"კმარა მსხვერპლშეწირვა" - კვირის პალიტრა

"კმარა მსხვერპლშეწირვა"

გია ყარყარაშვილი: "ნუ ჩავკლავთ ქართველი ხალხის იმედს!"

"თუ ჩემს აზრს არ გაიზიარებენ, მათ საჯარო გამოაშკარავებას შევეცდები"

ოპოზიციას ერთიანობის მიღწევა სულ უფრო უჭირს. რა არის ამის მიზეზი, რატომ ვერ აღწევენ სასურველ შედეგს ოპოზიციურ ძალთა შორის კონსულტაციებზე, ვინ რა შედეგის მიღწევას ცდილობს და რა როლი აკისრია დღევანდელ პოლიტიკურ არენაზე, ამის გარკვევა მოლაპარაკებებში ჩართულ, ყველა ძალისათვის მისაღებ პერსონასთან, თავდაცვის ექსმინისტრ გია ყარყარაშვილთან ვცადეთ.

- თბილისში ამომრჩეველთა 70 პროცენტი ოპოზიციურად არის განწყობილი. ამიტომ ოპოზიციის ამოცანაა, მოახერხოს და არჩევნებზე მერის ერთი კანდიდატით წარდგეს, რათა სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვების შანსი მაქსიმალურად შემცირდეს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იმ ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსსაც ვითვალისწინებთ, რომელიც ხელისუფლებას ყოველთვის აქვს. ოპოზიციური ძალები საკრებულოში რაც შეიძლება მეტი კანდიდატის გაყვანის მიზნით უნდა შეთანხმდნენ მაჟორიტარულ არჩევნებში თითო კანდიდატის წამოყენებაზე.

რაც შეეხება პროპორციული წესით არჩევნებს, აქ ყველა ოპოზიციურ ძალას შეუძლია, წარადგინოს საკუთარი პარტიული სია და ამომრჩეველი პოლიტიკური ხედვისა და ორიენტაციის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. ახლა კი გვაქვს შემდეგი რეალობა: ერთი ნაწილი ოპოზიციური ძალისა თვლის, რომ რუსეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ოკუპანტებთან დიალოგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ასეთ დროს ძალზე მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთოს და რაც თავად სურს, თავადვე გამოხატოს.

- ნოღაიდელს, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობს, რა როლი აკისრია ამ პოლიტიკურ პროცესებში?

- ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს. სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა. საზოგადოებას კი მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოახერხონ, ჩაებან ბრძოლაში. ნოღაიდელი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, მაგრამ არის სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად პრაიმერით კანდიდატის გამოვლენის თანამოზიარე.

მიმაჩნია, რომ ე.წ. "პრაიმერისტების" ფლანგმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოავლინოს ერთი კანდიდატი, საბოლოოდ თქვას, მერის პოსტზე მხარს ვის უჭერს. "ალიანსი საქართველოსთვის" (რომელიც ამ შემთხვევაში ცალკე ფლანგს წარმოადგენს) წარმომადგენლებმა უკვე გამოავლინეს თავისი კანდიდატი. ეს არის ირაკლი ალასანია. "პრაიმერისტები" საკუთარ სიტყვას როცა იტყვიან, ამ ორ ფლანგზე დარჩება ორი კანდიდატი.

ახლახან  "პრაიმერისტებმა" განაცხადეს, რომ თანახმანი არიან, სოციოლოგიური გამოკითხვით გამოავლინონ ერთი კანდიდატი მერის პოსტზე. Kკი ბატონო, გამოავლინონ. შეუძლიათ ყველა ეტაპზე ჩაატარონ სოციოლოგიური გამოკითხვა.

მთავარია, როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ ორ ფლანგზე ადგილობრივი არჩევნების წინ ორი კანდიდატი დარჩეს და მერე სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით მოხდეს ერთი კანდიდატის შერჩევა.

დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ის ხალხი, რომელიც არჩევნებზე ხელისუფლების საწინააღმდეგოდ არის განწყობილი, არ აღმოჩნდეს მსხვერპლი. თორემ,  ხელისუფლება მშვენივრად იყენებს მასთან დაპირისპირებული პარტიების პრინციპულობას,  სიჯიუტეს, ახირებას.

- თქვენი აზრით, თუ ერთ კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაშინ რა პერსპექტივა ელის ქვეყანას?

- ერთ კანდიდატზე შეუთანხმებლობა ნიშნავს, რომ ორივე ოპოზიციურად დაპირისპირებული ბანაკი (ე.წ. "პრაიმერისტებიც" და "ალიანსი საქართველოსთვის") ერთად დაამარცხებს საქართველოს და ჩაკლავს ქართველი ხალხის იმედს.

- იმ პოლიტიკურ ფლანგს, რომელიც ადგილობრივ არჩევნებს ემიჯნება, რა პოლიტიკური როლი აკისრია?

- ოპოზიციურად განწყობილი ხალხის დაკვეთა არის  ხელისუფლების შეცვლა. ბუნებრივია, ისმის კითხვა, ვადამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნის ძალაში დატოვება ხელისუფლებას არსებობას უხანგრძლივებს თუ პირიქით?! შედეგი მათ ბოიკოტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მცდელობა მარცხისთვის განწირული აღმოჩნდება.

მათი პრინციპულობა გამართლებული მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება. შემდეგ კი შესაძლოა პროცესები გადავიდეს ქუჩაში. ვთვლი, რომ ოპოზიციამ ქუჩის აქციებით საკმარისი მსხვერპლი გაიღო. უამრავი ადამიანი 2007 წლის ნოემბრის და 2009 წლის აპრილის აქციების შემდეგ დღესაც სასჯელს იხდის. ამიტომ კმარა მსხვერპლშეწირვა, საზოგადოებისთვის ეს საკმარისია.

- დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თქვენმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ "პრაიმერისტებიდან" ერთ-ერთი პარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფება...

- მე მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ხალხის გულშემატკივარი ვარ და არა ოპერატიული მუშაკი, რომ აგენტურის გამოვლენით ვიყო დაკავებული. ამ განცხადებით "პრაიმერისტებს" მივანიშნე, რომ იმ პარტიის მიზანია კონფრონტაცია გააღვივოს ალიანსისა და პრაიმერის იდეის მიმდევარ პარტიებს შორის.

რაც შეეხება ამ პარტიის დასახელება-არდასახელებას, ჯერ ამ პოლიტიკურ სუბიექტს ვურჩევ, საკუთარი ნებით დატოვოს "პრაიმერისტთა" რიგები. მოსცილდეს პოლიტიკური ბრძოლის ველს, სადაც კონსერვატორები და "ხალხის პარტია" თავიანთ ფლანგზე გულწრფელად ცდილობენ გამოკვეთონ ერთი კანდიდატი... ორშაბათს ამ პარტიის ხელმძღვანელს პირადად შევხვდები და იმავე წინადადებას შევთავაზებ. ხოლო თუ ჩემს აზრს არ გაიზიარებენ, მათ საჯარო გამოაშკარავებას შევეცდები.