"არ მიყვარს წაქცეულზე ლაპარაკი" - რატომ მიიჩნევს ალასანია ღარიბაშვილს წაქცეულად და რას ფიქრობს კვირიკაშვილზე?! - კვირის პალიტრა

"არ მიყვარს წაქცეულზე ლაპარაკი" - რატომ მიიჩნევს ალასანია ღარიბაშვილს წაქცეულად და რას ფიქრობს კვირიკაშვილზე?!

"კვირიკაშვილის მთავარი გამოწვევა საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის სტაბილურად და მშვიდად მიყვანაა"

"სააპელაციო სასამართლოში მურუსიძისნაირი სააკაშვილისა და ადეიშვილის მოსამართლეების კონცენტრაცია ხდება"

ახალი მთავრობა, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დამტკიცებულია - საპარლამენტო უმრავლესობამ მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა, თუმცა მმართველ გუნდთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელისგან პოზიტიური მოლოდინი"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს, ირაკლი ალასანიასაც აქვს:

-  გულწრფელად მინდა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად ფიასკო არ განიცადოს. ვფიქრობ, ახალ პრემიერს შესაძლებლობების გამოვლენისთვის  დრო უნდა მივცეთ - გიორგი კვირიკაშვილს ას დღეს მივცემთ იმ დაპირებების შესრულების დასაწყებად, რაც კოალიცია"ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას ერთად მივეცით.

აუცილებელია ინვესტიცია გაიზარდოს, პროდუქტებზე ფასები შემცირდეს და რეფორმები სწორი მიმართულებით განხორციელდეს. ბუნებრივია, კვირიკაშვილი ამას თვეში ვერ მოასწრებს, თუმცა ეს საკმაირი დროა, რომ მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთოს. მეტიც, მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებას პოზიტიურად ვაფასებ.

- ერთის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობას პარლამენტში ნდობას არ უცხადებთ, მეორე მხრივ, ახალი პრემიერის უნარების გამოვლინებასა და პოზიტიურ ცვლილებებზე ლაპარაკობთ. პარტიის ძირითად პოლიტიკურ პოზიციაზე ვერ ჩამოყალიბდა?

- მთავრობას ნდობა იმ მარტივი მიზეზით არ გამოვუცხადეთ, რომ ოპოზიცია ამ მთავრობაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, თუმცა დიახ, გარკვეული ნდობა გიორგი კვირიკაშვილის მიმართ გვაქვს და იმისთვისაც მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში რჩევებიც მივცეთ, რომ საზოგადოებაში არსებული გაუსაძლისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს. ვფიქრობ, კვირიკაშვილის მთავარი გამოწვევა საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის სტაბილურად და მშვიდად მიყვანაა. მჯერა, ის ამჩატებულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს და არც პოლიტიკურ დაკვეთებს შეასრულებს. პოლიტიკურ პროცესებში სამართალდამცავი სტრუქტურების ჩართვას ვგულისხმობ.

- რატომ არ გქონდათ ანალოგიური განწყობა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, არც მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ისაუბრებთ?

- არ მიყვარს წაქცეულ ადამიანზე ლაპარაკი, თუმცა აშკარად გამოჩნდა, რომ პრემიერის პოსტიდან წასვლა ირაკლი ღარიბაშვილისთვისაც მოულოდნელი იყო. ბევრი რამ ერთად გავაკეთეთ, მაგრამ არაერთი მნიშვნელოვანი საქმის განხორციელება არ გამოგვივიდა, რაზეც გულნატკენი ვარ.

არ მინდა ახალ წელს ამაზე ვილაპარაკო, მას ახლა თავისი გზა აქვს. სხვათა შორის, საზოგადოებას ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე გიორგი კვირიკაშვილის მიმართ სამართლიანი პრეტენზიები აქვს. ის სამი წლის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრი გახლდათ, მაგრამ ვიმეორებ, პრემიერი იმსახურებს ახალი წლიდან შანსი მივცეთ. თუ კვირიკაშვილმა მოქალაქეებთან კომუნიკაციის აღდგენა ვერ მოახერხა, ღარიბაშვილის მსგავსად ფიასკო ელოდება.

მაგალითად, თბილისის ყველა უბნის პრობლემაზე მერიას კონკრეტული ინფორმაცია მივაწოდეთ, თუმცა, შენც არ მომიკვდე, მერიამ ნერვიც კი არ შეატოკა მათ გასაცნობად.

- წინ საარჩევნო წელია, თქვენც ხელისუფლებაში უკვე გამოგცადათ საზოგადოებამ. რატომ უნდა გამოგიცხადოთ ამომრჩეველმა ნდობა ხელმეორედ?

- ხელისუფლებაში ყოფნისას, ბუნებრივია, ეს პრობლემები ჩემთვის ცნობილი იყო და მათ გადაჭრაზეც ვმუშაობდით. ახლა მთავარია, გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნებამდე პროცესები სტაბილურად მიიყვანოს.

- უკვე მეორედ უსვამთ ხაზს, რომ პრემიერის მთავარი ამოცანა არჩევნებამდე მშვიდად მისვლაა. პროცესების ესკალაციას პროგნოზირებთ?

- საზოგადოების შეურაცხყოფაა, როდესაც სააპელაციო სასამართლოში მურუსიძისნაირი მოსამართლეები ბრუნდებიან. მოსამართლეთა კორპუსის დიდ ნაწილს პატივს ვცემ, თუმცა ფაქტია, რომ სააპელაციო სასამართლოში მურუსიძისნაირი სააკაშვილისა და ადეიშვილის მოსამართლეების კონცენტრაცია ხდება. ეს პროცესი კი ერთ მარტივ სქემას უკავშირდება - მათ ადმინისტრაციულ სასამართლოზე კონტროლი უნდათ, რადგან საარჩევნო დავების განხილვა სწორედ სააპელაციო სასამართლოში სრულდება. ამ სქემის სისრულეში მოყვანა კვირიკაშვილმა პოლიტიკური აქტიურობით უნდა შეაფერხოს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში სასამართლოზე პოლიტიკურ ზეწოლას არ ვგულისხმობ. რაც შეეხება კონკრეტულად არჩევნებს, 2016 წლის არჩევნებზე"თავისუფალი დემოკრატები" დამოუკიდებლად გავალთ. ჩვენ მზარდი რეიტინგი გვაქვს, ამომრჩევლის 60% კი, საკუთარ არჩევანზე ამ დრომდე არ ჩამოყალიბებულა.

- რატომ ფიქრობთ, რომ აღნიშნული 60% თქვენ დაგიჭერთ მხარს, როდესაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ძალები ჩნდებიან? ექსპერტები ფიქრობენ, რომ 2016 წელს ოპოზიციურ პარტიებს რეალურად მეორე ადგილისთვის ბრძოლა მოგიწევთ.

- სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობს, რომ მეორად არჩევანს მოსახლეობა"თავისუფალი დემოკრატების" სასარგებლოდ აკეთებს. გასაგებია, რომ ახალი პოლიტიკური ძალები ჩნდებიან, მათ ნაწილს მეორე ადგილი სურს, ზოგს საკუთარი პოლიტიკური ნიშის დაკავებაც გაუჭირდება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ფანტასტიური ახალგაზრდა თაობა გვყავს, რომელიც პრორუსულ და პროდასავლური ძალებს შორის რეალურ განსხვავებას სრულად აცნობიერებს.

- ისე, ვიზა-ლიბერალიზაციაზე დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ, პასუხისმგებლობას არ გრძნობთ იმ განცხადებაზე, რაც მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ გააკეთეთ?

- პირველ რიგში, ვიზა-ლიბერალიზაციის მიღწევაში ჩემმა გუნდმა საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება ჩემ განცხადებას, პროდასავლური კურსის შეცვლის საფრთხეზე მტკიცედ რომ არ მესაუბრა, საკმაოდ სახიფათო ტენდენცია შენარჩუნდებოდა. გაიხსენეთ, უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებები რუსეთსა და სტალინზე. სანამ ჩვენ კოალიციაში ვიყავით, მსგავსი პოზიციის დაფიქსირებას ისინი ვერ ბედავდნენ.

- თქვენი აზრით,"რესპუბლიკელები" ან პარტია"ქართული ოცნების" წევრები საკმარისად პროდასავლურები არ არიან?

- არავის ვეჯიბრები, მხოლოდ ფაქტებზე ვლაპარაკობ. ადრე მსგავსი განცხადებები არ ისმოდა, ბოლო პერიოდში - არაერთხელ მოვისმინეთ. ჩვენი პრინციპული პოზიციით მათ უფლება არ მივეცით გზიდან გადაეხვიათ. ქვეყნის საგარეო კურსი არ იცვლება, პოლიტიკური ძალები ევროპისკენ მწყობრი ნაბიჯებით მივდივართ. 2016 წლის არჩევნები გამოსაცდელი ველი იქნება როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის. ვფიქრობ, მარგინალური პოლიტიკური ძალები ამ ტესტს ვეღარ ჩააბარებენ. ვერც ის ძალები მოიპოვებენ ნდობას, ვინც საზოგადოებას რადიკალიზმისკენ მოუწოდებს. ამომრჩეველი ყველა მათგანს მკაცრად გაფილტრავს. ამ მხრივ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.

და ბოლოს, გილოცავთ ახალ წელს, 2016 წლის ყოველი წუთი ქვეყნის გასაძლიერებლად გამოგვეყენებინოს. საზოგადოებას კი ვუსურვებ, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ოპტიმისტურად განეწყოს.

რუსუდან შელია