"კაცი იხდის სასჯელს, გაკეთებული აქვს ათასი საზიზღრობა და ახლა ორდენს აძლევენ?" - კვირის პალიტრა

"კაცი იხდის სასჯელს, გაკეთებული აქვს ათასი საზიზღრობა და ახლა ორდენს აძლევენ?"

გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია უკრაინაში არც მეტი, არც ნაკლები, "სულიერების აღორძინებაში შეტანილი წვლილისთვის" წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. მართლაც რას აღარ გაიგებ ადამიანი, საქართველოში უმძიმეს დანაშაულებში ეჭვმიტანილ და ბრალდებულ ადამიანს, მაინც რა ასეთი წვლილი უნდა შეეტანა უკრაინის სულიერებაში?!

ინფორმაცია ამის შესახებ ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა "ფეისბუკში" გაავრცელა.

"უკრაინის პატრიარქის ფილარეტის მიერ ბაჩო ახალაიას დაჯილდოება უმაღლესი საეკლესიო ორდენით" - დაწერა ანი ნადარეიშვილმა და პოსტს ფოტოებიც დაურთო.

ამ საკითხზე საზოგადოების წარმომადგენლების აზრი მოვისმინეთ:

გიორგი შენგელაია, კინორეჟისორი:

"მე ერთმნიშვნელოვნად ვუყურებ სააკაშვილის ბანდას. რა ორდენი, რის ორდენი? პოროშენკო გაგიჟდა საერთოდ? ჯერ სააკაშვილი რომ აიყვანა თავის მთავრობაში, ახლა კიდევ ეს ამბავი. ჩემი აზრით, ეს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ გადადგმული ძალიან არაკორექტული და არადიპლომატიური ნაბიჯია. კაცი იხდის სასჯელს, გაკეთებული აქვს ათასი საზიზღრობა და ახლა ორდენს აძლევენ? არაფერი მესმის."

გია ბუღაძე, მხატვარი:

"პირველად მესმის თქვენ რასაც მეუბნებით, წარმოდგენა არ მაქვს ამ საკითხზე. უცხო ქვეყნის პატრიარქს დავაბრალო, რომ რამე ეშლება ან პირიქით, ძალინ შევაქო, ეს ჩემი მხრიდან არასწორი იქნება."

მასალა მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა