"ევროპამ დაგვპატიჟა - ახლა იქამდე მისვლაა მთავარი" - კვირის პალიტრა

"ევროპამ დაგვპატიჟა - ახლა იქამდე მისვლაა მთავარი"

"ბევრი შეეცდება ევროპაში გაემგზავროს და მოგზაურობის ნაცვლად, იქ სამუშაოდ დარჩეს"

"საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა", - ამ სიტყვებით 18 დეკემბერს ევროკომისიამ დაადასტურა, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნაც გამოაქვეყნა. ახლა ჯერი ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტზეა, სადაც საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაციაზე დადებითი დასკვნის გამოქვეყნებას რუსეთის პრეზიდენტმა ერთი დღით "დაასწრო" და 17 დეკემბერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ისაუბრა. ევროკომისიის დასკვნის ფონზე პუტინის განცხადებას საქართველოში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. "კვირის პალიტრას" პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ესაუბრა:

- ამ შედეგის მიღწევა წარმოუდგენელი იქნებოდა იმ უდიდესი მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც ევროპელი პარტნიორები ჩვენი ქვეყნის მიმართ წლებია, იჩენენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გზა ჩვენ ერთად გავიარეთ. რაც შეეხება რუსეთს, მოგეხსენებათ, 2011 წელს საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, ახლა რუსეთის წინადადებებს მოვისმენთ, თუმცა ამ საკითხზე განსაკუთრებულ აქცენტს არ ვაკეთებთ. რუსეთის გადასაწყვეტია, გადადგამს თუ არა ამ ნაბიჯს. რუსეთში საქართველოს ყველაზე დიდი დიასპორა ცხოვრობს. ბევრს აქვს სურვილი, რუსეთს ეწვიოს, თუმცა საკმაოდ დიდ სირთულეებს აწყდება.

- არ ფიქრობთ, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოს რუსეთისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს?

- საკითხის ასე დაყენება არასწორი მგონია. ვისაც რუსეთთან ნათესავები ან ბიზნესი აკავშირებს, სურს, რუსეთში ჩავიდეს - ასეთია ობიექტური მოცემულობა და თუ ეს გამარტივდება, ამ კატეგორიის ჩვენს მოქალაქეებს პრობლემებს მოვუხსნით.

"ქართველებმა გამოცდა ათიანზე ჩავაბარეთ"

რამდენად მოსალოდნელია ევროპარლამენტმა უარყოფითი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და კონკრეტულად, რა პროცედურების გავლა მოუწევს ქვეყანას უახლოეს ექვს თვეში, "კვირის პალიტრასთან" ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი საუბრობს:

- ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი შემდგომში დაახლოებით ასე უნდა წარიმართოს: დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ოფიციალური შეთავაზება გაკეთდება. ორ-სამ თვეში მას კომიტეტში კენჭს ვუყრით, სამთვე-ნახევარში კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგება. ოთხ თვეში ევროკავშირის საბჭო 539/2001 რეგულაციაში ცვლილებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, ოთხ-ნახევარ თვეში რეგულაციის ცვლილებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი ხელს მოაწერენ. ოთხ თვესა და სამ კვირაში ხელმოწერილი ტექსტი გამოქვეყნდება, რომელიც მაქსიმუმ ხუთ-ნახევარ თვეში შევა ძალაში და პირველი ქართველი მოქალაქე შენგენის რომელიმე ქვეყანაში ბიომეტრიული პასპორტით, უვიზოდ გაემგზავრება.

ფაქტია, რომ ქართველებმა გამოცდა ათიანზე ჩავაბარეთ.

- რამდენად მოსალოდნელია ევროკომისიის დადებითი დასკვნის მიუხედავად, ევროპარლამენტმა უარყოფითი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს?

- ევროპარლამენტში ერთიანი აზრი ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გარანტირებული აქვს. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ შეცდომები არ დავუშვათ, თუმცა მთავარი საშინაო დავალება უკვე შევასრულეთ - აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გამართულად იმუშავა, პარლამენტმა კი საჭირო კანონების მიღება არ დააყოვნა.

- რუსეთის ფაქტორი რა როლს ითამაშებს საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე?

- თუ რუსეთის ამოცანაა, რომ ევროპის ქვეყნებში ქართველების გადაადგილებას საკუთარ სახელმწიფოში მოგზაურობა დაუპირისპიროს, ამას ვერ მოახერხებს.

ქართველები რუსეთის გამო ევროპაზე უარს არ ვიტყვით!

- არ ფიქრობთ, რომ რუსეთის მიერ უვიზო რეჟიმზე საუბარი მხოლოდ მორიგი სატყუარაა?

- ვფიქრობ, რუსეთმა უვიზო რეჟიმი უპირობოდ უნდა დააწესოს. როგორც ჩვენ მოვუხსენით რუსეთის 150 მილიონ მოქალაქეს შეზღუდვები, თავადაც თუ ამას გააკეთებენ, არ გვეწყინება, თუმცა არც მადლობას გადავუხდით. მათ ისიც კარგად იციან, რომ ევროპაში წასვლის მსურველები ბევრად აღემატება რუსეთში გამგზავრების მსურველებს. უბრალოდ, პუტინს უნდა, კეთილმეზობლური ურთიერთობა დახატოს და ოკუპაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის სახელმწიფოებად აღიარება ვაპატიოთ.

როგორც კი პრობლემა გამოჩნდება, მაშინვე გამოაცხადებს, რომ "ბორჯომი" და ქართული ღვინო რუსეთის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მავნეა. ასე რომ, კარგად ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე.

"წინ კიდევ ერთი გამოცდა გველოდება"

საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის ორმხრივად გაუქმებაში საფრთხეს ვერ ხედავს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი მაია ფანჯიკიძეც: - პუტინის შემოთავაზება ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას უკავშირდება, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის ზედმეტი ბარიერების აღმოფხვრა თუნდაც რუსეთში, მისასალმებელია.

- არ ფიქრობთ, რომ ევროპასთან და უკვე რუსეთთანაც უვიზო რეჟიმი მიგრაციის ტალღას გამოიწვევს?

- რუსეთთან უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მაშინ გახდება საშიში, თუ ამ გადაწყვეტილებას პუტინი რაიმე წინა პირობას მიაბამს და პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებს. ევროკომისიის დასკვნა ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია და ამ წარმატებას ყველა იმ ადამიანს ვულოცავ, ვინც პროცესში თუნდაც მიზერული წვლილი შეიტანა. წინ კიდევ ერთი გამოცდა და პოლიტიკური გადაწყვეტილება გველოდება, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ქვეყანასთან ინტენსიურად უნდა იმუშაოს. თუ გეგმით გათვალისწინებულ პუნქტებში ევროპა უკუსვლას დააფიქსირებს, ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს. ამიტომ მთავრობამ სუსტი მხარეების გამოსწორებაზე მაქსიმალურად უნდა იზრუნოს.

"მთავარია, მმართველმა გუნდმა ფუნდამენტური შეცდომები არ დაუშვას"

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - შესაძლოა, მთავრობას ყველაფერი წესრიგში არა აქვს, მაგრამ ევროპაში ამას დრამატულად არ უყურებენ. მთავარია, მმართველმა გუნდმა ფუნდამენტური შეცდომები არ დაუშვას. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ევროპისგან მიღებული სიკეთეების რეალიზება საშუალო-სტატისტიკურმა ქართველმა მოახერხოს. თუ მოქალაქეებმა ბილეთის ყიდვა ვერ შეძლეს, უვიზო რეჟიმი მხოლოდ ფარატინა ქაღალდად დარჩება. ევროპამ უკვე დაგვპატიჟა, მაგრამ ახლა იქამდე მისვლაა მთავარი ამოცანა. რაც შეეხება პუტინის განცხადებას, პროგრესის მამოძრავებელი ძალა მხოლოდ კონკურენციაა.

რუსეთისთვის წითელი ხაზი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე გადის. საერთოდ, დღევანდელი პოლიტიკა იმდენად დინამიკურია, რომ მოვლენების ნეგატიური სცენარით განვითარება არ უნდა გამოვრიცხოთ. რაც შეეხება მიგრაციის შესაძლო ტალღას, ბევრი შეეცდება ევროპაში გაემგზავროს და მოგზაურობის ნაცვლად იქ სამუშაოდ დარჩეს. ეს ტექნიკურ პრობლემებს აუცილებლად გამოიწვევს, თუმცა, ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ყველაფერი დარეგულირდება - იმისათვის, რომ პროცესის დისკრედიტაცია არ მოხდეს, ხელისუფლებას სერიოზული მექანიზმების შემუშავება მოუწევს.

ფოტოჰიტი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო წარწერით SCHENGENაცვალე, რომელიც მალევე ჰიტად იქცა. სოციალური ქსელების მომხმარებლები აღნიშნავდნენ - ეს სიტყვა ყველაზე კარგად გადმოსცემს, რას განვიცდიდით ამ დღეებშიო.

რუსუდან შელია