"იმ პირობებზე დათანხმება, რასაც "გაზპრომი" გვთავაზობს, კატეგორიულად მიუღებელია" - "გაზპრომის" გაზი - "განხეთქილების ვაშლი" კოალიციაში?! - კვირის პალიტრა

"იმ პირობებზე დათანხმება, რასაც "გაზპრომი" გვთავაზობს, კატეგორიულად მიუღებელია" - "გაზპრომის" გაზი - "განხეთქილების ვაშლი" კოალიციაში?!

"არც ნათელმხილველები ვართ და არც უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა!"

"რესპუბლიკელებსა" და პარტია "ქართულ ოცნებას" შორის საარჩევნო კვოტებზე დავა ჯერ დასრულებულიც არ იყო, რომ თამარ კორძაიამ "გაზპრომთან" დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრს კონკრეტული კითხვებით მიმართა. გათვლილია თუ არა პოლიტიკური რისკები, რომელიც შეიძლება მოყვეს "გაზპრომთან" ურთიერთობას? - თამარ კორძაიას ამ განცხადების შემდეგ, საზოგადოების ნაწილში ლოგიკურად გაჩნდა კითხვა, გახდება თუ არა "გაზპრომის" საკითხი კოალიციაში პოლიტიკური ვაჭრობის თემა და კვოტებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, "რესპუბლიკელები" "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებებს ხომ არ გაიმეორებენ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების საფრთხესთან დაკავშირებით. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" თამარ კორძაია საუბრობს:

- "გაზპრომის" ირგვლივ კითხვებს პოლიტიკური ვაჭრობის გამო არ ვსვამთ. საარჩევნო კვოტებზე საუბარიც კი არ იყო, როდესაც 2015 წლის ნოემბერში ენერგეტიკის სამინისტროში კონკრეტული კითხვები გადავაგზავნეთ. ეს მოქალაქეებმა შეაფასონ, ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, გავახმაუროთ, რომ ენერგეტიკის სამინისტროდან 30 ნოემბერს მიღებული პასუხები გუშინდელ განცხადებებს არ ემთხვევა. რამდენიმე თვის წინ გვითხრეს, რომ "გაზპრომისგან" დამატებითი გაზის მიღება არ იგეგმებოდა, არასამთავრობოებთან შეხვედრაზე კი ითქვა, რომ საქართველო რუსეთისგან გაზის დამატებით მოცულობას მიიღებს.

- რატომ შეიცვალა პოზიცია ან რატომ არ იყო ამის შესახებ თქვენ, როგორც კოალიციის სრულულფებიანი წევრი ინფორმირებული?

- ჩვენი კითხვებიც სწორედ აქედან გამომდინარეობს - რა შეიცვალა ორი თვის განმავლობაში? ყველა აღიარებს, რომ "გაზპრომი" მძლავრი პოლიტიკური იარაღია, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს რისკები მაქსიმალურად უნდა გათვალოს. თანაც "სოკარის" წარმომადგენლის განცხადებით, შესაძლებელია აზერბაიჯანიდან დამატებითი მოცულობის მიღება, ენერგეტიკის მინისტრი კი ამტკიცებს, არსებული მილები დამატებითი მოცულობის გაზს ვერ გაატარებსო.

- თავად არ გაქვთ პასუხი, იკვეთება თუ არა "გაზპრომის" საკითხის განხილვისას პოლიტიკური ინტერესები?

- ნაარც თელმხილველები ვართ და არც უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა, რომ ვისაუბროთ, რა პროცესები მიდის ამ ყველაფრის უკან. პირიქით, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობთ და მათგან გულწრფელი პასუხების მიღებას ველოდებით.

- თუ თქვენთვის სასურველ, გულწრფელ პასუხებს ვერ მიიღებთ, "გაზპრომის" საკითხი თქვენსა და კოალიციას შორის წყალგამყოფი თემა გახდება?

- ჩვენი სურვილია ურთიერთობა კოალიციურ ფორმატში გავაგრძელოთ, ეს მოგვცემს შესაძლებლობას გარკვეულ წარმატებებს მივაღწიოთ.

- ფაქტია, რომ "ქართული ოცნების" წევრები ღიად დაგიპირისპირდნენ და ზოგი დაბალი რეიტინგის გამო გაერთიანების დატოვებისკენაც მიგითითებთ.

- წინასწარ ვერ განვჭვრეტ, მოვლენები რა სცენარით განვითარდება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის რეალობიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ნებისმიერ დემოკრტიულ ქვეყანაში, მნიშვნელოვან განხცხადებებს პარტიის ლიდერები აკეთებენ და არა რიგითი წევრები.

"რესპუბლიკელი" თამარ კორძაიასგან განსხვავებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის სამინისტრო სწორ გადაწყვეტილებებს იღებს:

- გაუგებარია, რატომ დადგა დღის წესრიგში "გაზპრომის" საკითხის განხილვის აუცილებლობა, როდესაც გუშინდელ განხილვაზე, რომელსაც "რესპუბლიკელების" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ენერგეტიკის მინისტრმა ყველა დეტალზე ამომწურავად ისაუბრა. რა იწვევს დამატებით კითხვებს, იქნებ თავად უფრო გასაგებად ილაპარაკონ. არა მგონია, ამ ფორმით ვინმემ სარგებელი მიიღოს, თუნდაც მათ ვინც ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ კამპანია უფრო ადრე დაიწყეს.

- ფიქრობთ, რომ "გაზპრომის" საკითხის წამოწევით "რესპუბლიკელები" სარგებლის მიღებას ცდილობენ?

- არ მინდა ეს პროცესი ასე დავინახო. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი - ენერგეტიკის სამინისტრო სწორ პოზიციაზე დგას.

აი, რას წერს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი "ფეისბუკპოსტში":

"ამ მოცემულობაში "გაზპრომთან" წამოწყებული მოლაპარაკებები, ისევე როგორც ირანის საიმპორტო შესაძლებლობებით დაინტერესების გამოვლენა წმინდა კომერციული ურთიერთობების თვალსაზრისით გასაგებია, მაგრამ როგორც თავიდანვე ვთქვით, ეს არ არის მხოლოდ კომერცია. ეს, უპირველეს ყოვლისა, არის პოლიტიკური საკითხი. ამდენად, მოლაპარაკებები მოლაპარაკებებად, მაგრამ იმ პირობებზე დათანხმება რასაც "გაზპრომი" გვთავაზობს და რაც პრაქტიკულად საქართველოში შემოძრომის მცდელობაა, კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, არც იქნება მიღებული". (წყარო)

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)