"სააკაშვილს მოუწევს დამტკიცება, რომ ქურდი ვარ" - ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის შსს მინისტრთან - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს მოუწევს დამტკიცება, რომ ქურდი ვარ" - ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის შსს მინისტრთან

"ვწუხვარ, რომ საზოგადოებას ამ ვიდეოს ყურებამ მოუწია. თუ ვიღაც შეურაცხყოფას მაყენებს, პასუხს მაშინვე ვცემ"

უკრაინის პრემიერ-მინისტრის გარდა, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრიც ღიად უპირისპირდება - უკრაინის მთავრობის საბჭოზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო, სადაც არსენ ავაქოვი საქართველოს ექსპრეზიდენტს ჭიქას ესვრის, უკრაინელი და ქართველი საზოგადოების აქტიური განხილვის საგანი გახდა. რატომ უჩივის მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში და რა ბრალდებებს უყენებს ის ოდესის გუბერნატორს, ამის შესახებ თავად არსენ ავაკოვი გვესაუბრება:

- ვწუხვარ, რომ საზოგადოებას ამ ვიდეოს ყურებამ მოუწია. ემოციებს ავყევი, მაგრამ ყალბი ადამიანი არა ვარ - თუ ვიღაც შეურაცხყოფას მაყენებს, პასუხს მაშინვე ვცემ. რეალურად უკრაინული პოლიტიკა კიდევ უფრო ბინძურია. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით და ხელისუფლებაში ახალგაზრდა, ნაკლებად ემოციური ადამიანები მოვლენ.

- მიხეილ სააკაშვილმა ფინანსურ მაქინაციებში დაგდოთ ბრალი...

- მას ასეთი მეთოდი აქვს - ვინც შეეხება, ყველა ქურდად უნდა გამოაცხადოს. ავიწყდება, რომ კორუფციაზე ბრალდების გაჟღერებას მტკიცებულებები სჭირდება. ის კარგად მალავს ფაქტებს და რეალური სახის შენიღბვასაც ახერხებს. სააკაშვილმა ოდესის პროკურატურაში თავისი გუნდის წევრი საყვარელიძე დანიშნა, პოლიციასაც მისი თანაგუნდელი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს, მაგრამ რომელი კორუფციონერი დაიჭირეს ოდესაში?  სააკაშვილის სიტყვასა და საქმეს შორის დიდი განსხვავებაა.

ამ ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე სააკაშვილს შევხვდი. მეგობრულად ვისაუბრეთ რეფორმებსა და სხვა საკითხებზე, რომელსაც არ გავასაჯაროებ. ისიც კი მითხრა, კარგი მინისტრი ხარ და საუკეთესო რეფორმებს ატარებო. იცით, ადეკვატურ მინისტრად მაშინ ვგრძნობ თავს, როდესაც ვხვდები, რომ უკრაინაში ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა მეტ-ნაკლებად შემიძლია. თუ ცალი ხელით შიდა მტრებსა და ინტრიგებს უნდა ვებრძოლო, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მეორე ხელით სისტემის ცვლილებას ვახერხებ. როგორც კი მივხვდები, ეს არ გამომდის, თანამდებობაზე დარჩენის მოტივაციაც აღარ მექნება. სწორედ ამ მიზნით სააკაშვილს მშვიდად ვუთხარი: ბატონო მიხეილ, მომიტანეს ქაღალდები, სადაც რუსულ კომპანიასთან თქვენი კავშირები იკვეთება, გადაღებულია შეხვედრებიც-მეთქი, მაგრამ წინადადების დასრულების შესაძლებლობა არ მომცა. სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, ამაზე საუბარი ჩემს კომპეტენციას სცილდება - ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

- მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მართლა შეიტანეთ?

- დიახ და იაცენიუკიც ანალოგიურად მოიქცევა. სააკაშვილს მოუწევს დამტკიცება, რომ ქურდი ვარ. ხელისუფლებაში მსგავსი დაპირისპირება სახელმწიფოს ვნებს, მაგრამ პოპულიზმი, რის უფლებასაც სააკაშვილი საკუთარ თავს აძლევს, ბევრად სახიფათოა. ჩვენ ვალდებული ვართ კრიტიკა მოვისმინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება თანამდებობიდან გაგვათავისუფლებს და უკეთეს კადრს აირჩევს, მაგრამ როდესაც საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფი პირი დაკისრებულ ფუნქციას ვერ ასრულებს, ეს სერიოზული პრობლემაა.

დავით დარჩიაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: - უკრაინული საკანონმდებლო სისტემისა და საკონსტიტუციო მოდელის ფარგლებში გუბერნატორის უფლებები შეზღუდულია. შესაბამისად, სააკაშვილი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას ვერ ახერხებს. ეს ვითარება იწვევს კონფლიქტს, რაც მთავრობის გავლენიან წევრებთან დაპირისპირებაში პოლიტიკურ სახეს იღებს. იმის გამო, რომ უკრაინაში კოალიციური მმართველობაა, ბევრი რამ თავად პოროშენკოზეც არ არის დამოკიდებული. ასე რომ, სააკაშვილი არა მხოლოდ რეფორმებისა და უკრაინის ნაციონალური ინტერესებისთვის მებრძოლ ლიდერად, პოლიტიკური სპექტრის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ იკვეთება.

- ეს ნიშნავს, რომ მას უკრაინის ოპოზიციაში გადანაცვლება მოუწევს?

- საუბარი არ არის პოროშენკოს ოპოზიციაზე, არამედ გარკვეული ძალების, მათ შორის, იაცენიუკის ოპონირებაზე. სააკაშვილი უკრაინაში ელიტურ კორუფციას ღიად უპირისპირდება, რისი გადალახვაც, ჩანს, გართულდა. ის უკრაინაში მაქსიმალურად დადებით როლს ასრულებს, სხვა რეფორმატული ძალები კი ერთ ადგილს ტკეპნიან.

ბევრს ავაქოვის განცხადებები გულს ფხანს, მაგრამ პოლიტიკა პოპულიზმის გარეშე არ არსებობს და არც "შანელ #5-ის" სუნი ასდის. სააკაშვილი უკრაინაში მარტოსული არ არის, ქართველების გარდა, გუნდში ბევრი უკრაინელიც ჰყავდა, რომლებიც, ჩანს, ნელ-ნელა ოპონირების რეჟიმში გადადიან.

- თუ სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციაში გადავა, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის პოსტს შეინარჩუნებს?

- პარტიას საბჭო ჰყავს, რომლის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეა. ოპოზიციაში იქნება თუ ხელისუფლებაში, სააკაშვილის აზრი მნიშვნელოვანია. უსიტყვოდ კი, მას ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არ უჯერებდნენ და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, მით უმეტეს, ახლა არ მივიღებთ.

რუსუდან შელია