"ჯამარაული გამგებლობის კანდიდატად კალაძის რეკომენდაციით დასახელდა" - ფეხბურთელები "ოცნებას" უტევენ - კვირის პალიტრა

"ჯამარაული გამგებლობის კანდიდატად კალაძის რეკომენდაციით დასახელდა" - ფეხბურთელები "ოცნებას" უტევენ

"ვიღაცები მეუბნებოდნენ, კახა კალაძეს თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, გამგებლის კანდიდატად თავისი მეგობარი დაესახელებინა და შენთან მხოლოდ ფორმალური მოლაპარაკებები მიმდინარეობდაო"

"გარდაბნის რაიონის სპეფიციკურობის გამო, კალაძის ასეთი თამაში დაუშვებელია, ამ მძიმე შეცდომის შედეგს კი კოალიცია მალე იგემებს"

28 იანვარს "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს კიდევ ერთ არჩევნებში დაუპირისპირდებიან - გარდაბნის გამგებლის, გარსევან ნიორაძის გარდაცვალების შემდეგ ვაკანტური პოსტისთვის მმართველი გუნდიდან - გოჩა ჯამარაული, ოპოზიციიდან კი ბესიკ კახაბრიშვილი იბრძვიან.

წინასაარჩევნო პროცესში რამდენიმე ინციდენტი უკვე დაფიქსირდა. დავით კირკიტაძის ძმის დაკავების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა განცხადებებმა მხარეები მოსალოდნელ პროვოკაციებზე დააფიქრა. პოლიტიკურ დაპირისპირებას ისიც ემატება, რომ გარდაბნის რაიონში აქტუალურია ვაჰაბიზმის პრობლემა და მმართველ გუნდსა და მის კანდიდატს გარდაბანში ძალების სრული მობილიზება მოუწევთ. შეძლებს თუ არა ფეხბურთელი ჯამარაული მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილებას და მისაღებია თუ არა მისი კანდიდატურა რაიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის?

"კვირის პალიტრას" ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრება:

- თავდაპირველად "ქართული ოცნება" გარდაბნის გამგებლის არჩევნებში ჩემს კანდიდატურას განიხილავდა. ამ საკითხზე პარტიის ხელმძღვანელობასაც შევხვდი და მათ ჩემი პირობა გავაცანი - ამ ეტაპზე - გამგებლად, საპარლამენტო არჩევნებში კი მაჟორიტარად უნდა მეყარა კენჭი. საბოლოოდ არჩევანი ფეხბურთელ გოჩა ჯამარაულზე შეჩერდა, რომელიც კახა კალაძის მეგობარია. მოკლედ, ფეხბურთელები "ოცნებას" უტევენ. ჯამარაული 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში გავიცანი. მაშინ რაიონში მეხმარებოდა კიდეც. სხვათა შორის, ვიღაცები მეუბნებოდნენ, კახა კალაძეს თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, გამგებლის კანდიდატად თავისი მეგობარი დაესახელებინა და შენთან მხოლოდ ფორმალური მოლაპარაკებები მიმდინარეობდაო.

- გოჩა ჯამარაული კარგად იცნობს გარდაბნის პრობლემებს? ან მისი კანდიდატურა ეთნიკური უმცირესობებისთვის მისაღებია?

- გოჩა გარდაბანში დაიბადა. სკოლაში სწავლობდა, როცა ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ასე რომ, გარდაბანთან მას მხოლოდ ვიწრო სანათესავო წრე აკავშირებს. გარდაბნის რაიონი ტექნიკურად რთული სამართავია - გარდა იმისა, რომ მუნიციპალიტეტში 20 წლის წინ შექმნილი კლანები ბატონობენ, ეთნიკურ უმცირესობებთანაც სპეფიციკური მიდგომაა საჭირო. დღეს გარდაბნის მაჟორიტარ ფეიქრიშვილის კლანისთვის გარდაბანი "მეწველი ძროხაა", მანამდე კი აქ ლევან მამალაძე ბატონობდა. გარდაბანი აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა, სადაც მოქმედი პირები არ იცვლებიან და ყოველ არჩევნებზე ახალ ხელისუფლებას ერგებიან. არაერთხელ მსმენია რაიონში მოქმედ კონტრაბანდულ ქსელზეც...

არა მგონია, ჯამარაულმა კლანებთან დაპირისპირება შეძლოს. ნიორაძის ჯანმრთელობაც სწორედ გარდაბნის მაფიასთან ბრძოლამ შეიწირა. ჯამარაული შესაძლოა, კარგი სპორტსმენია, მაგრამ გარდაბანი სულ სხვაგვარი ბრძოლის ველია. ითანამშრომლებს თუ არა ჯამარაული კლანებთან, მალე გამოჩნდება.

მანამდე კი, 28 იანვარს, უშეღავათო ბრძოლა გაიმართება.

გარდაბნის რაიონში გამგებლის პოსტზე ფეხბურთელ გოჩა ჯამარაულის კანდიდატურის დასახელებას "ქართული ოცნების" შეცდომად მიიჩნევს ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- გოჩა ჯამარაული გამგებლობის კანდიდატად კახა კალაძის რეკომენდაციით დასახელდა, რაც "ქართული ოცნების" გამოცხადებულ კურსს რადიკალურად ეწინააღმდეგება.

პარტიის ხელმძღვანელობა გვიმტკიცებს, რომ არჩევნებში აქცენტს კვალიფიციურ და პროფესიონალ ადამიანებზე გააკეთებს, თუმცა, პრაქტიკულად გამოუცდელი პირების ამოტივტივებას ცდილობს. აშკარაა, რომ საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებისას კალაძე საკუთარი გავლენის გამოყენებას ცდილობს. ამის დასტურად ფეხბურთის ფედერაციაში განვითარებული უცნაური მოვლენებიც გამოდგება. გარდაბნის რაიონის სპეციფიკურობის გამო, კალაძის ასეთი თამაში დაუშვებელია, ამ მძიმე შეცდომის შედეგს კი კოალიცია მალე იგემებს.

რუსუდან შელია