ვინ ლობირებს 26 მაისისა და ბუტა რობაქიძის საქმის მოსამართლეებს და რას პასუხობს ნინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანსა და თეა წულუკიანს (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ვინ ლობირებს 26 მაისისა და ბუტა რობაქიძის საქმის მოსამართლეებს და რას პასუხობს ნინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანსა და თეა წულუკიანს (ექსკლუზივი)

"მოსამართლეებთან შეხვედრისას იმედი მომეცა, რომ ისინი პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობენ, მეტიც - მას კატეგორიულად ემიჯნებიან"

"თუ მოსამართლეებმა ნელ-ნელა დაიჯერეს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება ზეწოლის გარეშე შესაძლებელია, ამას ჩემს მთავარ გამარჯვებად ჩავთვლი"

სასამართლო სისტემის შიგნით გარკვეული ჯგუფების უთანხმოება დიდი ხანია საჯარო დაპირისპირებად იქცა. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი სასამართლო სისტემაში ხელოვნურად შექმნილ კრიზისზე საუბრობს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. პროცესში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ერთვება და ნინო გვენეტაძეს სისტემის მართვისას მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდებს. სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე "კვირის პალიტრას" საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ექსკლუზიურად ესაუბრა.

- სასამართლოში მიმდინარე პროცესებმა დაგვანახა, რომ პარლამენტში შესული კანონპროექტის განხილვის გაგრძელება აუცილებელია - რეფორმის მესამე ეტაპი ვითარებას დაასტაბილურებს. ვიმედოვნებთ, რომ საგაზაფხულო სესიაზე საკანონმდებლო ორგანო წარდგენილ კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს და მას კანონად აქცევს.

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადებას, რომელიც შეიცავდა უარყოფით შეფასებებსა და შეხედულებებს კოლეგების მიმართ, მოსამართლეთა კორპუსის სრული უმრავლესობისთვის მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ლოგიკურად გაჩნდა კითხვა ახვლედიანის საჯარო განცხადების მოტივსა და იმ კონტექსტზე, რომელშიც ის გაკეთდა, რაზეც პასუხი ბატონმა მამუკამ უნდა გასცეს. მან აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართაც გამოხატა ბრალდებები და გარკვეულწილად შეეცადა მაღალი რანგის საჯარო მოხელეთა შორის კონფრონტაციის გაღვივებას. რა იყო ამ შემთხვევაში ახვლედიანის მოტივები? ცოტა ხნის წინ ბატონ მამუკას კონკრეტული სტატისტიკაც მიაწოდეს, რომელიც, წესით, მასაც უნდა ჰქონოდა, მაგრამ არ აღმოაჩნდა. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსი 2007-2015 წლებში გაიარა 98-მა პირმა, რომელთაგან 81 მსმენელი მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა. მიმდინარე კონკურსში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის 17 მსმენელი, რომელთაგან თანამდებობაზე რვა კურსდამთავრებული დაინიშნა. დარჩენილი ცხრა მსმენელიდან ორმა - იუსტიიის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს უარყოფითი შეფასება, ორმა კი მინიმალური შეფასება მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ ხუთ მსმენელს, მათ კონკურსის პირობებში კონკრეტულ ვაკანსიაზე დანიშვნაზე ეთქვათ უარი, რაც არ ნიშნავს, რომ სხვა ვაკანსიაზე არ დაინიშნებიან. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ჩემი არჩევის შემდეგ თანამდებობაზე 22 მსმენელი დაინიშნა, მათ შორის ისეთებიც, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი სკოლა 2010-2011 წლებში დაამთავრეს.

- ახვლედიანის განცხადებით, სასამართლოებში კრიზისი ხელოვნურად შეიქმნა, რათა მოქმედი მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ფორსმაჟორულ ვითარებაში, თანამდებობებზე საბჭოსთვის სასურველი კანდიდატები დანიშნულიყვნენ.

- როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ამირჩიეს, საქალაქო სასამართლოში უფლებამოსილი 86 მოსამართლე მუშაობდა, მათგან 18 მივლინებული იყო, ოთხს კი უფლებამოსილება მათ წარმოებაში არსებულ საქმეთა დასრულებამდე ჰქონდა გაგრძელებული. შესაბამისად, სასამართლოში შემოსული საქმეები ნაწილდებოდა 82 მოსამართლეზე. ჩემი არჩევის დღიდან დღემდე მოსამართლეები სამჯერ დაინიშნენ. კერძოდ, კონკურსების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველ მაისს დაინიშნა 12 მოსამართლე, 1-ელ აგვისტოს - 7, 25, დეკემბერს კი - 10. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრობლემაა ისიც, რომ წლების განმავლობაში სასამართლოში მუშაობდნენ მოსამართლეები, რომლებიც არ იყვნენ დანიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე და დამოკიდებული იყვნენ მივლინების ვადების გაგრძელება-არგაგრძელებაზე. კანონის მიხედვით, 2015 წელს მივლინების პრაქტიკა გაუქმდა, რაც ყველა მივლინებული მოსამართლის ადგილზე დაბრუნებას გულისხმობდა. ამ პროცესში საბჭოს მიერ განხორციელებული დანიშვნების შედეგად სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოში კრიზისი ავიცილეთ, რადგან მუშაობა 69 მოსამართლემ გააგრძელა. 2015 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლოში 88 საშტატო ერთეული იყო, დღეისათვის კი 94 საშტატო ერთეულია.

- არც მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმებია ბუნდოვანი?

- სწორედ ახალი საბჭოს პირობებში დაიხვეწა მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები, ჩამოყალიბდა კანდიდატზე ინფორმაციის მოძიების წესი და პროცედურები, ამასთან, განისაზღვრა საბჭოს წევრთა ვალდებულებები. ამ ცვლილებების პროექტის განხილვისას მამუკა ახვლედიანს შენიშვნები არ ჰქონდა და გაუგებარია, დღეს რატომ ლაპარაკობს ცვლილებების ხარვეზებზე?! სხვათა შორის, მოსამართლეები ამბობენ, რომ როდესაც ტექნიკური თუ მენეჯერული საკითხების მოსაგვარებლად საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავდნენ, უმეტესწილად ის საქართველოში არ იყო.

- საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლო სისტემაში არსებულ კლანებზე საუბრობს და ასახელებს მოსამართლეებს, რომლებიც მოქმედი კლანისთვის მიუღებელნი აღმოჩნდნენ.

- როგორც უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, მოვითხოვე, მამუკა ახვლედიანს დაეკონკრეტებინა ინფორმაცია და ფაქტებით ესაუბრა. საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებთან ერთად შეხვედრისას, მან ვერ დაადასტურა სასამართლოში შექმნილი დაპირისპირებისა და კრიზისის რეალური არსებობა. შეხვედრის დასრულებისთანავე განმარტა, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა. ნათელია, რომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მხოლოდ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს და მავანს გარკვეულ ეჭვსაც უჩენს.

- ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრმაც მოგიწოდათ, სასამართლო სისტემა უფრო "ძლიერი ხელით" მართოთ.

- მოსამართლეებთან შეხვედრისას იმედი მომეცა, რომ ისინი პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობენ, მეტიც - მას კატეგორიულად ემიჯნებიან. რაც შეეხება თეა წულუკიანის განცხადებას, ყველა ხელისუფლებას სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი. მზად ვარ, შენიშვნებიც მივიღო - ეს არც პიროვნულად და არც თანამდებობრივად არ მამცირებს.

- არც ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში გამწესებას მიიჩნევთ მარცხად?

- ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლებს, სამწუხაროდ, მე უმცირესობაში აღმოვჩნდი. მთავარია, სამართალწარმოება იყოს თავისუფალი და მოსამართლე მხოლოდ კანონსა და ეთიკას დაეყრდნოს. სასამართლო სისტემაში ჩემი მთავარი საზრუნავი სწორედ ეს გახლავთ. თუ მოსამართლეებმა ნელ-ნელა დაიჯერეს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება ზეწოლის გარეშე შესაძლებელია, ამას ჩემს მთავარ გამარჯვებად ჩავთვლი.

ვინ ლობირებს 26 მაისისა და ბუტა რობაქიძის საქმის მოსამართლეებს?!

მამუკა ახვლედიანმა იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის ბუნდოვან კრიტერიუმებზე საუბრისას მაგალითად რამდენიმე მოსამართლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა დაასახელა. მისი განცხადებით, პროფესიონალიზმისა და სათანადო კვალიფიკაციის გათვალისწინების ნაცვლად, მოსამართლეები ნაცნობობით ინიშნებიან. სწორედ ამიტომ არ გაუგრძელდათ ვადა მოსამართლეებს - ნინო სანდოძესა და დავით ჯუღელს. სასამართლო კორპუსში ამტკიცებენ, რომ დასახელებულთა გარდა, მამუკა ახვლედიანი კიდევ რამდენიმე მოსამართლეს ლობირებს, მათ შორის - ჯემალ კოპალიანს, ირაკლი ადეიშვილს და ლაშა კალანდაძეს.

დავით ჯუღელი ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე იყო. მან ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაია უდანაშაულოდ ცნო.

ნინო სანდოძემ განიხილა 26 მაისს დაკავებულთა საქმეები. ისინი მოგვიანებით პარლამენტმა პოლიტპატიმრებად აღიარა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნინო სანდოძის მეუღლის, შალვა კაკაურიძის საქმიანობა სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა იმის გამო, რომ კონკრეტულ საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას არაგონივრულად აჭიანურებდა.

ჯემალ კოპალიანმა პირველად ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმით "გაითქვა" სახელი. მანვე განიხილა მუხროვანის ე. წ. ამბოხში ბრალდებულთა საქმეებიც. ადვოკატების ცნობით, ჯემალ კოპალიანმა ერთ-ერთ სხდომაზე მოწმეებად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მოწვევა ვერ გაბედა და განაცხადა, - მე მათ ვერ გამოვიძახებ, თუ გინდათ, თქვენ გამოიძახეთო.

ირაკლი ადეიშვილი ის მოსამართლეა, ვინც სტრასბურგის სასამართლოში ამტკიცებდა, სანდრო გირგვლიანი არავის მოუკლავსო. შარშან მას მოსამართლეობის ვადა ამოეწურა, იუსტიციის საბჭომ უფლებამოსილება აღარ განუახლა.

ლაშა კალანდაძე სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ 2005 წელს დაინიშნა და მალევე სისხლის სამართლის საქმე დაეწერა. ეს იყო პაატა როსტომაშვილის, დათო და მიხეილ მაჭარაშვილების საქმე, რომელიც განზრახ მკვლელობის 109-ე მუხლით იყო დაკვალიფიცირებული. ადვოკატების მტკიცებით, როცა საქმეში მტკიცებულება არ არსებობდა, მოსამართლე კალანდაძემ ამ პირებს ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პაატა როსტომაშვილმა გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც საქართველოს მაშინდელ მთავრობას ჰკითხეს: რატომ გაყალბდა მტკიცებულებები პროკურორის მხრიდან და ეს ყველაფერი რატომ არ გამოიკვლიეს საქართველოს სასამართლოებმა? ის სასამართლოში აქტიურად მონაწილეობდა "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეშიც. ლაშა კალანდაძესაც ამოეწურა მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა. მან 2015 წლის აპრილში კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, იუსტიციის საბჭო არც მას ნიშნავს.

"რაც უფრო გამწვავდება მდგომარეობა, შეთქმულებაც მალე გამომჟღავნდება"

ლია მუხაშავრია, იურისტი: - არ გამოვრიცხავ, რომ მამუკა ახვლედიანის უკან სასამართლო კორპუსის რამდენიმე ძველი გავლენიანი ფიგურა იდგეს. ვფიქრობ, ეს ცუდი სულაც არ არის. რაც უფრო გამწვავდება მათ შორის ურთიერთობა, შეთქმულებაც მალე გამომჟღავნდება. იქნებ ეს ორგანო საერთოდ დაიშალოს ან პარლამენტი მიხვდეს, რომ კანონში ცვლილებები გარდაუვალია. ეს პროცესი მართლმსაჯულების სისტემას კატასტროფულ მდგომარეობაში აგდებს. თებერვალში მოსამართლეთა უმრავლესობას უფლებამოსილების ვადა ეწურება და მამუკა ახვლედიანის გააქტიურებაც ამას უკავშირდება.

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი: - სასამართლო სისტემას დაუყოვნებლივ სჭირდება გაჯანსაღება, რასაც ქართული სახელმწიფოს მურუსიძიზაცია აფერხებს. თუ სასამართლო სისტემაში ქაოსი გაგრძელდა, ის აუცილებლად ჩამოიშლება და ამას ქვეყნის მმართველებიც გადაჰყვებიან. რომელ სამართლიანობის აღდგენაზეა ლაპარაკი, როდესაც ძველი მოსამართლეები დასაბრუნებლად ყველაფერს კადრულობენ?

რუსუდან შელია