მურუსიძემ პრეზიდენტი ზეწოლაში დაადანაშაულა - იცოდეთ მათი გვარები, ვინც მის უვადო მოსამართლეობას დაუჭირა მხარი - კვირის პალიტრა

მურუსიძემ პრეზიდენტი ზეწოლაში დაადანაშაულა - იცოდეთ მათი გვარები, ვინც მის უვადო მოსამართლეობას დაუჭირა მხარი

ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომლის განცხადებითაც, მურუსიძის არჩევა მიუღებელი გადაწყვეტილებაა.

გიორგი მარგველაშვილი:

"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას. ასეთი გადაწყვეტილების მიმართ ქართული საზოგადოების მიუღებლობა ამ დღეებში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა. ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომლებმაც არა მარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის. სახელმწიფოს უზენაესი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება. ეს არის ჩვენი ვალდებულება. პრეზიდენტს ამ თვალსაზრისით აქვს შესაძლებლობა წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რასაც მე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით განვახორციელებ და ბრძოლა სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან".

მარგველაშვილის განცხადებას უმალ გამოეხმაურა ლევან მურუსიძე, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე კონსტიტუცია მიიტანა და პრეზიდენტი სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

ლევან მურუსიძე:

"მე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, მინდა განვაცხადო, რომ ხელში მიჭირავს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც მინდა აღვნიშნო, რომ მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტმა გამოგვიგზავნა და ამ კონსტიტუციაში საუბარი არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე. ჩემი სურვილი იქნებოდა, ეს რეალურად განხორციელებულიყო ცხოვრებაში და არ დარჩენილიყო ქაღალდზე. როდესაც კენჭისყრები დასრულებული არ არის, პრეზიდენტის გამოსვლა და შეფასება კენჭისყრის შედეგების, მიმაჩნია, რომ ეს არის ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე და მე მინდა კიდევ ერთ გარემოებას გავუსვა ხაზი. როდესაც 2013 წელს მე ამირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად, მაშინაც მქონდა განხილული გირგვლიანის საქმე, მაშინაც პრეზიდენტს ასევე ძალზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა, თუმცა არც მას და არც სხვას არ გახსენებია აღნიშნული საქმე და არავის გამოუხატავს მძაფრი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან მურუსიძე არჩეული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. ჩემი მოწოდება არის, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი ხელისუფლება, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ამას ყველამ უნდა სცეს პატივი. კონსტიტუციაში გათვალისწინებული ხელისუფლების განაწილების პრინციპი შესრულდეს არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურად, ცხოვრებაში.

"მადლობა იუსტიციის საბჭოს ყველა იმ წევრს, ვინც არნახულ ზეწოლას გაუძლო და რეალურად მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიაჩნდათ და რომელზეც ფიქრობდნენ, რომ ეს იყო გადაწყვეტილება სასამართლო ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე."

რაც შეეხება იმ ადამიანების გვარებს, რომელთაც მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას, დღეს ამ საკითხზე გამართული აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მურუსიძის კანდიდატურის მხარდამჭერები არიან იუსტიციის საბჭოს შემდეგი წევრები:

თამარ ალანია

მერაბ გაბინაშვილმა

შოთა გეწაძე

ევა გოცირიძე

ილონა თოდუა

ვახტანგ თორდია

ზაზა მეიშვილმა

პაატა სილაგაძემ

კახაბერ სოფრომაძემ

ლევან თევზაძემ.

ამათგანავე, ვახტანგ თოდრია, ევა გოცირიძე და კახა სოფრომაძემ საპარლამენტო კვოტოთ არჩეული წევრები არიან,  როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, გოცირიძემ, თოდრიამ და სოფრომაძემ  "ქართული ოცნების" პოლიტიკური დაკვეთა შეასრულეს.

იხილეთ ასევე: "ვინც მურუსიძე აირჩია, ის ქვეყნის მტერია!" - სამართლიანი სასამართლოს დასამარება "ჯილდოების ქვეყანაში"