კვოტების "ომი" იწყება?! - ვის რა ამბიცია აქვს 2016 წლის არჩევნებისთვის - კვირის პალიტრა

კვოტების "ომი" იწყება?! - ვის რა ამბიცია აქვს 2016 წლის არჩევნებისთვის

"რესპუბლიკური პარტია" გამოცდილი პოლიტიკური სუბიექტია და საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც მეორე პოლიტიკური ძალაა. კონკრეტული პირები ვერც მარჯვნიდან და ვერც მარცხნიდან შემოტევით პროვოკაციებზე ჩვენს წამოკიდებას ვერასოდეს ახერხებენ"

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კოალიციაში საარჩევნო სიის კვოტების გადანაწილებაზე საუბარი გააქტიურდა. მართალია, გაერთიანებაში შემავალი პარტიული სუბიექტების ლიდერები დაპირისპირებას უარყოფენ, მაგრამ კოალიციის ზოგიერთი წევრის განცხადებები მიანიშნებს, რომ სიებზე შეთანხმება "ქართული ოცნებისთვის" იოლი არ იქნება. მეტიც - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა დიდი ამბიციების მქონე დაბალრეიტინგიან კოლეგებს კოალიციის დატოვებისა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისკენ მოუწოდა.

"კოალიციაში კვოტები თანაბრად ვერ გადანაწილდება"

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი კოალიციაში დაპირისპირებას გამორიცხავს, თუმცა, დასძენს, რომ წინასაარჩევნოდ კვოტები თანაბრად ვერ განაწილდება.

- სისულელეა კოალიციაში დაპირისპირებაზე საუბარი. თამაზ მეჭიაურს კონკრეტული პარტიები არ დაუსახელებია და მხოლოდ ის განაცხადა, კოალიცია საარჩევნო შემადგენლობას იმ პერიოდისთვის პარტიების რეიტინგის მიხედვით გადაწყვეტსო.

- ვინ უნდა შეაფასოს პარტიების პოლიტიკური რეიტინგი არჩევნებამდე და ნიშნავს თუ არა თქვენი განცხადება, რომ პარტიებს კვოტები თანაბრად არ გაუნაწილდება?

- პარტიული რეიტინგით უნდა განისაზღვროს თითოეული ადამიანის რაოდენობა. კვოტები თანაბრად ვერ განაწილდება, ასე არც წინა არჩევნებზე მომხდარა.

ვინ რა რაოდენობით იქნება წარმოდგენილი, შეთანხმების საფუძველზე გადაწყდება.

"პროვოკაციებზე ვერ წამოგვიკიდებენ"

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, პარტია ამ ეტაპზე კოალიციის რიგითი წევრების განცხადებებს მნიშვნელობას არ ანიჭებს:

- კოალიციაში საარჩევნო სიებზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა და ამიტომ კოლეგებთან ჯერჯერობით არც დაძაბული ურთიერთობა გვაქვს და არც - დამტკბარი. უნდა გაირკვეს სხვადასხვა პარტიის წილი, ვინ სად იქნება კანდიდატი... თუმცა, ამ საკითხებზე მმართველ ორგანოში, პოლიტსაბჭოში ვიმსჯელებთ.

- პარტია "ქართული ოცნების" წევრი დაუფარავად აცხადებს, რომ დაბალრეიტინგულ პოლიტიკურ ძალებს დიდი ამბიციების შემთხვევაში პარტიის დატოვება მოუწევთ. ამ ჩამონათვალში "რესპუბლიკელებიც" იგულისხმებიან?

- ვინც პოლიტსაბჭოს წევრი არ გახლავთ, მისი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. "რესპუბლიკელები" მშვიდად ვართ და ასეთ განცხადებებს კორექტულად ვპასუხობთ.

კოალიციაში ურთიერთობის ფორმებზე უფლებამოსილი პირების კვალიფიციურ მსჯელობას ველოდებით.

"რესპუბლიკური პარტია" გამოცდილი პოლიტიკური სუბიექტია და საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც მეორე პოლიტიკური ძალაა. კონკრეტული პირები ვერც მარჯვნიდან და ვერც მარცხნიდან შემოტევით პროვოკაციებზე ჩვენს წამოკიდებას ვერასოდეს ახერხებენ. ბუნებრივია, პარტიის შიგნით სიებზე მუშაობა უკვე დავიწყეთ.

"გამორიცხული არაფერია, არც - კოალიციის დაშლა"

საარჩევნო სიებზე დაწყებული აჟიოტაჟის შემდეგ სამწლიან დუმილს "ეროვნული ფორუმიც" არღვევს. პირველი კრიტიკული განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო ვახტანგიშვილმა "გაზპრომთან" დაკავშირებით გააკეთა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ლადო პაპავას არგუმენტებს დაეთანხმა და დასძინა, რომ წინასაარჩევნოდ კოალიცია ახალ მიზნებზე უნდა შეთანხმდეს:

- "გაზპრომთან" დაკავშირებით ლადო პაპავას არგუმენტები ჩემთვის მისაღებია. ვფიქრობ, სტრატეგიული გაზსადენის გასხვისებაზე ლაპარაკი სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული იქნება.

- "ეროვნული ფორუმის" წევრები სამი წელია, პოლიტიკურ პროცესებს არ ეხმაურებით. გააქტიურება საარჩევნო სიებზე დაწყებულ აჟიოტაჟს ხომ არ უკავშირდება?

- ნუ ვიჩქარებთ. კოალიციაში ამ საკითხზე საუბარი აუცილებლად მოგვიწევს. თავის დროზე კოალიცია "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გაერთიანდა, მიზანი მათი დამარცხება იყო, რასაც მივაღწიეთ კიდეც.

- მიანიშნებთ, რომ ამ ეტაპზე კოალიციასთან გაერთიანების მიზეზი არ არსებობს და ის უნდა დაიშალოს?

- უნდა გავარკვიოთ, საით მივდივართ და რა გვინდა. გამორიცხული არაფერია, არც - კოალიციის დაშლა, მაგრამ ჯერ ვერც ვერაფერს დავადასტურებ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რაზე შევთანხმდებით.

- კვოტების თანაბრად განაწილებას ითხოვთ?

- არა მგონია, ეს გამართლებული იყოს. თუმცა, კოალიციაში ყოფნა მხოლოდ იმისთვის, რომ 6-7 დეპუტატი გავიყვანოთ, არასწორია.

"ნაადრევად ახმაურდნენ და ვურჩევ, დაწყნარდნენ"

კვოტების განაწილებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს პარტია "კონსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა გუჯაბიძე:

- საარჩევნო კვოტებსა თუ სიებზე შეთანხმებაში არ ვმონაწილეობ და არც მაინტერესებს.

- კოალიციის წევრს რატომ არ აინტერესებს ეს საკითხი?

- ვიღაცებს არ ვგავარ, პარლამენტში შესვლისთვის თავს რომ იკლავენ. ვინც კვოტებსა და კოალიციის შეუთანხმებლობაზე საუბარი დაიწყეს, ნაადრევად ახმაურდნენ და ვურჩევ, დაწყნარდნენ. მე თუ მეტყვიან, რომ საჭირო ვარ, მადლობას გადავუხდი, მაგრამ გინდა თუ არა, სიაში შემიყვანეთ-მეთქი, არ მოვითხოვ.

- რომელი პოლიტიკური ძალა საუბრობს კვოტებზე ნაჩქარევად?

- კონკრეტულად ვერ გეტყვით. ზოგადად ვამბობ. "კონსერვატორებს" მსგავსი პრეტენზიები არასოდეს გვქონია.

"სიებზე საუბარი ნაადრევია"

ზურაბ ტყემალაძე, "მრეწველების" ლიდერი:

- კოალიციის საარჩევნო სიაზე საუბარი ნაადრევია. ეს მხოლოდ რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. ამ საკითხზე პარტიაში უკვე ვმუშაობთ. ჩვენ ჩვენსას შევეცდებით, ეს იოლი პროცესი არ იქნება.

რუსუდან შელია