"იუსტიციის საბჭოში 10 მურუსიძე გვყავს"
28-12-2015
"იუსტიციის საბჭოში 10 მურუსიძე გვყავს"
"მურუსიძის დანიშვნით მისი მომხრე იუსტიციის საბჭოს წევრები იზიარებენ პასუხისმგებლობას სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზეც"

საზოგადოების უმრავლესობის მწვავე პროტესტის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. მის კანდიდატურას საბჭოს 14 წევრისგან მხარი 10-მა დაუჭირა. მათ შორის ისეთებიც აღმოჩნდნენ, ვინც საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობამ დაამტკიცა: ევა გოცირიძე, კახა სოფრომაძე და ვახტანგ თორდია. კენჭისყრას იუსტიციის საბჭოს 14 წევრისგან ერთი, გოჩა მამულაშვილი, ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო. ვახტანგ მჭედლიშვილს, რომელიც საბჭოში პრეზიდენტმა
დაასახელა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ლევან მურუსიძეს ხმა არ მისცა. თავად ლევან მურუსიძე თავის კანდიდატურას ხმას ვერ მისცემდა.

(იხილეთ: იცნობდეთ მათ, ვინც მურუსიძეს დაუჭირეს მხარი)

მოგვიანებით, ევა გოცირიძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ვახტანგ თორდიამ ერთობლივი საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვით, თურმე
მურუსიძის დანიშვნაზე უარის თქმა სხვა მოსამართლეების მიერ აღქმული იქნებოდა, "როგორც ძველი მოსამართლეებისადმი საერთო უნდობლობის გამოცხადება და სასამართლო სისტემიდან მათი თანდათანობითი განდევნის მაუწყებელი ნაბიჯი, რაც გამოიწვევდა მათ დემორალიზაციას, არასტაბილურობასა და ქაოსს სასამართლო სისტემაში".
აღსანიშნავია, რომ ლევან მურუსიძე ჩამოთვლილ საქმეებზე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და თავს მხოლოდ წინა ხელისუფლების მიღებული კანონების მსხვერპლად მიიჩნევს. ჩვენთან საუბარში მას არც ის დაუმალავს, რომ რეალურად იუსტიციის საბჭოს მდივნის პოსტის შესანარჩუნებლად იბრძოდა, რადგან თუ სააპელაციოს მოსამართლედ არ აირჩევდნენ, მას იუსტიციის საბჭოს მდივნის პოსტის დატოვებაც მოუწევდა. დღევანდელი მდგომარეობით კი მან ორი კურდღლის დაჭერა შეძლო - 2017 წლამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს ინარჩუნებს, პოსტიდან წასვლის შემდეგ კი უვადო მოსამართლედ დანიშვნის პერსპექტივაც დიდი აქვს. რაც მთავარია, ლევან მურუსიძე მოსამართლეების მხარდაჭერითაც იმუქრება. მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. აღშფოთებული არიან თავად ხელისუფლებაშიც.

მანანა კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი:
- პატივს ვცემ სასამართლო ხელისუფლებას, როგორც დამოუკიდებელ შტოს, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ეს არის საზოგადოების სრულიად ჯანსაღი, საფუძვლიანი და სამართლიანი მოთხოვნის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება.

ანა ნაცვლიშვილი, საია-ს თავმჯდომარე: - იუსტიციის საბჭოში ჩვენ გვყავს 10 ლევან მურუსიძე და ეს ათივე ადამიანი იზიარებს სრულ პასუხისმგებლობას გირგვლიანის საქმისა და ყველა იმ უკანონო გადაწყვეტილებისთვის, რომლებიც ლევან მურუსიძემ მიიღო და მომავალშიც მიიღებს. ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ეს ადამიანი საქართველოს სახელით მიიღებს, საბჭოს ათივე წევრს მოუწევს პასუხისმგებლობის გაზიარება.

შალვა შავგულიძე, სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი: - ეს არის ცინიკური დამოკიდებულება ქართველი საზოგადოების მიმართ, რომელმაც როგორც სანდრო გირგვლიანის საზარელი მკვლელობის, ისე მაშინდელი ხელისუფლების მიმართ მკაცრი პოზიცია გამოავლინა. ლეგიტიმაცია და საზოგადოების რწმენა ამ მოსამართლის მიერ აღსრულებული განაჩენის მიმართ იქნება ნულის ტოლი. არ შეიძლება სამართლის აღსრულება სახელმწიფომ დააკისროს ადამიანს, რომლისაც არც საზოგადოებას სჯერა და რომლის სამართალიც უარყოფითად შეაფასა ევროპის სასამართლომ. მურუსიძის დანიშვნით მისი მომხრე იუსტიციის საბჭოს წევრები იზიარებენ პასუხისმგებლობას სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზეც.

ლევან მურუსიძე: - თავის დროზე მოსამართლეები წინა ხელისუფლების მიღებული კანონების მსხვერპლნი ვიყავით. იუსტიციის საბჭოს მდივნის პოზიციიდან წასვლა მომიწევდა, თუ სააპელაციო სასამართლოში არ დავინიშნებოდი, რადგან უზენაეს სასამართლოში ჩემი მოსამართლეობის ვადა აპრილში იწურება. ფაქტია, რომ მოსამართლეების დიდი ნდობით ვსარგებლობ, ამაზე მოსამართლეთა კონფერენციებიც მოწმობს, სადაც 150-ზე მეტი მოსამართლე დამიდგა გვერდით. არა მგონია, სასამართლოში ასეთი ნდობით სხვა ვინმე სარგებლობდეს. მე მათ პოლიტიკური ინტერესებისგან ვიცავ.

"ეგ კაცი სადმე რომ შემხვდეს, თავს კონტროლს ვერ გავუწევ"

თამაზ მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის მამა: ვინც მურუსიძე აირჩია, ის ქვეყნის მტერია. რატომ აკეთებენ ამას? მურუსიძეზე უფრო დასასჯელი ამ შემთხვევაში ის ხალხია, ვინც ხმა მისცა მის მოსამართლედ არჩევას. ადამიანი იმედით ცხოვრობს და იმედს რომ უკლავენ, ის ყველაფრის გამკეთებელია. ქათამიც კი არ დამიკლავს, მაგრამ პირადად მე, ეგ კაცი სადმე რომ შემხვდეს, თავს კონტროლს ვერ გავუწევ... ჩემნაირად რამდენია გამწარებული..."

"გამოდის, ირინას ბრძოლა ამაო ყოფილა"

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა (სიკვდილის შემდეგ). ორდენი სანდრო გირგვლიანის მამას, გურამ გირგვლიანს გადასცეს, რომელმაც სამადლობელი სიტყვისას თქვა (მაშინ მურუსიძე ჯერ კიდევ არ იყო არჩეული სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ): "არის ერთი პიროვნება, ერთი ადამიანი, იუსტიციის საბჭოდან, ეს პიროვნება არის მურუსიძე, რომელიც დღესაც უნამუსოდ იბრძვის იმისათვის, რომ კვლავ გახდეს ამ საბჭოს წევრი და რომელსაც ეტყობა ჰყავს თავისი ამფსონები, მხარდამჭერები. ალბათ, მას რაღაცა იმედი აქვს, იმიტომ, რომ ისე უნამუსოდ იქცევა, დებატებში იქნება ეს თუ სხვაგან, რომ თითქოს ყველაფერში იყოს მართალი. არადა, ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი ის იყო იმ განაჩენისა, რომელიც მაშინ გამოიტანა იმ ხელისუფლებამ. თუ მურუსიძე აირჩიეს, გამოდის, ირინას ბრძოლა ამაო ყოფილა".

მურუსიძის საქმეები: გირგვლიანი, მოლაშვილი...

როდესაც სულხან მოლაშვილის წამების ამსახველი ფოტოები პრესაში გავრცელდა და საერთაშორისო ორგანიზაციები დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ, კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს ლევან მურუსიძემ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მურუსიძის გადაწყვეტილება არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, სტრასბურგის სასამართლოსთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა. მის სახელს უკავშირდება გირგვლიანის საქმის განაჩენიც, რომლითაც მან მკვლელობაში მსჯავრდადებულებს სასჯელი შეუმცირა და პროცესი ზეპირი მოსმენის გარეშე ჩაატარა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ სასამართლომ დამამძიმებელი გარემოებები არ გაითვალისწინა და მსჯავრდადებულებს არაადეკვატური განაჩენი გამოუტანა. ლევან მურუსიძე პასუხისმგებელია 2005 წელს უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლის გათავისუფლებაზეც; 2011 წელს მისი სახელი "ქართუ ბანკის" გაკოტრების სქემაშიც ფიგურირებს.

იხილეთ ასევე: "შეაფურთხე და შეაგინე მურუსიძეს" - ირაკლი კაკაბაძე ახალ კამპანიას იწყებს
რუსუდან შელია
ნანა
28 დეკემბერი 2015 23:37
შეხედეთ ხალხო ირინა ენუქიძის ამ სურათს და ვინც მხოლოდ სკამზე ფიქრობს და ეს ქალბატონი არ ეცოდება ის არ არის ადამიანი. მურუსიძე რომ არ არის ნორმალური ამას თქმა რად უნდა. მართალიც რომ იყოს მაინც უნდა წასულიყო, მაგრამ საქართველოში მოხდა ახალი ჯიშის ადამიანების გამოყვანა, რომლებსაც არაფრის სცხვენიათ, თუ თვითონ კარგად გრძნობენ თავს. მოსამართლეების განწყობა კარგად ვიცი, როდესაც გირგვლიანი მოკლეს. თითქმის ყველა ვინც ეხლაც მოსამართლეა, გირგვლიანს ამტყუნებდა და ამბობდა, რომ თავხედი ადამიანი იყოვო. არ მახსოვს ვინმეს, მოსამართლეს შესცოდებოდა, ამიტომ როცა ვამბობდი რა საშინელება მოხდა მეთქი, ეჭვით მიყურებდნენ.( ამიტომ მე და ჩემნაირები აღარ ვართ მოსამართლეები) ეს იუსტიციის საბჭო არის სააკაშვილის დროინდელი, ყვალაზე უარესი შემადგენლობის. შევარდნაძის დროს უკეთესი საბჭო იყო, რადგან პატიოსანი ადამიანებიც ,,გაეპარათ" მაშინ, მაგრამ შემდეგ მიშამ გამოასწორა და ყველა ვისაც სინდისი ჰქონდა მოაშორა სასამართლოს. დატოვა მონები. ეხლა, რომ გამამართლებელ განაჩენებს იღებენ , აბა ნახეთ რა განაჩენები აქვთ მიღებული ანალოგიურ საქმეებზე, ანალოგიური მტკიცებულებებით. რა დიდი მოფიქრება უნდა, ნახეთ რეზერვში გაშვებული მოსამართლეების საქმეები, შეისწავლეთ და მიხვდებით ვინ იყო მართლა წესიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ვინ მონა.
ნანა
28 დეკემბერი 2015 23:02
შეხედეთ ხალხო ირინა ენუქიძის ამ სურათს და ვინც მხოლოდ სკამზე ფიქრობს და ეს ქალბატონი არ ეცოდება ის არ არის ადამიანი. მურუსიძე რომ არ არის ნორმალური ამას თქმა რად უნდა. მართალიც რომ იყოს მაინც უნდა წასულიყო, მაგრამ საქართველოში მოხდა ახალი ჯიშის ადამიანების გამოყვანა, რომლებსაც არაფრის სცხვენიათ, თუ თვითონ კარგად გრძნობენ თავს. მოსამართლეების განწყობა კარგად ვიცი, როდესაც გირგვლიანი მოკლეს. თითქმის ყველა ვინც ეხლაც მოსამართლეა, გირგვლიანს ამტყუნებდა და ამბობდა, რომ თავხედი ადამიანი იყოვო. არ მახსოვს ვინმეს, მოსამართლეს შესცოდებოდა, ამიტომ როცა ვამბობდი რა საშინელება მოხდა მეთქი, ეჭვით მიყურებდნენ.( ამიტომ მე და ჩემნაირები აღარ ვართ მოსამართლეები) ეს იუსტიციის საბჭო არის სააკაშვილის დროინდელი, ყვალაზე უარესი შემადგენლობის. შევარდნაძის დროს უკეთესი საბჭო იყო, რადგან პატიოსანი ადამიანებიც ,,გაეპარათ" მაშინ, მაგრამ შემდეგ მიშამ გამოასწორა და ყველა ვისაც სინდისი ჰქონდა მოაშორა სასამართლოს. დატოვა მონები. ეხლა, რომ გამაგართლებელ განაჩენებს იღებენ , აბა ნახეთ რა განაჩენები აქვთ მიღებული ანალოგიურ საქმეებზე, ანალოგიური მტკიცებულებებთ. რა დიდი მოფიქრება უნდა, ნახეთ რეზერვში გაშვებული მოსამართლეების საქმეები, შეისწავლეთ და მიხვდებით ვინ იყო მართლა წესიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ვინ მონა.

რედაქტორის რჩევით