი პოლიტიკოსები ახდენდნენ ზეწოლას შეწყალების კომისიის მაშინდელ თავმჯდომარეზე. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომელმაც ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, კვალი ე. წ. კოკაინის საქმემდე მიდის.

"კოკაინის საქმე"

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით,"2010 წლის 2 ივნისს ქუთაისსა და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. საბერძნეთის მოქალაქე და ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი ამ ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. ტვირთში გადამალული იყო კოკაინის დიდი პარტიები საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი განაწილების მიზნით. ტვირთი ჩამოდიოდა ფოთში ანასტასია ზაუტაშვილის ბიძაშვილის - რომან მუსემიანის სახელზე... ნარკოტიკების ერთ-ერთი პარტიის ტრანსპორტირებისათვის ჯგუფი ნუგზარ ბოჭორიშვილის ზარს ელოდებოდა ესპანეთიდან. ბოჭორიშვილის დარეკვის შემდეგ, ჩეჩელაშვილმა და მისმა მეგობარმა, რომელსაც დახმარებისთვის 10 000 ევრო აღუთქვეს, მანქანის ბამპერში დამალეს კოკაინი და თურქეთში წაიღეს... გამოძიებისთვის ცნობილია, რომ ამგვარი რეისი რამდენიმეჯერ განხორციელდა. ჩეჩელაშვილის მეგობარს ტვირთის თანხლებისთვის ორჯერ 10 000-10 000 აშშ დოლარი გადაუხადეს, ნაცვლად დაპირებული 10 000-10 000 ევროსი. ამას გარდა, ჯგუფმა გადაწყვიტა ამ უკანასკნელის საქმიდან ჩამოშორება. შეშფოთებულმა კურიერმა ქართველ კრიმინალებს სთხოვა დახმარება. კრიმინალებმა იმ დროს საქართველოში მყოფი ბოჭორიშვილი დაიბარეს და 250 ათასი დოლარის მოტანა მოსთხოვეს. საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს, თენგიზ გურჩიანს დაუკავშირდა "კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვი და ბოჭორიშვილის დახმარება სთხოვა. გურჩიანი შეხვდა ბოჭორიშვილის დაშინების მოსურნე კრიმინალებს და ბოჭორიშვილზე ზეწოლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო... ჯგუფმა კურიერის ლიკვიდაცია გადაწყვიტა. ცოტა ხანში ბოჭორიშვილი დაუკავშირდა ანასტასია ზაუტაშვილს და მისცა კილერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლისთვისაც ზაუტაშვილს კურიერის მკვლელობა უნდა შეეკვეთა. აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ისინი 2 ივნისს აიყვანეს. ჩხრეკისას მევლუდ სვანიძის ეზოდან ამოღებულ იქნა მიწაში დამარხული დაახლოებით 1 700 000 ევრო, ხოლო ანასტასია ზაუტაშვილის ბინიდან - 50 000 ევრო. დაკავებულებს 30-30-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ნუგზარ ბოჭორიშვილს კი განაჩენი დაუსწრებლად წარუდგინეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ის საბერძნეთის მოქალაქეა და არსებული ინფორმაციით, დღეს ესპანეთში ცხოვრობს. 2012 წლის შემდეგ მიღებული ამნისტიით ანასტასია ზაუტაშვილს სასჯელი 12 წლამდე შეუმცირდა, იგი სასჯელს მეექვსე წელია იხდის.

ვინ ცდილობდა ზაუტაშვილის ჩასმას პოლიტპატიმართა სიაში?!

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ე.წ. კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა. ერთ-ერთი ვერსიით, ბოჭორიშვილი აღნიშნული თხოვნით დეპუტატებს, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს დაუკავშირდა. აღსანიშნავია, რომ მანანა კობახიძე ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი გახლდათ. თუმცა წყაროს ცნობით, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანასტასია ზაუტაშვილის პოლიტპატიმართა სიიდან ამოღება მოითხოვა და თავისიც გაიტანა.

სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლა. წყაროს მტკიცებით, ანასტასია ზაუტაშვილის განცხადება შეწყალების კომისიაში განსახილველად ჯერ კიდევ 2014 წლის ივლისში შევიდა, თუმცა საქმე შეწყალების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა, რაც დანაშაულში მონაწილე პირების მიერ სასჯელის ნახევრის მოხდას გულისხმობს. შესაბამისად, ანასტასია ზაუტაშვილის საქმის არსებით განხილვაზე კომისიამ უარი განაცხადა. კომისიისგან უარი მიიღო ამ საქმეში მონაწილე კიდევ ერთმა პირმა, რომან მუსემიანმა.

ვინ ახდენდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლას?!

ჩვენი წყაროს მტკიცებით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია. ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ორივე დეპუტატს კომენტარი ვთხოვეთ.

ეკა ბესელია: "ჭორის დონეზე ვერ ვისაუბრებ. დაველოდები გამოძიებას, მანამდე კომენტარს არ გავაკეთებ. დაველოდოთ, რას იტყვის ელისაშვილი".

მანანა კობახიძე, ვიცე-სპიკერი: "ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატი 2011 წელს სააპელაციო სასამართლოსა და შემდეგ უზენაეს სასამართლოში ვიყავი. საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმე გახლდათ. დიახ, ამ ადამიანების შეწყალებას ნამდვილად ვითხოვდი, რადგან დღესაც ვფიქრობ, რომ პატიმრობაში სერიოზული საპროცესო დარღვევებით იმყოფებიან. ჩვენებები მოწმეებზე ზეწოლით მოიპოვეს და ზოგადად, ბევრი სამართლებრივი კითხვაა პასუხგაუცემელი. ათეულობით საჩივარი მაქვს დაწერილი და როგორც მაშინ მჯეროდა, რომ საქმის გამოძიება დარღვევებით ჩატარდა, დღესაც ვფიქრობ, რომ ამ საქმის ხელახალი განხილვა უნდა დაიწყოს. ანალოგიური მოთხოვნით მთავარი პროკურორისთვისაც არაერთხელ ოფიციალურად მიმიმართავს, რადგან პატიმრების ნათესავები ამას ჩემგან, როგორც დეპუტატისგან, ითხოვდნენ. შეწყალების კომისიაშიც ვგზავნიდი რეკომენდაციას, რადგან ვფიქრობ, ამ ადამიანებმა სამართლებრივი მისაგებელი ვერ მიიღეს. ერთადერთი გზა მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეწყალება იყო.

ანასტასია ზაუტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესებულია, თანაც მას სამი შვილი ჰყავს, რაც ქმნიდა საფუძველს, რომ შეწყალების კომისიისთვის მიემართათ.

შესაძლოა, ალეკო ელისაშვილთან ოფიციალური განცხადებების გაგზავნის შემდეგ, მოვიკითხე, რა ეტაპზე იყო საქმის განხილვა და ისიც შესაძლოა, ელისაშვილს ვთხოვე, საქმე თაროზე არ შემოედოთ. გაასაჯაროოს ელისაშვილმა სატელეფონო ზარების შინაარსი. დიახ, მე დავრეკავ ყველასთან საჩივრის ბედის შესახებ, ვისთანაც ოფიციალური მოთხოვნა მაქვს გაგზავნილი. ეს ეხება სამინისტროებსაც და პროკურატურასაც. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმესთან დაჟინებული მოთხოვნა მქონდა. უსინდისობაა, თუ ალეკო ელისაშვილი ამას ასე აღიქვამს. ახლა მე ვითხოვ იმის მტკიცებულებას, რომ ამ საქმეში 200 ათასი მაქვს აღებული.

როგორც ჩანს, მისთვის წარმოუდგენელია დეპუტატი კანონიდან გამომდინარე მოქმედებდეს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვდეს. მათ უნდათ, ტალახი ესროლონ ადამიანებს.

ჰკითხონ დაკავებულების ოჯახის წევრებს, ვის გადაუხადეს თანხა, ეს მანანა კობახიძე ნამდვილად არ ყოფილა. თუ ვიღაცას უნდა, რომ არ დავიცვა პატიმრების უფლებები, მაშინ მანდატი უნდა დავტოვო. ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვები, პროკურატურისგანაც მოვითხოვ, რომ აუცილებლად დამკითხონ".

ადვოკატი ადასტურებს

ანასტასია ზაუტაშვილისა და ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული სხვა პირების ადვოკატი მირიან ნიკოლაძე "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ საპატიმროში დაკავებულებთან დაკითხვაზე გამომძიებლები შევიდნენ.

მირიან ნიკოლაძე, ადვოკატი: "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები გაგიჟებულები მირეკავენ. ელისაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით გამომძიებლები იყვნენ ციხეში დაკითხვაზე შემოსულები და რა ხდებაო. ნუგზარ ბოჭორიშვილს ორი კვირაა ვერ ვუკავშირდები... სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ ბოჭორიშვილმა დაკავებულების გათავისუფლებაში თანხა გადაიხადა ან პოლიტიკოსებს დახმარება სთხოვა. პატიმრები მეუბნებიან, რა უნდათ ელისაშვილსა და ქორიძეს, სამუდამო პატიმრობაში გვტოვებენო?!"

იხილეთ ასევე: "ნუ მაფიქრებინებთ, რომ ჩემი საწინააღმდეგო კამპანიისას ფასადად გიყენებენ" - ელისაშვილი ყოფილ პოლიტპატიმრებს მიმართავს

რუსუდან შელია