"პოლიტიკაში ირაკლი ალასანიას გამო არ მოვსულვარ" - ზალკალიანის დაბრუნება - კვირის პალიტრა

"პოლიტიკაში ირაკლი ალასანიას გამო არ მოვსულვარ" - ზალკალიანის დაბრუნება

"მე არასდროს მითქვამს, რომ ქვეყნის კურსი იცვლება"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი დავით ზალკალიანი ინიშნება. რატომ გადაწყვიტა ერთი წლის წინ სკანდალური გადადგომის შემდეგ მმართველ გუნდში დაბრუნება, "კვირის პალიტრის" კითხვებს დავით ზალკალიანი პასუხობს:

- შემოთავაზებას რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით დავთანხმდი - სამთავრობო ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის თვისებრივად ახალ გარემოებას ქმნის, თანაც საკმაოდ თანამიმდევრული ნაბიჯები გადაიდგა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისთვის. ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ ამოცანებს წარმატებით ახორციელებს. საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრიც გაიხსნა, რაც რწმენას მმატებს, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია.

- თუ ერთი წლის შემდეგ იმავე თანამდებობაზე დაბრუნებას თანხმდებით, რატომ დატოვეთ სკანდალურად პოსტი და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაზე რატომ ისაუბრეთ?

- ერთი წლის წინ პოლიტიკური გუნდის წევრი ვიყავი, ამიტომ სხვაგვარად მოქცევა მორალური თვალსაზრისითაც გაუმართლებელი იქნებოდა. მე არასდროს მითქვამს, რომ ქვეყნის კურსი იცვლება. მხოლოდ კითხვის ნიშნები დავსვი - პროცესები ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას ხელს ხომ არ შეუშლიდა-მეთქი.

- ანუ, ირაკლი ალასანიას განცხადებას ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების საფრთხეზე არ იზიარებდით, მაგრამ მაშინ გაჩუმება ამჯობინეთ?

- თუ პროცესები დადებითად მიმდინარეობს, მისი ადეკვატურად აღქმა და აღიარებაც უნდა შეგეძლოს. აღნიშნული განცხადებიდან 14 თვე გავიდა, ამ ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი ქვეყნის საგარეო ნაბიჯებს. თანაც გიორგი კვირიკაშვილი თავისი ქვეყნის პატრიოტია და წარმატებული პრემიერ-მინისტრიც იქნება. იმავეს ვიტყვი მიხეილ ჯანელიძეზეც.

ჩემი ღირებულებებისთვის არასდროს გადამიხვევია, არც თანამდებობას ჩამოვკიდებივარ. 2009 წელს პოლიტიკაში წასვლაც იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან ბევრჯერ მითქვამს, პოლიტიკაში "ნაციონალური მოძრაობის" არასწორი მმართველობის გამო წავედი და ჩემი უახლოესი მეგობრის, ლევან მიქელაძის, მისი ღირებულებებისა და სამოქალაქო გმირობის გვერდით დავდექი.

- მიანიშნებთ, რომ პოლიტიკაში ირაკლი ალასანიას გამო არც 2009 წელს მოსულხართ?

- პოლიტიკაში ირაკლი ალასანიას გამო არ მოვსულვარ. როგორც კი ჩავთვალე, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობა ამოწურულია, პარტია დავტოვე.

- თქვენი გადაწყვეტილების შემდეგ "თავისუფალ დემოკრატებს" თავის მართლებამ მოუწიათ, რომ ხელისუფლებასთან გარიგებული პარტიის წარმომადგენლები არ არიან.

- ყველა პოლიტიკური გუნდის ბედს ხალხი და ამომრჩეველი განსაზღვრავს. რაც შეეხება მათ გეგმებს, მსგავსი ინფორმაცია მათგან არ მომისმენია. მეტიც, მათთან არც ჩემი გადაწყვეტილება შემითანხმებია.

რუსუდან შელია