"დათა ახალა­იამ­ შემომითვალა, 10 "ტოიოტას" მარკის ჯიპი გვიყიდე და შეგეშვებითო" - რას ამბობს ე.წ. კოკაინის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი? - კვირის პალიტრა

"დათა ახალა­იამ­ შემომითვალა, 10 "ტოიოტას" მარკის ჯიპი გვიყიდე და შეგეშვებითო" - რას ამბობს ე.წ. კოკაინის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი?

ბესელია ელისაშვილს "ნაცმოძრაობასთან" ალიანსში ადანაშაულებს?!

ანასტასია ზაუტაშვილის ბიძაშვილი ელისაშვილთან შეხვედრას იხსენებს

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. შეწყალების სკანდალში ახალი დეტალები იკვეთება, საბოლოო წერტილის დასმისა და კონკრეტული პირების დასახელებისგან საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი თავს იკავებს. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების გათავისუფლებას დაჟინებით ითხოვდნენ, რის შესახებაც "კვირის პალიტრა", სანდო წყაროზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ წერდა.

ალეკო ელისაშვილი, საკრებულოს წევრი: "ვადასტურებ, რომ მართლაც "კოკაინის საქმეზე" მირეკავდნენ, მაგრამ პოლიტიკოსებს ვერ დავასახელებ. დადგება ამის დროც, ახლა გამოძიებას მივყვები ფეხდაფეხ. იურისტებთან გავდივარ კონსულტაციებს და მალე ინიციატივითაც გამოვალ, რომელიც ამ ვითარებას კალაპოტში მოაქცევს. საზოგადოებას უკვე წარვუდგინე ოფიციალური სატელეფონო ამონაწერები. 591-ზე იწყება ნომერი, რომელიც ინტენსიურად მიგზავნიდა წერილებს.

2014 წლის 30 აპრილს, 14:36 წუთზე შემოვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, 4 მესიჯი ზედიზედ. იქ იყო კატეგორიულ-ისტერიკულ ტონში მოთხოვნა, რომ საქმე განსახილველად გამეტანა. მას 16:15 წუთზე, დაახლოებით ორსაათ-ნახევრის შემდეგ ვუპასუხე. ეს დროის ის მონაკვეთია, როცა შეტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და პრეზიდენტს შევუტანე".

ეკა ბესელია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: "ელისაშვილს აკისრია ვალდებულება, პროკურატურას ფაქტები წარუდგინოს. წელიწად-ნახევრის განმავლობაში რატომ დუმდა? ის ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს, ან ვალდებულია, დაასაბუთოს ფაქტები და მტკიცებულებები წარადგინოს. ერთი გვარი მაინც დაასახელოს, ვინც ანგარების მოტივით მოხვდა სიაში.

თუ კორუფციული გარიგება რეალურად არსებობდა, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ელისაშვილმა უნდა აგოს პასუხი. სხვათა შორის, საინტერესო ჯგუფი შეიკრა მის ირგვლივ. ამ პროცესში "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებმა ბევრი რამ ცხადი გახადა. დააკვირდით, ელისაშვილის განცხადებების შემდეგ "ნაციონალები" და ამ ძალასთან ასოცირებული პირები ახმაურდნენ. ხაზგასმით ვამბობ, კონკრეტულ საქმეებზე ელისაშვილს არასოდეს შევხვედრივარ".

გაზეთის წინა ნომერში გასული მასალის შემდეგ, ე.წ. კოკაინის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული, რომან მუსემიანი, ციხიდან დაგვიკავშირდა.

რომან მუსემიანი, მსჯავრდადებული: "რამდენიმე დღის წინ ციხეში გამომძიებლები შემოვიდნენ და 4-5 საათი გვკითხავდნენ - რატომ ითხოვდით შეწყალებას და ვინმეს ფული თუ გადაუხადეთო? მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ და ციხეში ისე ჩამსვეს, საქმეში მტკიცებულებებიც კი არ არსებობს, შეწყალება რატომ არ უნდა მომეთხოვა?!

მანანა კობახიძე ჩვენი ადვოკატი იყო და, ბუნებრივია, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც სიმართლის გარკვევას ცდილობდა, ეს არ ნიშნავს, რომ მას სანაცვლოდ ფული გადავუხადეთ. შეამოწმონ ჩემი ოჯახის წევრები, რა ქონებას ფლობენ ისინი.

იმ თანხის ნახევარი რომ გადამიხადონ, რაც ელისაშვილმა დაასახელა, საერთოდ ხმას არ ამოვიღებ და სასჯელს ბოლომდე მოვიხდი. ან როგორ წარმოგიდგენიათ, კომისიას მხოლოდ ანასტასია ზაუტაშვილი შეეწყალებინა და ჩვენ ციხეში დავრჩენილიყავით? ის ჩემი ბიძაშვილია და კარგად ვიცი, მსგავს რამეს არასოდეს იზამდა. სხვათა შორის, თავად ელისაშვილი შემოდიოდა ჩვენთან, გვაიმედებდა, თქვენს საქმეს კომისიის სხდომაზე გამონაკლისი წესით გავიტან და პრეზიდენტსაც დაველაპარაკებიო, ყველაფერი სიტყვასიტყვით მახსოვს, ქორიძეც იმავეს გვეუბნებოდა. ამ ქაოსში მაინც ის მადარდებს, რომ ელისაშვილის პოლიტიკურ ინტერესს შესაძლოა ჩვენ შევეწიროთ".

"10 მილიონი გადაგვიხადე და შენს ნათესავებს გავათავისუფლებთო"

ე.წ. კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი დღეს ესპანეთში ცხოვრობს და ელისაშვილის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისი განცხადებით, დაკავებულების სანაცვლოდ მილიონების გადახდაზე უარი წლების წინ დათა ახალაიასაც უთხრა:

- ეკა ბესელია ჩემი ადვოკატი იყო და კარგი უ ფლებადამცველიც გახლდათ. მაშინ მოსკოვში ჩემს ექსტრადირებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ პრობლემა მალევე ამოიწურა და გამათავისუფლეს. როდესაც ე.წ. კოკაინის საქმის სპეცოპერაცია დაიგეგმა, ბესელია უკვე პოლიტიკაში იყო, ამიტომ ადვოკატად მანანა კობახიძე ავიყვანე. გამოვიდა, რომ ბესელიაც და კობახიძეც ჩემი ადვოკატები იყვნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათზე ზეწოლას ვახდენდი. კობახიძემ ეს საქმე კარგად იცის და თუ მისი მიმდინარეობით დაინტერესდა, დანაშაულია?

- საქმის მიმდინარეობით თავად ინტერესდებოდნენ, თუ თქვენ სანაცვლოდ სოლიდურ თანხას შეჰპირდით?

- არა, მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით ვსვამდი კითხვებს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რატომ იყვნენ უდანაშაულო ადამიანები ისევ ციხეში. მშრალ პასუხებს ვიღებდი, გამოძიება მიმდინარეობსო. ვინმესთვის ქრთამის შეთავაზება გუნებაშიც არ გამივლია. შესაძლოა, ამ ადამიანებს ახალი წელი მივულოცე ან სოციალურ ქსელში მოვიკითხე. როდესაც მიჭირდა, ისინი მეხმარებოდნენ, მათი მუშაობითაც კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ეს ელისაშვილის განცხადებასთან რა კავშირშია?!

მანანა კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე ჩვენი საკითხიც დააყენა და პროკურატურას კითხვა დაუსვა, მათი განხილვა რატომ ფერხდებაო. თუ ადამიანი სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს, არ ნიშნავს, რომ კორუფციულ გარიგებაშია. სხვათა შორის, ალეკო ელისაშვილი და შემდეგ ზვიად ქორიძე საკუთარი ინიციატივით მივიდნენ დაკავებულებთან და დახმარება შესთავაზეს. ფულის გადახდა რომ მნდომოდა, წინა ხელისუფლებას გადავუხდიდი, როდესაც ჩემი ნათესავები სამი დღის დაკავებული ჰყავდათ. დათა ახალაიას დავალებით მირეკავდნენ, 10 მილიონი გადაგვიხადე და შენს ნათესავებს გავათავისუფლებთო. ჩანაწერები ჟურნალისტებს წლების წინ გავუგზავნე კიდეც. ვაჭრობა-ვაჭრობაში თანხაც შეამცირეს, ბოლოს მითხრეს, თანხა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშზე ჩაგვირიცხე, ან ქეშად მილიონ-ნახევარი მოგვეციო.

- ისე, საკმაოდ ბუნდოვანი ბიოგრაფია გაქვთ. დღეს რას საქმიანობთ?

- 16 წლიდან მოსკოვში ვცხოვრობ, წარმატებული ბიზნესი მქონდა, თუმცა საქართველოში ჩამოსვლა გადავწყვიტე. ვაკე-საბურთალოს გზაზე რესტორნები შევიძინე, ქუთაისშიც მქონდა რესტორანი. ჩემს ანგარიშზე რამდენიმე მილიონის ბრუნვა მართლაც ფიქსირდებოდა.

"ნაციონალური მოძრაობა" მძულდა, ამიტომ ფინანსურად რესპუბლიკურ პარტიას ვეხმარებოდი. როცა მსხვილი ბიზნესმენების დატერორება დაასრულეს, ჩემამდეც მოვიდნენ.

- 2010 წელს ბრალი საერთაშორისო ნარკოკარტელის ორგანიზებისთვის წაგიყენეს. საქმეში ლაპარაკია იმაზეც, რომ თქვენი დავალებით ანასტასია ზაუტაშვილს კურიერი უნდა მოეკლა და დღეს ამტკიცებთ, რომ საქმე პოლიტიკური შეხედულებების გამო "შეიკერა"?

- კოკაინთან შეხება არასოდეს მქონია. 2008 წელს დაზღვეული მანქანით მივდიოდი, რომელიც თურმე არასწორად ყოფილა გადაფორმებული. ამის გამო დამიჭირეს და საპროცესო 100.000 დოლარი გადამახდევინეს. მოგვიანებით, დათა ახალაიამ შემომითვალა, 10 "ტოიოტას" მარკის ჯიპი გვიყიდე და შეგეშვებითო. ავდექი და საზღვარგარეთ წავედი. ანასტასია და ჩემი ნათესავები ციხეში ჩემი "ურჩობისთვის" ჩასვეს.

- ერთ-ერთი ვერსიით, თქვენი ყოფილი ადვოკატების დახმარებით პოლიტპატიმრების სიაში მოხვდით, მაგრამ სიიდან ირაკლი ღარიბაშვილის კატეგორიული მოთხოვნით ამოგიღეს.

- ჩემი დევნის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ რესპუბლიკურ პარტიას ვაფინანსებდი... პარლამენტს მივმართე, მაგრამ პირველ ტალღაში მოსახვედრად საბუთების შეგროვება ვერ მოვასწარი. შემპირდნენ, მეორე სიაში მოხვდებიო, მაგრამ მეორე ნაკადზე საუბარი საერთოდ ჩაიშალა. თუ ვინმეს აუდიო- ან ვიდეომტკიცებულება აქვს, რომ ვინმეს ქრთამს ვთავაზობ, წარმოადგინოს და ბოდიშს მოვიხდი.

"არარაობები რაზე მელაპარაკებიან?!"

ირაკლი ბათიაშვილი: "დღეს ის ადამიანები აყენებენ პოლიტპატიმართა სიას კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინც წლების განმავლობაში ბინძურ დავალებებს ასრულებდნენ. იმის ნაცვლად, პირსისხლიანი რეჟიმის შემსრულებლები სოროში იმალებოდნენ, ბედავენ და საზოგადოებას მორალს უკითხავენ. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობა ჩემთვის მტკივნეული და მტანჯველი პერიოდი იყო, საამაყო პერიოდიცაა. თქვენ არ იცით, რა ხდებოდა მეშვიდე საპყრობილეში, ამ საშინელ დაწესებულებაში ჩემი ამოლპობა უნდოდათ, რადგან პათოლოგიურ ხელისუფლებას უკომპრომისოდ ვებრძოდი. დღევანდელი ხელისუფლების დანაშაული ის არის, რომ დამნაშავეებს საზოგადოებაში გამოჩენის შესაძლებლობა მისცა. მე კომისიამ კი არა, ქართველმა ხალხმა მაღიარა პოლიტპატიმრად და არარაობები დღეს რაზე მელაპარაკებიან?!"

რუსუდან შელია