"ვურჩევდი ღარიბაშვილს, ახალი წელი რაც შეიძლება ხანგრძლივად იზეიმოს" - პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"ვურჩევდი ღარიბაშვილს, ახალი წელი რაც შეიძლება ხანგრძლივად იზეიმოს" - პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური ინტერვიუ

"ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა კონკრეტულ ფაქტსა თუ მოვლენას არ უკავშირდება"

"შეწყალების სკანდალში მხოლოდ ქრთამის საკითხია გასარკვევი"

წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს. საუბარი, ბუნებრივია, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტიდან გადადგომის საკითხით დავიწყეთ.

- პრემიერის თანამდებობიდან ბიძინა ივანიშვილის გადადგომის შემდეგ ქვეყანაში პრეცედენტი შეიქმნა - თუ პოლიტიკოსები, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, თანამდებობის მოსაპოვებლად და შემდეგ მის შესანარჩუნებლად წესების გარეშე იბრძოდნენ, 2012 წლიდან ქვეყანამ აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრება დაიწყო. მკვიდრდება პრაქტიკა, როდესაც მმართველებს პოსტიდან წასვლა არ უჭირთ, თუკი აცნობიერებენ, რომ მათ დაწყებულ საქმეს სხვა უფრო ეფექტურად გააგრძელებს. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილსაც ამან გადააწყვეტინა პოსტის დატოვება.

ორი წლის განმავლობაში ღარიბაშვილმა წარმატებებს მიაღწია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, თუმცა, ამასობაში არჩევნები მოახლოვდა - წელიწადზე ნაკლები გვრჩება, რომ კოალიცია არჩევნებისთვის უკეთ მოვამზადოთ. როგორც სპორტში, ისე ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, გარკვეულ ეტაპზე ცვლილება აუცილებელია, რომ ხალხმა ახალი იდეები დაინახოს. თანაც ეგოისტური ფაქტორიც გასათვალისწინებელია - ნებისმიერ ჩვენგანს უნდა, ქვეყანაში თავაწეულმა იაროს. ადამიანები ხშირად მაშინ იღებენ კარიერულ პაუზას, როდესაც თავს წარმატებულად თვლიან.

- საზოგადოებაში ისმის კითხვა - თუ ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო, რატომ გადადგა ასე მოულოდნელად? მისი გადადგომა ზოგიერთმა მინისტრმა მედიისგან შეიტყო...

- ბუნებრივია, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის მიღწევებსა თუ ჩავარდნებში მისი წვლილიც არის. მმართველობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას მან ისაუბრა იმ მიმართულებებზე, სადაც მეტი მუშაობაა საჭირო. საერთოდ, ღარიბაშვილი, უსუფაშვილი თუ ივანიშვილი ერთადერთნი და განუმეორებლები არ არიან - მჯობზე მჯობი არასოდეს დაილევა. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუხარდება, თუ ქვეყანას მასზე უკეთესი პრემიერი ეყოლება. მისი გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ვიცოდი, რომ ამ ნაბიჯზე ფიქრობდა. რაც შეეხება საზოგადოებას, ასეთი გადაწყვეტილება არც ერთ ქვეყანაში საჯარო განხილვის საგანი არ ხდება. ირაკლი სწორად მოიქცა, თავისი გადადგომა ხანგრძლივი განხილვისა და მითქმა-მოთქმის თემად რომ არ აქცია.

- სამწლიანი ანგარიშის ჩაბარებიდან რამდენიმე დღეში პოსტიდან წასვლამ მეტი მითქმა-მოთქმა არ გამოიწვია? საზოგადოების ნაწილმა პრემიერის გადაწყვეტილება იმას დაუკავშირა, თითქოს ის ეთანხმებოდა ლევან მურუსიძის დანიშვნას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე, ზოგი "რესპუბლიკელებთან" დაპირისპირებაზე ალაპარაკდა და ეს ეჭვი ლევან ბერძენიშვილის განცხადებამ უფრო გაამძაფრა...

- პოლიტიკაში მითქმა-მოთქმა გარდაუვალია, თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა კონკრეტულ ფაქტსა თუ მოვლენას არ უკავშირდება. ამ მხრივ მხოლოდ ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი - პარლამენტმა ბიუჯეტი მიიღო, შესაბამისად, მომავალი წლის სამოქმედო გეგმა მზად არის; მეორე კი გახლავთ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი. არ იქნებოდა სწორი, ირაკლი ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე გადამდგარიყო. რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, ბედნიერი ვიქნებოდი, საქართველოში სიის პირველი ნომრის შერჩევა 6-7 თვით ადრე შეგვეძლოს. დანარჩენი კი მხოლოდ ჟურნალისტის კონკრეტული კითხვის პასუხი გახლდათ. ირაკლი ორი წლის განმავლობაში და მინისტრობის დროსაც დატვირთული რეჟიმით მუშაობდა. მე ვურჩევდი ღარიბაშვილს, ახალი წელი რაც შეიძლება ხანგრძლივად იზეიმოს და საკუთარი მომავალი ამის შემდეგ დაგეგმოს.

- რა შეიცვლება ქვეყანაში პრემიერად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნისა და მინისტრთა კაბინეტის გადახალისების შემდეგ?

- მთავრობის ახალმა ლიდერმა საზოგადოებას, უპირველესად, უკეთესი მომავლის იმედი უნდა მისცეს. ვისურვებდი, მომავალმა პრემიერმა პარლამენტთან ურთიერთობისთვის მეტი დრო გამონახოს - აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ურთიერთობის გაღრმავება აუცილებელია. იმედი მაქვს, გიორგი კვირიკაშვილი ამ ნაბიჯს გადმოდგამს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას პარლამენტის ტრიბუნაზე ერთად შევძლებთ.

- საზოგადოებაში აღშფოთება მოჰყვა ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას. ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამართლიანობაზე საუბარი ილუზიად იქცა.

- ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოსამართლეებს აბსოლუტური ავტონომია მივანიჭეთ. თუ წინა ხელისუფლების დროს კანდიდატს მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასახელებდა, იუსტიციის საბჭოს არჩევა კი ღია კენჭისყრით ხდებოდა, ჩვენ სარისკო ნაბიჯი გადავდგით და ფარული კენჭისყრით სასურველი კანდიდატის შერჩევა მოსამართლეებს მივანდეთ. სამწუხაროდ, მყარად არის გამჯდარი მენტალიტეტი, ვიღაცებმა უფროსი ეძებონ, კონკრეტული პიროვნება, რომ უერთგულონ და მის გარშემო დაირაზმონ.

- თქვენ ვერ გრძნობთ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ფაქტობრივად, რეფორმა ჩავარდა და იუსტიციის საბჭოში საეჭვო ბეგრაუნდის მოსამართლეები მოხვდნენ?

- ამ შემთხვევაში ორი გზა არსებობდა - თუ ხელისუფლება მოსამართლის მართვას შეეცდებოდა, ახალ ადეიშვილს გამოვძერწავდით, მათი შეცვლით კი 15 წლის წინანდელ პროცესს გავიმეორებდით, როცა მოსამართლეთა კორპუსი სრულად შეიცვალა. გაჩნდებოდა განცდა, რომ მოსამართლეები პოლიტიკურ დღის წესრიგზე არიან დამოკიდებულნი. რაც შეეხება კონკრეტულად ლევან მურუსიძესა და იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრის განცხადებას, დაბეჯითებით ვამბობ - დემარშები არავის წაადგება. ამ ხალხს ვურჩევ, მაგალითი ირაკლი ღარიბაშვილისგან აიღონ, რომელიც თანამდებობით მათზე მაღლა იდგა.

- შეწყალების სკანდალზეც მინდა გკითხოთ - ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ წელიწად-ნახევრის წინ თქვენც მოგაწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი დეპუტატი დაჟინებით ითხოვდა "კოკაინის საქმის" ფიგურანტების შეწყალებას.

- ელისაშვილს ჩემთვის რომ მოეწოდებინა ინფორმაცია, პროკურორს საქმის კურსში ჩავაყენებდი. მაშინ არ ვიცოდი, რომ ელისაშვილი მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს შეხვდა. ეს ყველაფერი მძაფრსიუჟეტიან დეტექტიურ სერიალს დაემსგავსა და სიმართლის გარკვევას საკითხის პოლიტიზებამ ხელი შეუშალა. მანანა კობახიძის შემთხვევაში ღია კარს ვამტვრევთ. 2011 წელს, როდესაც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ვიყავი, კობახიძემ მე მომმართა კითხვით, რა კავშირი ჰქონდა ნუგზარ ბოჭორიშვილს ჩვენს პარტიასთან, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი შეწყალებაზე ოფიციალური რეკომენდაციაც გაგზავნა. ვიღაცები გაიძახიან, "კოკაინის საქმეზე" დაკავებულების შეწყალების მოთხოვნა როგორ იკადრაო. ციხეში ყველა პატიმარს კონკრეტული დანაშაულის გამო აქვს მუხლი წარდგენილი. აქ საქმე სხვაგვარადაა, კერძოდ, ერთი ადამიანი თვლის, რომ პატიმარი შესაწყალებელია, მეორე კი ფიქრობს, რომ არ არის შესაწყალებელი. კომისიაც იმისთვის არსებობს, ვიღაცის განცხადებას დაეთანხმოს და ვიღაც უარით გაისტუმროს. შეწყალების სკანდალში მხოლოდ ქრთამის საკითხია გასარკვევი, რაზეც, თუ ვინმეს კონკრეტული ინფორმაცია აქვს, დროულად უნდა განაცხადოს. ელისაშვილმა იქნებ ისიც გვითხრას, რა შინაარსის წერილები მისწერეს. თუ გამოძიებით კონკრეტული დანაშაული არ დადგინდება, ჭორის საფუძველზე დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევა სწორი არ იქნება.

ჩემს მეორე მოადგილე გია ბარამიძესთანაც უამრავი კითხვა აქვთ, მის გადაყენებას რატომ არ მთხოვენ? თუ მანანა კობახიძის წინააღმდეგ იმაზე მეტი მოისმინა ვინმემ, ვიდრე გია ბარამიძეზე ან თუნდაც ზვიად ძიძიგურზე? ძიძიგური სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა და, შესაძლოა, ვიღაცები დღესაც ფიქრობენ, რომ მან 90-იან წლებში სასტიკი დანაშაული ჩაიდინა და სიკვდილს იმსახურებს. საკუთარ თავზეც ყოველდღე ისეთ ამბებს ვიგებ, ჭორებს ყურადღება რომ მივაქციო, პარლამენტის თავმჯდომარეობა კი არა, სადმე უნდა გადავიხვეწო...

- მანანა კობახიძეზე ბევრი რამ თქვით, ეკა ბესელიაზე კი არაფერს ამბობთ, რატომ?

- როცა ადამიანები ორთაბრძოლაში არიან ჩართულნი, ყოველთვის ელიან, რომ ვიღაც მათ მხარს დაუჭერს. მე სიმართლის მხარეს ვარ. თუ ეკა ბესელია ან ელისაშვილი, ან ვინმე სხვა ნაწყენია, ცივი წყლის დალევის გარდა ვერაფერს ვურჩევ.

- ცოტა ხნის წინ ენ-დი-აის კვლევებიც გამოქვეყნდა, რომელთა მიხედვითაც, მმართველ გუნდს არცთუ ისე სახარბიელო რეიტინგი აქვს. თქვენი აზრით, ასახავს ეს შედეგები რეალობას?

- პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით. საგარეჯოს შუალედურმა არჩევნებმა ყველა კვლევაზე სანდო მონაცემები მოგვაწოდა - საზოგადოების განწყობა დავინახეთ.

- მაღალჩინოსნების სოლიდური პრემია-დანამატები ხშირად ხდება საზოგადოების კრიტიკის საგანი...

- რაც შეეხება პრემიებს, თუ კონკრეტულ ციფრებამდე მივალთ, უმეტეს შემთხვევაში კრიტიკა არასწორი და უსაფუძვლო მოგვეჩვენება. ნახეთ, რა უჯდებოდა სახელმწიფოს წინა ხელისუფლების დროს მინისტრების შენახვა, ჩვენ კი კონკრეტული რეგულაციები შევიმუშავეთ.

- საარჩევნო სიაზე მუშაობა, ალბათ, უკვე დაწყებულია. მნიშვნელოვან სიახლეებს უნდა ველოდოთ?

- თუ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ნატოში გაწევრების მომხრე ხარ, პარლამენტში წამოდი - ასეთი მიდგომა უნდა დავივიწყოთ და საკითხებს ჩავუღრმავდეთ.

არ დგას საკითხი ისე, რომ მოქმედი დეპუტატებიდან ვიღაცები აუცილებლად უნდა წავიდნენ. თუ უკეთესი ვერ ვიპოვეთ, ვინც ვართ, ისინი დავრჩებით.

- რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება გახლდათ. რას შეცვლის ეს ქვეყნისთვის?

- ვიზა-ლიბერალიზაციის მიღება ქვეყნისთვის ეპოქალური მოვლენა იყო, რითაც არა მხოლოდ ქართველებმა დავადასტურეთ, რომ ევროპის ნაწილი ვართ, ევროპელებმაც გვაღიარეს თავიანთი ოჯახის წევრებად. ამას სიმბოლური დატვირთვაც აქვს - როდესაც მეზობლები ერთმანეთს სახლის გასაღებს უტოვებენ ან ერთმანეთის სახლში დაუკაკუნებლად შესვლა შეუძლიათ, ეს ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე მიანიშნებს.

საქართველო და ევროპაც ურთიერთობის სწორედ ამ დონეზე გადავიდნენ. კრიმინალები საქართველოსა და საფრანგეთშიც არიან, მაგრამ ერებს შორის კეთილი ნების გვჯერა და ამის გამო ერთმანეთს კარს არ ვუკეტავთ. მსოფლიოში ჩვენი იდენტობის დასამკვიდრებლად და ავტორიტეტის მოსაპოვებლად უვიზო მიმოსვლა აღიარების მწვერვალია. მოხარული ვარ, რომ ხელისუფლებამ ამ ეპოქალურ მოვლენაში ლომის წილი შეიტანა, თუმცა, არც წინა ხელისუფლებას ვუკარგავ ნაშრომს.

რუსუდან შელია