წლის პოლიტიკური სკანდალები - კვირის პალიტრა

წლის პოლიტიკური სკანდალები

"პოლიტიკოსებს წინასწარ ჰქონდათ აღებული სერიოზული თანხა - 200 ათასი დოლარი და თუ საქმე შეწყალებამდე მივიდოდა, მათი სარგებელი 1,5 მილიონი იქნებოდა."

"კოკაინის საქმე"

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ზოგიერთი საჯარო მოხელე მისგან დაჟინებით მოითხოვდა კონკრეტული პატიმრების შეწყალებას: "ძალიან სანდო ადამიანმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ ამ პოლიტიკოსებს წინასწარ ჰქონდათ აღებული სერიოზული თანხა - 200 ათასი დოლარი და თუ საქმე შეწყალებამდე მივიდოდა, მათი სარგებელი 1,5 მილიონი იქნებოდა." როგორც ელისაშვილმა თქვა, მან საქმის კურსში ჩააყენა პრეზიდენტი, მაშინდელი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, მთავარი პროკურორის მოადგილე, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა მაღალჩინოსნები. ორკვირიანი აჟიოტაჟის შემდეგ ელისაშვილმა განაცხადა, რომ საქმე ეხებოდა "კოკაინის საქმეს", "დაინტერესებული" დეპუტატები კი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია იყვნენ. ბესელიამ და კობახიძემ ელისაშვილი სიცრუეში დაადანაშაულეს. პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო, დაკითხულია უკვე ათეულობით ადამიანი, მათ შორის: დეპუტატები, ყოფილი მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის მოადგილე თუ ადვოკატები.

არშემდგარი ქაოსი

წლის დასაწყისში სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტს, ბოლოს და ბოლოს, ვის დარჩება "რუსთავი 2" - ქიბარ ხალვაშს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, თუ ძმებ ყარამანიშვილებს. თუმცა "რუსთავი 2"-ის საქმემ საზოგადოებას თავი იმით დაამახსოვრა, რომ გავრცელდა ოდესის გუბერნატორისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრები ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან, გიგა ბოკერიასთან, გივი თარგამაძესა და "ნაცმოძრაობის" სხვა ლიდერებთან, რომელშიც მოვლენების რევოლუციურ სცენარზეა საუბარი. "უნდა წახვიდეთ რევოლუციაზე, გამაგრდეთ, ბარიკადები გააკეთონ, მოიმარაგოთ წყალი, ესა, ისა და იყოს მრავალკვირიანი სთენდოფი, გარშემო უნდა დაამწყვდიოთ დიდი ბარიკადები. ეხლავე დაიწყეთ მომზადება, ჩვეულებრივი ციხესიმაგრე გააკეთეთ, კარვები გარშემო, ის კონცერტი აუცილებლად უნდა მოაწყოთ და ა.შ. ეხლა უნდა დაიწყოთ მშენებლობა... 1500-2000 კაცს ჩვეულებრივად ვიშოვით, რომ გაამაგრონ, როგორც კი გამაგრდებით ერთი კვირა, ვსიო, ძალიან გაუჭირდებათ. იშოვეთ "ბოევიკები", რომლებიც დაიცავენ, საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება. უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები და თუ გაისვრიან და გაისროლონ, რა ვქნათ?" - ამბობდა სააკაშვილი.

ერთდღიანი თავისუფლება

საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა 2015 წლის სექტემბერი, იმჟამად თბილისში ასე ხუმრობდნენ - უგულავამ მხოლოდ ერთი დღით "იგულავაო". მართლაც, ერთ საღამოს საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელიც პირის 9 თვეზე მეტხანს წინასწარ პატიმრობას ითვალისწინებდა. იმავე საღამოს თბილისის ყოფილი მერი გათავისუფლდა, თუმცა მეორე დღეს მას რიყისა და "თბილსერვისის" საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ციხეში შეაბრუნეს (ამავე საქმეზე კეზერაშვილი გაამართლეს). შუალედში "ნაციონალებმა" სასამართლოსთან მიტინგი გამართეს, სადაც უგულავამ განაცხადა, - ისევ ძველი საარჩევნო სისტემით "აბაროტს" ავიღებთ და გავიმარჯვებთო.

წამების ვიდეო

უკრაინულმა ვებგვერდმა ტუბე.უა-მ წინა ხელისუფლების დროს, სავარაუდოდ, სამეგრელოს ერთ-ერთ სამართალდამცავ უწყებაში გადაღებული წამების ამსახველი რამდენიმე ვიდეომასალა გამოაქვეყნა. მამაკაცს ვიდეოში ცრუჩვენების მიცემას აიძულებენ. ვიდეო სრულდებოდა ძმები ახალაიების, მიხეილ სააკაშვილის, გივი თარგამაძის, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფოტოებით და წარწერით:

"სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების შედეგი".

2013 წელს სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეომასალების დიდი ნაწილი განადგურდა, ნაწილი კი, მათ შორის უკრაინულ საიტზე გავრცელებული ვიდეო, შეინახეს როგორც მტკიცებულება. უცნობია, როგორ მოხვდა ეს კადრები უკრაინულ საიტზე. ერთ-ერთი ვერსიით, ამ ჩანაწერების ასლები საქართველოდან გაქცეულმა მაღალჩინოსნებმა წაიღეს და ყოფილ თანაგუნდელებზე შურისძიების მიზნით გაავრცელეს. თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებდა, რომ ეს ამჟამინდელი ხელისუფლების ხელდასხმით კეთდებოდა.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ამ საქმის გამოძიება დაიწყო, თუმცა გამოძიების შედეგი ჯერ არ გვინახავს. ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩაზე ამ კადრების საჯარო ჩვენება მოაწყვეს, რასაც საზოგადოების აღშოთება მოჰყვა.