"მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ" - როგორი იქნება "ქართული ოცნების" საარჩევნო სია? - კვირის პალიტრა

"მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ" - როგორი იქნება "ქართული ოცნების" საარჩევნო სია?

გახდება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე და მოქმედი დეპუტატებიდან ვინ დარჩება საარჩევნო სიიდან თამაშგარე მდგომარეობაში

”კვირის პალიტრასთან” პარტია ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საუბრობს:

- პარტიული ყრილობის ჩატარებას გაზაფხულზე ვგეგმავთ, სადაც ახალი თავმჯდომარის არჩევასთან ერთად, დიდი ალბათობით, საზოგადოებას პოლიტსაბჭოს გადახალისებულ შემადგენლობასაც წარვუდგენთ. პარალელურად პარტიის რეორგანიზაციასა და სტრუქტურულ გაძლიერებაზე ვმუშაობთ. თებერვლის ბოლომდე ყველა რაიონში პარტიის ხელმძღვანელობა გადახალისდება. საზოგადოებას კონკრეტულად გაწერილ სამოქმედო გეგმას წარვუდგენთ, რომლის მიხედვითაც რაიონული ორგანიზაციები იმუშავებენ.

- პარტიის წევრები ღიად საუბრობენ, რომ ”ქართულმა ოცნებამ” გაძლიერება და სტრუქტურულად ჩამოყალიბება ოთხი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა და წინასაარჩევნოდ ამ მასშტაბის რეორგანიზაციის ჩატარება როგორ წარმოგიდგენიათ?

- ვაღიარებთ, რომ პარტია პასიური იყო და ძირითადად, არჩევნების პერიოდში აქტიურობდა. შესაბამისად ბევრი პრობლემაც დაგროვდა, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოები დიდი ხნით ადრე დავიწყეთ, გაზაფხულიდან კი გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ სისრულეში მოვიყვანთ. ჩვენს პარტიას ბრენდირებისა და პიარის ნაკლებობის პრობლემა აქვს. რეალურად კი, საქართველოში მოქმედ კოალიციურ თუ არაკოალიციურ პარტიებზე 10-ჯერ ძლიერი სტრუქტურა გაგვაჩნია. ამ შემთხვევაში ფინანსურ მხარეს არ ვგულისხმობ, ადამიანური რესურსებითა და გამოცდილებით დანარჩენ პარტიებზე წინ ვართ. მიუხედავად ამისა, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით.

- ხარვეზებს ვერ ხედავთ თუნდაც საკადრო გადაწყვეტილებებში?

- არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო კუთხითაც. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მომავალ პარლამენტში დეპუტატების მნიშვნელოვნად გადახალისება წარმოადგენს.

- ანუ, მომავალ საარჩევნო სიაში აღარ იქნებიან სპორტსმენები და მსახიობები?

- ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.

- პარტიის წევრი მსახიობები და სპორტსმენები თქვენს მიდგომებს მშვიდად იზიარებენ? კულუარებში ვრცელდება ხმები, რომ მათი ნაწილი პარტიის ხელმძღვანელობასთან, სიის მიღმა დარჩენის შემთხვევაში, სკანდალური განცხადებებითაც იმუქრება.

- ბუნებრივია, ნებისმიერი გადახალისება მტკივნეული პროცესია, თუმცა თითოეული საკადრო საკითხის გუნდურად განხილვას ვგეგმავთ. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი კონსტრუქციულად ჩაივლის.

- კოალიციაში პარტიებს შორის არსებული უთანხმოების დაბალანსება როგორ წარმოგიდგენიათ? მაგალითად, ”ქართული ოცნების” ზოგიერთი ფინანსისტი წევრიც რესპუბლიკელების მისამართით ნეგატიური განცხადებებით გამოირჩევა.

- სხვადასხვა საკითხზე დისკუსია ხშირად გვაქვს, მაგრამ შეთანხმების მიღწევას ყოველთვის ვახერხებთ. მართლაც, ინდივიდუალური შემთხვევები გვქონდა, როდესაც პარტნიორ პარტიას ჩვენი წევრები, შესაძლოა, გადაჭარბებულადაც აკრიტიკებდნენ, თუმცა ეს პარტიის უმრავლესობისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო. გუნდურად მოქმედება აუცილებელია. ინდივიდუალური მოქმედებები ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს. ამ მხრივ, კარგი პარტნიორები ვიქნებით და იმედია, სხვებიც ანალოგიურად იმოქმედებენ.

- რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის საკითხს, პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილია?

- ამ საკითხზე პოლიტსაბჭოს ჯერ არ უმსჯელია, სხვა ვარიანტებიც არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, როგორც სტატუსიდან, ასევე პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, გიორგი კვირიკაშვილი კარგი თავმჯდომარე იქნება და ის პარტიას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

- საინტერესოა, პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის პარტიიდან წასვლაც რატომ გახდა აუცილებელი?

- ამ საკითხზე თავად ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა და უფლებაც არ მაქვს, იმაზე მეტი ვთქვა, ვიდრე მან გაახმოვანა. თანაც დეტალების დაკონკრეტება გააუფერულებდა იმ მოვლენას, რაც ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. დღეს ქვეყანა ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული არ გახლავთ, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო. პოლიტიკური ლიდერები იცვლებიან, მაგრამ ეს სახელმწიფოებრივ რყევას არ იწვევს.

- ითქვა, რომ შესაძლოა, ის კოალიციის სიის პირველ ნომრადაც მოგვევლინოს. საარჩევნო სიებზე უკვე ჩამოყალიბდით?

- წინასწარი სიები უკვე შემუშავებული გვაქვს და კონკრეტულ პირებთანაც კონსულტაციებს ვაწარმოებთ, თუმცა დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ.

- წინასაარჩევნოდ პარტიაში ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებაც დაანონსდა. ყოფილი პრემიერის პარტიის ლიდერად დაბრუნება მოსალოდნელია?

- პარტიაში სხვადასხვა საკითხზე მასთან კონსულტაციები მართლაც გვაქვს და იმედია, წინასაარჩევნოდ მისი ჩართულობა კიდევ უფრო აქტიური გახდება. ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა ”ქართულ ოცნებას” მნიშვნელოვნად გააძლიერებს და ეს საარჩევნო შედეგზეც აისახება.

- ისე, 2016 წელს ამომრჩეველს მხოლოდ ”ქართულ ოცნებასა” და ”ნაციონალურ მოძრაობას” შორის არჩევანის გაკეთება არ მოუწევს, ასპარეზზე ახალი ძალები ჩნდებიან და თანაც იმ ფონზე, როდესაც ამომრჩეველთა დიდი ნაწილი სასურველ პოლიტიკურ ძალაზე ჯერ ვერ ჩამოყალიბებულა.

- თუ ”ენ დი აი”-ს კვლევებს გულისხმობთ, ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და არჩევნების შედეგები 2012 წლამდეც და მის შემდეგაც ყოველთვის თვისებრივად არის აცდენილი. არც ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლის მაჩვენებელია 60%. დიახ, იმის გამო, რომ პარტიას ჩამოყალიბებული სტრუქტურა არ ჰქონდა, მოსახლეობასა და ”ქართულ ოცნებას” შორის კავშირი შესუსტდა, მაგრამ გვაქვს რესურსი, ვითარება გამოვასწოროთ. მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ჩავერთვებით პრობლემების გადაჭრაში.

რუსუდან შელია