ნოდარ ჯავახიშვილი: "პრეტენზიები ჩემს სამსახურთან მაქვს" - კვირის პალიტრა

ნოდარ ჯავახიშვილი: "პრეტენზიები ჩემს სამსახურთან მაქვს"

"რისი გაკეთებაც ჩემი ჩარევის გარეშე იყო შესაძლებელი, ბოლომდე არ კეთდებოდა. ეს ინსტიტუციონალური პრობლემაა, რომელიც ჩემი მოსაგვარებელია"

შესაძლებელი იყო თუ არა გზებზე დიდთოვლობის გამო შექმნილი შეფერხების თავიდან აცილება და რა ტიპის სანქციები გატარდება გზების მოვლაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორების მიმართ, "კვირის პალიტრასთან" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საუბრობს:

- რატომ შეფერხდა გზების გაწმენდის პროცესი - კრიზისი ხელოვნურად შეიქმნა თუ საამისოდ ობიექტური მიზეზებიც არსებობდა?

- ვითარების კონკრეტული შეფასება მიჭირს, თუმცა ობიექტური მიზეზებიც მრავლადაა. ინტენსიური და ძლიერი თოვა ახალი წლის დღეებში, 31 დეკემბერსა და 1-2 იანვარს დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, დღესასწაულზე არავის უნდა გარეთ იდგეს და რამე აკეთოს. ბუნებრივია, ეს არც ჩვენ სამსახურებს და არც კონტრაქტორებს არ ამართლებთ, თუმცა ობიექტურად რთული ვითარება შეიქმნა. თანაც თოვლის გაწმენდა ადვილია, თუმცა მისი გზაზე მიყინვის შემდეგ, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება რთულდება. გარკვეულ მონაკვეთზე, ტერიტორიის მოვლა-შენახვის უფლებები ისეთ ორგანიზაციებს აქვთ მოპოვებული, რომლებსაც საკმარისი ტექნიკა არ გააჩნიათ. იყო შემთხვევებიც, როცა კომპანიის ბალანსზე მწყობრიდან გამოსული ტექნიკა იყო ან სამუშაოების დაწყებიდან მალევე გაფუჭდა.

- პასუხისმგებლობას ვის აკისრებთ, კონტრაქტორს თუ გზების დეპარტამენტს, რომელსაც მსგავს ვითარებაზე ზედამხედველობა ევალება?

- პრეტენზიები ჩემს სამსახურთან მაქვს. თუ კონტრაქტორი დაკისრებულ ფუნქციას ვერ ასრულებს და საზოგადოებას პრობლემები ექმნება, მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთად უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, როდესაც 30-კილომეტრიან გზაზე ერთი გრეიდერი მუშაობს, მინიმუმ, საქმის კურსში უნდა ჩამაყენო, რომ გამოსავალი მოვძებნო.

ქუთაისის შემოვლით გზაზე შეფერხებების შექმნის შემდეგ ტექნიკა ვითხოვე და მდგომარეობის დასტაბილურება შევძელით. დამამშვიდებელი ინფორმაცია მომდიოდა - პრობლემები გვაქვს, მაგრამ ვუმკლავდებითო. გვქონდა მონაკვეთები, სადაც გზების გაწმენდა მოხერხდა. ფოთის მხარეს ნაკლები ყინვა იყო, ზუგდიდიც გაიწმინდა, მაგრამ ზესტაფონიდან დაწყებული ქუთაისის შემოვლითი გზის შუა ნაწილში გზა მოყინული იყო და არავინ წმენდდა. პრობლემა შეგვექმნა სამტრედიიდან საჯავახოსკენ არსებულ გზაგამყოფზეც. მოყინვის გამო, ტრაილერიც გადაბრუნდა, რომლის გზიდან მოცილებაც დროულად ვერ მოხერხდა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ წინა დღეებში ქუთაისის შემოვლით გზაზე ძლიერი ქარბუქი იყო, რაც გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას ართულებდა. 5 იანვარს ქარბუქი აღარ იყო, მაგრამ ერთ მონაკვეთზე საცობი მაინც შეიქმნა და სერიოზული სამუშაოების ჩატარებამ მოგვიწია, რომ გზა გაწმენდილიყო და მანქანები ადგილიდან გაგვეყვანა. გაუწმენდავი იყო ხობის გზის მნიშვნელოვანი ნაწილიც, სადაც ტექნიკა ფოთიდან მივახმარეთ. ის, რისი გაკეთებაც ჩემი ჩარევის გარეშე იყო შესაძლებელი, ბოლომდე არ კეთდებოდა. ეს ინსტიტუციონალური პრობლემაა, რომელიც პირადად ჩემი მოსაგვარებელია.

- კონკრეტული პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება? ალბათ, კონტრაქტორებსაც საჯარიმო სანქციები დაუწესდებათ.

- ყველა ხარვეზს ვსწავლობთ. საჯარიმო იქნება თუ ადმინისტრაციული სანქცია, გამართლებული უნდა იყოს. გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მივიღებთ, ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ. რაც შეეხება გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს, ამ მიმართულებითაც დეტალებს ვსწავლობთ, რა სახის სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება მათ მიმართ, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. მეტი ორგანიზებულობა და დისციპლინაა საჭირო, თუმცა პრობლემას 100%-ით არც ეს მოაგვარებს.

თოვლი, ქარბუქი და ზოგადად, სტიქია წამყვანი ქვეყნებისთვისაც დაუძლეველია და სრულყოფილ მუშაობას ნურავინ მოითხოვს. უბრალოდ, პრეტენზიები მაქვს იქ, სადაც შესაძლებლობა იყო, მაგრამ საქმე არ გაკეთდა.

- დღეს კონტრაქტორები რამდენად ორგანიზებულად მუშაობენ?

- ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რაც გასაკეთებელი იყო, გაკეთდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ვინმე მოინდომებს თუ არა, ყველა ადამიანი სრული პასუხისმგებლობით მუშაობას ვერ დაიწყებს. ეს უნდა იყოს მიზანი, არ არის მიღწევადი, მაგრამ უნდა გქონდეს მიზნად. მართალი და ობიექტური ვიქნები, რომ გითხრათ, არც ერთი კონტრაქტორი ან ჩემი თანამშრომელი არაფერს დააშავებს-მეთქი?!

რუსუდან შელია