"შეუძლებელია, ჯოკია ბოდოკიას ინფორმაცია სერიოზულად აღიქვა"
18-01-2016
"შეუძლებელია, ჯოკია ბოდოკიას ინფორმაცია სერიოზულად აღიქვა"
"ბოდოკიას სისულელეების ლაპარაკს ურჩევნია, იმაზე აგოს პასუხი, რაც თვითონ ჩაიდინა"

ქრთამის აღებაში ბრალდებული თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ჯოკია ბოდოკიას მტკიცებით, პროკურატურა მას ყოფილი ვიცე-მერის, ალექსანდრე მარგიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდა. სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში ბოდოკია მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესა და მის მოადგილე გიორგი გოგაძესაც ასახელებს და მარგიშვილის წინააღმდეგ ინფორმაციის სანაცვლოდ მისთვის შეთავაზებულ საპროცესო გარიგებაზეც საუბრობს: "დავით ნარმანიასა და ალექსანდრე მარგიშვილის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილი მას შემდეგ განეწყო, რაც "პანორამა თბილისს" მერიაშიც პრობლემები
შეექმნა. დაიწყო ჩემი ხელმძღვანელის, გეგი ნიჟარაძის დაბარება კვირაში 3-4-ჯერ ე.წ. მოდულის შენობაში. ამ საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებდა საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატი მალხაზ მჭედლიშვილი, რომელიც იმჟამინდელი სუს-ის ხელმძღვანელის, მირიან მჭედლიშვილის ძმაა".

ჯოკია ბოდოკიას მიერ დასახელებული პირები ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.

გეგი ნიჟარაძე, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის
ყოფილი უფროსი:

- ბოდოკიას ამ სისულელეების­ ლაპარაკს ურჩევნია, იმაზე აგოს პასუხი, რაც თვითონ ჩაიდინა. "მოდულის" შენობაში საქმე თუ მექნებოდა, ჯოკიას წაყვანა რაში მჭირდებოდა, ჩემი მანქანით მივი­დოდი. "პანორამა თბილისი" მე-5 კატეგორიის მშენებლობაა, რომლის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს უნდა გაეცა. მერიას თავისი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ რა შუაშია ამ საქმეში ალექსანდრე მარგიშვილი?!

ალექსანდრე მარგიშვილი:
- 2014 წლის აგვისტოდან თბილისის ვიცე-მერი გახლდით და მას შემდეგ არქიტექტურულ საკითხებს, ქალაქგეგმარებას აღარ ვკურირებდი, ამიტომ "პანორამა თბილისთან" საერთო არაფერი მქონია. სამწუხაროდ, მსჯავრდადებულის დამცველებმა არასწორი სტრატეგია აირჩიეს.

ჯოკია ბოდოკიას ინფორმაციას თბილისის მერი დავით ნარმანიაც ემიჯნება და ყოფილ თანაგუნდელს სხვისი სათქმელის გახმაურებაში ადანაშაულებს.
ბოდოკიას ზურგს უკან ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით კონკრეტული პოლიტიკური ძალების ყოფნას არ გამორიცხავს ექსპერტი არჩილ გამზარდიაც:
- შეუძლებელია, ჯოკია ბოდოკიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სერიოზულად აღიქვა.
რატომ მისცა მან ეს ჩვენება დაკავებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ და არა დაკავებისთანავე, როდესაც შეიძლებოდა ინფორმაცია საზოგადოებისთვის უფრო საინტერესო ყოფილიყო და სასამართლოსაც შესაბამისი რეაგირება მოეხდინა? ვფიქრობ, ეს კონკრეტული ჩანაფიქრის ნაწილია, რომელიც კერძო პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება.

- რომელი პოლიტიკური ძალის სტრატეგიის ნაწილია ჯოკია ბოდოკია?
- ხელისუფლების დისკრედიტაცია დღეს არაერთ პოლიტიკურ ძალას სურს. წინასაარჩევნოდ საზოგადოების აზრის ფორმირება უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და არ გამოვრიცხავ, კიდევ არაერთი ულოგიკო ინფორმაცია მოვისმინოთ. რაც მთავარია, ბოდოკიას ნათქვამი თარიღებითაც არ ემთხვევა რეალობას. აშკარაა, რომ ის ვიღაცებთან გარიგებით თავის გადარჩენას ცდილობს. 11 წელი ციხეში ყოფნა ყოფილი მაღალჩინოსნისთვის დიდი სასჯელია, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, ბოდოკიას განცხადებებზე სამართალდამცავების შესაბამისი რეაგირებაც აუცილებელია. თუ ოფიციალურადაც დადასტურდა, რომ ბოდოკია ტყუის, საზოგადოებამ ისიც უნდა იცოდეს, ვის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს ქრთამის აღებისთვის ბრალდადებული ყოფილი მაღალჩინოსანი.

რუსუდან შელია
daviti
27 იანვარი 2016 13:18
ნარკომანი, თუ წამლით მოვაჭრე თანამდებობაზე როგორ უნდა დანიშნო და ფული როგორ უნდა ჩააბარო? ნარკომანს ცხოვრებაში ერთადერთი ინტერესი აქვს წამალი და შესაბამისად ფული, რომლითაც ის ამას იყიდის. ასეთ ადამიანებს მორალი და მოვალეობა არ აწუხებს, მოკლედ ყველაფრის გამკეთებლები არიან თავისი მიზნის მისაღწევად. ეს მე რომ ვიცი მთავრობაში არ უნდა იცოდნენ? ეს ბოდოკია კიდე სხვა სიკეთესთან ერთად შტერია, ხან იძახის 50 ათასი ლარი ჩემოდნით მოტანილი ხელფასი მეგონაო, მერე კიდე ათას სიშტერეს ამბობს.
დავითი
20 იანვარი 2016 17:20
ნუთუ ვერ შენიშნეთ, რომ ეს პიროვნება სხვის დაწერილ ტექსტს კითხულობდა?
gia
19 იანვარი 2016 13:14
სანამ ჯოკია ბოდოკია საჯაროდ არ აღიარებს ,რახმანინოვის და ჩაიკოვსკის რომელ კონცერტებს ასრულებდა თავის ბინაში,გამოძიების მიერ ჩხრეკის დროს ნაპოვნ დიდ,საკონცერტო როიალზე,მინამდე მე მის ვერც ერთ სიტყვას ვერ ვენდობი!

რედაქტორის რჩევით