"ჩემზეც იყო ზეწოლა..." - კვირის პალიტრა

"ჩემზეც იყო ზეწოლა..."

"დღეს ჩვენ ევროპის წამების პრევენციის კომიტეტი გვეუბნება, რატომ არ გყავთ პატიმრები ისეთ პირობებში, როგორშიც ნორვეგიას ჰყავს ბრეივიკიო"

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი "კვირის პალიტრასთან" საუბარში განვლილ 2015 წელს აჯამებს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.

- უპირველესად საუბარი მინდა დავიწყო სასიხარულო ინფორმაციით - თბილისის სხვადასხვა უბანში 561 დევნილი ოჯახი შეხვდება ახალ წელს ახალგადაცემულ ბინებში. ეს ოჯახები 23 წელი მიწურებში ცხოვრობდნენ. მომავალი წლის პირველ კვარტალში უნდა ჩაგვბარდეს 150 ახალი ბინა. ორი დღის წინ ახალციხეში ასბინიანი გარემონტებული კორპუსი გადავეცით დაახლოებით 60 ოჯახს, 40-მდე ბინა ცარიელია და ვინც ჩივის, რომ ღია ცის ქვეშაა დარჩენილი, შეუძლია დაბინავდეს. მთავრდება 2 კორპუსის მშენებლობა ხაშურში. დავიწყეთ 480-ბინიანი რვა კორპუსის მშენებლობა გორში. 600-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადავეცით სახლები მიწის ნაკვეთით.

წელს ავამუშავეთ დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის პროგრამა. ამ პროექტით 49 დევნილმა ოჯახმა ისარგებლა. დასაფარი თანხის მაქსიმალური რაოდენობა 20 000 ლარია.

კერძო მესაკუთრეებისგან გამოვისყიდეთ ბინები და 900 დევნილი ოჯახი ბინის მესაკუთრე გახდა. ეკონომიკის სამინისტროსა და საჯარო რეესტრთან ერთად, მომავალ წელს 1000 ეკომიგრანტ ოჯახს დავუკანონებთ საცხოვრებელ სახლს მიწის ნაკვეთით. სამ წელიწადში არც ერთი მძიმე მდგომარეობაში მყოფი დევნილი არ დარჩება დასაკმაყოფილებელი.

- შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა ზოგიერთი მაღალჩინოსანი ზეწოლასა და კორუფციაში დაადანაშაულა. თქვენც იყავით შეწყალების კომისიის წევრი და თუ გაიხსენებთ პოლიტიკოსების ზეწოლა-პრეტენზიებს?

- ხუთი წლის განმავლობაში ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი და ვინ გაბედავდა ზეწოლას? როგორ შეიძლება ადამიანი შეწყალების კომისიის წევრი იყო და არავინ შეგაწუხოს, მით უფრო, თუ თავმჯდომარე ხარ. ჩემზეც იყო ზეწოლა, როცა პარლამენტის წევრები საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ ოდესმე მითქვამს?

მიშას ჩემთვის ბევრჯერ დაურეკავს, გვიჩხუბია კიდეც, მაგრამ ამას ზეწოლად არ აღვიქვამდი, რადგან სახალხო დამცველი რომ ხარ, უნდა გაუძლო. ალეკოს თუ ვინმე ურეკავდა და სთხოვდა, გააკეთა რამე? ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიება და არ მინდა სპეკულაცია.

- ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, შეწყალების სკანდალში თქვენც გაეხვევით. ამ ინფორმაციის მიხედვით, თითქოს თქვენ დააკავშირეთ კრიმინალური ავტორიტეტი თენგიზ გურჩიანი ზოგიერთ დეპუტატს.

- ჩემს წინააღმდეგ ვერაფერი აგორდება, მით უფრო მაგ საქმეში, ამიტომ ყველანი წყნარად იყვნენ.

- სასამართლო პროცესზე ბაჩო ახალაიამ ძველ და ახლანდელ სასჯელაღსრულების მინისტრებზე თქვა, რომ კრიმინალური სამყაროს გამოყენებით ცდილობდნენ ძალაუფლების შენარჩუნებასო და მოითხოვა, საქმეს მტკიცებულებად ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნა დაერთოს.

- დღეს ჩვენ ევროპის წამების პრევენციის კომიტეტი გვეუბნება, რატომ არ გყავთ პატიმრები ისეთ პირობებში, როგორშიც ნორვეგიას ჰყავს ბრეივიკიო, რატომ არა აქვთ მათ ტრენაჟორები, პერსონალური კომპიუტერი და სხვა. არა გვაქვს ეს სიკეთეები, მაგრამ დღეს სასჯელაღსრულების სისტემა ცა და დედამიწასავით განსხვავდება იმ ჯოჯოხეთისგან, რაც "ნაციონალებმა" შექმნეს. სწორედ ციხიდან დაიწყო ის 14-მილიარდდოლარიანი პროგრამა, რომელიც დღეს გულისხმობს ჩ ჰეპატიტზე ელიმინაციის პროექტს საქართველოში. შევქმენით თანამედროვე სტანდარტების ტუბდაწესებულება, 10-ჯერ შემცირდა ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობა. 10 000 პატიმარზე 70 გარდაცვლილი პატიმარი მოდიოდა, ჩვენ 25-ზე ჩამოვიყვანეთ, დღეს კი 12-მდე ჩამოვიდა ეს ციფრი. სუიციდის პრევენციის პროგრამის დაწყებიდან 10 თვის განმავლობაში 10 000 პატიმარზე ერთადერთი სუიციდის ფაქტი მოხდა. წელს, ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 2 სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა.

ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნაში წერია, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერება აირიდოს თავიდან. "ნაციონალების" დროს კრიმინალურ ავტორიტეტებს გაცილებით მეტი ძალაუფლება ჰქონდათ, ვიდრე აქვთ დღეს. ამ ორი წლის წინ ერთი პატიმარი ხშირად რეკავდა პირდაპირ ეთერში და ყვიროდა, მაყურებლები მავიწროებენო. იქ, სადაც მაყურებლები არიან და კრიმინალური სუბკულტურა ძლიერია, ვინ გაბედავს, დარეკოს და იჩივლოს, მეორე დღეს ხომ ცოცხალი აღარ იქნება?!

- ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მომავალი საპარლამენტო საარჩევნო სია მნიშვნელოვნად გადახალისდება. თქვენ ვის მოხვედრას ისურვებდით ან არ ისურვებდით ამ სიაში?

- ივანიშვილს არ უთქვამს, "ოცნება" სხვა პარტიებთან ინტეგრაციის გარეშე შევა სიაშიო. კოალიციაში ყველა პარტია თავის სიას თვითონ ადგენს. დღევანდელ სიასა და პარლამენტზე ვიტყოდი, რომ ესენი არიან ის ადამიანები, რომელთა უმრავლესობასაც დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. ისინი დაუპირისპირდნენ რეჟიმს. ნებისმიერ ქვეყანაში ხალხი ირჩევს დამსახურებულ ადამიანებს. მაგალითად, ჩემი ბავშვობის კერპები იყვნენ დათო ყიფიანი, თემურ ხუბულური. დღეს ის რომ პარლამენტის წევრია, მეამაყება, მაგრამ დგება დრო, როდესაც უნდა მოხდეს გადახალისება, შეიძლება ის ისევ იყოს პარლამენტში, ან მისი ადგილი სხვამ დაიკავოს. საარჩევნო სიაში ვისურვებდი ღირსეულ და პროფესიონალ ადამიანებს და ასეთებიც იქნებიან.

- ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვება საარჩევნო მარათონში, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

- ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის აქტიურად ჩაერთვება საარჩევნო პროცესში და "ოცნებას" გამარჯვებაში დაეხმარება. ე.ი. არ აპირებს პოლიტიკაში უშუალოდ ჩართვას. როდესაც იგი მიდიოდა პოლიტიკიდან, მისთვის არაერთხელ კატეგორიულად მითქვამს, საჯაროდაც კი, რომ ეს დაუშვებელი იყო. გავიდა დრო და მივხვდი, რომ მისი ჩანაფიქრი სწორია. სასიამოვნო იყო ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა - როგორც პრემიერი, ჩემთვის შეუცვლელი იყო, - მაგრამ, როცა ხარ პრემიერი, უამრავი საქმე გაქვს, რომელსაც დიდი დრო და ენერგია მიაქვს. ამ ყოველდღიურობაში არ გრჩება იმის დრო, განზე გადგე და იფიქრო იმ გრძელვადიან პერსპექტივებზე, თუნდაც, რასაც მისი 20/30-ზე პროგრამა ჰქვია. დღეს ის ფიქრობს, ალაგებს საქართველოს გრძელვადიან პერსპექტივას და ამიტომაც მისი გადაწყვეტილება დღევანდელი გადასახედიდან აბსოლუტურად სწორი და გააზრებულია.

- თქვენი აზრით, რა მიზნები და შანსები აქვს კიევის ყოფილ მერს, ლეონიდ ჩერნოვეცკის ქართულ პოლიტიკაში?

- 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ნულოვანი. ის არარეალურ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ საზოგადოებამ კარგად იცის, რა არის მიღწევადი და რა - არა.

ჩერნოვეცკის გვერდით დგას მურმან დუმბაძე, რომელმაც ბევრი არასწორი რამ თქვა, ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მაინც პატივს ვცემ. იგი ძალიან კარგ გუნდში იყო, ბოლოს კი სადღაც გაუგებრობაში წავიდა. გაცილებით გასაგები და უკეთესი იქნებოდა, მარტო ყოფილიყო და მურმან დუმბაძედ - კოლორიტად მაინც დარჩენილიყო.

ნანა ფიცხელაური