საშვი ევროპაში - გაზა მშვიდობისა, საქართველო! - კვირის პალიტრა

საშვი ევროპაში - გაზა მშვიდობისა, საქართველო!

2014 წელს ევროპასთან "ასოცირების ხელშეკრულების" გაფორმების შემდეგ დღის წესრიგში დადგა საკითხი, რა იქნებოდა შემდეგი ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე.

გაჩნდა მოლოდინი, რომ ევროზონაში გამარტივებული სავიზო რეჟიმით მიმოსვლა ყველაზე უპრიანი გადაწყვეტილება იქნებოდა, რაზეც მთელი წლის განმავლობაში ღიად მიანიშნებდნენ როგორც ჩვენს, ისე ევროპულ პოლიტიკურ წრეებში. 2015 წლის 18 დეკემბერი მართლაც უმნიშვნელოვანეს თარიღად შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - ევროპამ ბოლოს და ბოლოს, გაგვიხსნა საზღვრები და 16 წლის წინ, ევროსაბჭოში გაწევრებისას, იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას განაცხადი: "მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი", როგორც იქნა, ბებერმა ევროპამაც დაიჯერა. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის თაობაზე ევროკომისიის ანგარიში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობა გააერთიანა.

დარჩა გარკვეული პროცედურები, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში უვიზოდ შესვლას. როგორც ევროპელი პარტნიორები გვპირდებიან, ეს 2016 წლის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი. სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ მომავალ 2016 წელს!

"მწვანე შუქი" 30 ქვეყანაში...

ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ 30 ქვეყანაში. აქედან, შენგენის ზონის წევრ 22 ქვეყანაში, რასაც ემატება ევროკავშირის წევრი კიდევ 4 ქვეყანა (რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, რომლებიც შენგენში გაწევრების კანდიდატები არიან) და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში - შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და ისლანდია.

საქართველოს მოქალაქეები ვალდებული იქნებიან დაიცვან: შენგენის ქვეყნებში შესვლისა და ყოფნის წესები; ადგილობრივი კანონმდებლობა; საავტომობილო მოძრაობის წესები; საზოგადოებრივი წესრიგი. სამართალდარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტაციას ანდა დაეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რასაც მოსდევს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 5 წლამდე ვადით.

ევროპული ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას, მესაზღვრეს უფლება ექნება, დამატებით მოითხოვოს გარკვეული დოკუმენტები...

რა საბუთები უნდა წარვადგინოთ საზღვარზე

ტურიზმი და დასვენება:

უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;

სასტუმროს ჯავშანი;

სამოგზაურო დაზღვევა;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.). ხშირ შემთხვევაში, თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.

მონაწილეობა კონფერენციებში,სემინარებში, საქმიან შეხვედრებში

ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა;

სასტუმროს ჯავშანი;

სამოგზაურო დაზღვევა;

უკან დასაბრუნებელი ბილეთი;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ნათესავების, მეგობრების მონახულება

მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);

იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით;

სამოგზაურო დაზღვევა;

უკან დასაბრუნებელი ბილეთი;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მკურნალობა

სამედიცინო დაწესებულების თანხმობა/რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.

სამედიცინო დაზღვევა;

უკან დასაბრუნებელი ბილეთი;

მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამჟამად სად შეგვიძლია უვიზოდ გამგზავრება?

2015 წლის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან ვიზის ქვეყნის საზღვარზე მიღებით, 61 ქვეყანაში შეუძლიათ გამგზავრება. მათ შორის მეზობელ ქვეყნებში - თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი. რაოდენ გასაკვირი უნდა იყოს, ასევე შეგვიძლია უვიზოდ ან ადგილზე მინიმალური თანხის საფასურად ვიზის მიღებით, გავემგზავროთ სამხრეთ ამერიკის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: არგენტინა, ბოლივია, კოლუმბია, ბრაზილია და ურუგვაი. უვიზოდ წავლა შეგვიძლია ბაჰამისა და მალდივის კუნძულებზეც.

ნათია დოლიძე